ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.

საბიუჯეტო ცვლილება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის N2475  განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 3 643 963 ლარი გამოეყო.

აქედან – 3 619 544 ლარი გზების რეაბილიტაციის ხარჯებისათვის და 24 419 ლარი სოფელ უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოსაწყობად;

საქართველოს მთავრობის 2022 წლის N2476 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 890 000 ლარი გამოეყო;

წინა წლებში (2017-2022 წწ) აღებული ვალდებულებების  დასაფარავად, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთებიდან, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა განკარგულებებით, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გასანაწილებლად უნდა მიიმართოს 538 059.82 ლარი, მათ შორის:

  • გზების რეაბილიტაციაზე – 227 600. 72 ლარი,
  • ხიდების რეაბილიტაციაზე – 27 548.91 ლარი,
  • კეთილმოწყობის ობიექტების (სკვერები, პარკები) რეაბილიტაციაზე – 210 221.64 ლარი,
  • სოფლის მხარდამჭერი პროგრამით – 11 005.55 ლარი,
  • სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე – 61 683 ლარი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოსულობები – 12 733 000 ლარი – იზრდება 4 533 963 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე  და 17 266 963 ლარით განისაზღვრება.

ეს საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს, 16 იანვარს, სხდომაზე განიხილა.