ვაშლევის საჯარო სკოლა ჭაჭარაქის სომხურენოვან საჯარო სკოლასთან მეგობრობს. სომხური სოფელი ჭაჭარაქი ახალციხიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ჭაჭარაქელმა მეგობრებმა ვაშლევის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები 12 ოქტომბერს, ვარძიაში, „შოთაობაზე“ მიიწვიეს.
-უფლის ნებით დავმეგობრდით, – გვიამბობს ჭაჭარაქის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ოქრომელიძე, – 2011 წლის შემოდგომის ერთ კვირა დღეს, ოქტომბერში, ჩემს ეზოში, კარგად შეფუთნული, ვადუღებდი ჭანჭურის ჯემს. ჭიშკართან გაჩერდა მიკროავტობუსი, საიდან გადმოვიდა ქალბატონი ქეთინო ლურსმანაშვილი. თქვენ ჭაჭარაქის სკოლის დირექტორი ხართო? – მკითხა, – დირექტორს ვგავდი ზუსტად, რაღა უნდა მეთქვა… – გვინდა, რომ თქვენს სკოლას დავუმეგობრდეთო. სახლში შევიპატიჟე.
-მარტო კი არ ვარ, ერთი მიკროავტობუსით ხალხი მახლავსო.
-მობრძანდით-მეთქი.
მოვიდნენ, ვისაუბრეთ, მოგვეწონა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, რომ სკოლებით დავმეგობრებულიყავით, ქართველი და სომეხი ბავშვები დაგვემეგობრებინა – ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 26 მაისს, მიგვიწვიეს ვაშლევში. დიდი სიხარულით წავედით. ვაშლევის სკოლას საჩუქრად გადავეცით „ვეფხისტყაოსანი,“ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ქართველებისთვის. ისეთი კმაყოფილები დარჩნენ ჩვენი მასწავლებლები ამ შეხვედრით, რომ მთელი წლის მანძილზე ვაშლევში სტუმრობაზე ვსაუბრობდით. ძალიან თბილი და გულითადი მიღებით მოგვხიბლეს. მშვიდი, წყნარი, კეთილი ადამიანები არიან. მათი ცხოვრების სტილი მოგვეწონა – უბრალოება და სითბო. შინაგანად ჩვენც არანაკლებ თბილები ვართ, მაგრამ, შესაძლოა, ვერ გამოვხატოთ. იმერლების სითბო გარეგნულადაც ჩანს. ძალიან მოგვეწონა ზრდილობა – მასწავლებლისაც და მოსწავლისაც.
სომხურენოვანი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მათი მოსწავლეები დაწაფებულები არიან ქართული ენისა და ფოლკლორის შესწავლას და ამაყობს კურსდამთავრებულთა წარმატებებით: „წელს ჯულიეტა ელბაქიანი და ლუსინე ბეგოიანი თსუ ახალციხის ფილიალში ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხნენ.“
ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი იხსენებს, რომ სომხურენოვან სკოლასთან განათლების სამინისტროსგან გამოცხადებული პროექტით „პარტნიორი სკოლები“ დამეგობრდნენ. ამ სკოლასთან დამეგობრება კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ახალციხელია ვაშლევის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი – ციცინო ბუცხრიკიძე. სამინისტროში წარსადგენი პროექტი ქალბატონმა მარინემ და ქეთინომ ერთობლივად შეადგინეს. იმის მიუხედავად, რომ გამარჯვებულთა შეზღუდულ რაოდენობაში ვერ მოხვდა, ქართულ და სომხურ სკოლებს შორის მჭიდრო მეგობრობა დამყარდა.
მინას ვირაბიანი, ჭაჭარაქის სკოლის მასწავლებელი: -ქართველები და სომხები ერთ მიწაზე ძმურად, როგორც ერთი ოჯახის წევრები, ისე ვცხოვრობთ. ჩვენ ქართველებთან ერთად ვცხოვრობთ. მე სომეხად დავიბადე და სომეხად მოვკვდები, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა. 43 წელი ჭაჭარაქის სკოლის დირექტორად ვიმუშავე. 48 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს. განათლების განყოფილებაში თათბირებზე სომხური სკოლების მასწავლებლები და დირექტორები მეკითხებოდნენ, – რა საკითებზე ისაუბრეს, რა უნდა გავაკეთოთ. მე მათ ვეხმარებოდი. კარგია სომხური და ქართული სკოლების მეგობრობა.
სამველ მინასიანი, ჭაჭარაქის სკოლის მასწავლებელი: -შთამომავლობას უნდა გადავცეთ ეს სიყვარული და ურთიერთობა. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დამეგობრდნენ სკოლები. მსოფლიოში 3 ათასზე მეტი ენაა, მაგრამ დამწერლობა არის მხოლოდ თოთხმეტი. მათგან ორი ჩემთვის ახლობელია – ერთი მშობლიური, მეორე ჩემი სახელმწიფოს ენაა.
ქართულ-სომხურ სუფრასთან ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორ ქეთევან ლურსმანაშვილს გაუჩნდა იდეა და კოლეგებს მიმართა – „ვაშლევში ისტორიის ერთობლივი გაკვეთილი ორ ენაზე ჩავატაროთ.“
ორი წელია, მეგობრობის ხიდი გავდეთ ჭაჭარაქის საჯარო სკოლასთან, – გვიამბობს ვაშლევის საჯარო სკოლის მასწავლებელი დარეჯან ქურციკიძე, – ვაშლევში მათი სტუმრობისას ერთობლივი გაკვეთილი ჩავატარეთ მეორე კლასში. ერთმანეთს პედაგოგიურ გამოცდილებას ვუზიარებთ და ამ მეგობრობით ძალიან კმაყოფილები ვართ.
ჭაჭარაქის სკოლაში გამართული შეხვედრის შემდეგ გეზი ავიღეთ ვარძიისკენ, სადაც სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ აღინიშნა. ქართველმა და სომეხმა მოსწავლეებმა საათნახევრიანი გზის ერთი ტრანსპორტით გავლა მოისურვეს.
თვითონ გვთხოვეს ბავშვებმა, ჩვენს ტრანსპორტში ჩაჯექითო, ამბობს ვაშლევის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი სულხან გამცემლიძე, – გზაში მათი მასწავლებლები გვაცნობდნენ ისტორიული ძეგლების ისტორიას. ერთმანეთს შეგვაჯიბრეს სიმღერებში. სომეხი მოსწავლეები, უმეტესად, ქართულ სიმღერებს მღეროდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.
-დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, – ამბობს ვაშლევის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი ნინო კურტანიძე, – დავათვალიერეთ ვარძია და ახალციხეში რაბათის ციხე. დავესწარით „შოთაობას.“ ჭაჭარაქის სკოლის მოსწავლეები ძალიან მეგობრული ბავშვები არიან. ისინი ჩვენს სკოლაში, ვაშლევში, გავიცანით. ახლა ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. ქართულად კარგად საუბრობენ. სომეხ მეგობრებს ახლა უკვე ვაშლევში ველოდებით.
ლაურა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების