ცხოვრობს ლაშეში მშრომელი, ოთხი წარმატებული შვილის აღმზრდელი ცოლ-ქმარი, – 96 წლის ირაკლი მანჯავიძე და 92 წლის ლონდა ლეჟავა. ერთმანეთს შეაბერდნენ, – 68 წელია, ერთად ეწევიან ცხოვრების ჭაპანს.

ირაკლი მანჯავიძე ათეული წლების განმავლობაში თეთრაწყაროსა და ჩხერის კოლმეურნეობებს ხელმძღვანელობდა, ქალბატონი ლონდა კი ზესტაფონის #2 საშუალო სკოლაში უცხო ენას ასწავლიდა.

– შეუხედავი კაცი არ  ვიყავი, სუფრაზე მოლხენაც კარგად შემეძლო და ამიტომ ქორწილებსა თუ დღეობებზე მიწვევდნენ, – იხსენებს ირაკლი მანჯავიძე, – ლეჟავებში ქორწილში დამპატიჟეს, ლონდა იქ გავიცანი. მალე სიყვარული ავუხსენი და ერთ წელიწადში დავქორწინდით. ლონდას მადლობელი ვარ, ოთხი შვილი რომ გამიჩინა, ოჯახში უცხო ენებისა და სწავლის სიყვარული შემოიტანა. ოთხივე შვილი ძალიან ნიჭიერია და უმაღლესი განათლება ყველამ მიიღო. შვილები რომ წარმატებულები არიან, ეს, უმეტესწილად, ლონდას დამსახურებაა.

ცხოვრებაში შრომისმოყვარეობაა მთავარი. თუ შრომობ, ყველაფერს მიაღწევ. თეთრაწყაროს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ როცა დამნიშნეს, კოლმეურნეობა, ფაქტობრივად, გაკოტრებული იყო. ერთ შრომადღეზე 15 კაპიკი და 150 გრ სიმინდი ნაწილდებოდა. ერთი ღელის წისქვილი მუშაობდა და დღეში სამი მანეთი შემოჰქონდა. ღელის წისქვილის ნაცვლად, ოკიშურაში ელექტროწისქვილი ავაშენე, საძირკველი ჩემი ხელით გავჭერი. მეგობრები მეხმარებოდნენ. ქვები ვიყიდეთ, ძრავა ჩემმა ძმამ მაჩუქა. წისქვილი ავამუშავეთ და 5-6 სოფელს ემსახურებოდა, დღე-ღამეში 30-40 მანეთი შემოჰქონდა. ამ თანხით შაბათ-კვირას მწარე ვაზს ვყიდულობდი, სოფელში კარგი მყნობელები მოვიძიე, გვერდით ახალგაზრდები ამოვიყენე და მათაც ისწავლეს. მწარე ვაზი საუკეთესო ჯიშებზე დავამყენით, 35 ჰა ვენახი გავაშენე. პირველ წელს 17 ცენტნერი ყურძენი მოვიდა. ამის შემდეგ კოლმეურნეობის აღმავლობა დაიწყო.

რამდენიმე წარმატებული კოლმეურნეობის თავმჯდომარე თბილისში ცეკას პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა დაგვიბარა. ჩემი სახელი რომ დაიძახა, შემეშინდა, – ეტყობა რაღაც შემეშალა და არ ვიცი-მეთქი, – ვიფიქრე. მკითხა, კოლმეურნეობა როგორ გააძლიერეო. ერთ მარცვალ სიმინდს რომ დათესავ, ათასი მოგივა, ერთი კგ. ყურძენი 33 კაპიკ მოგებას გიტოვებს, – თუ იშრომებ ყველაფერი გამოვა-მეთქი, – ვუთხარი. მადლობა გადამიხადა და ტელევიზიაში ჯულიეტა ვაშაყმაძესთან გადაცემაში გამაგზავნა. მაშინ ყველაზე ამაყი ვიყავი.

ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, არაფერს შევცვლი, კვლავ ასე ვიცხოვრებდი. ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, რომელსაც ვაწყენინე, ან არ დავეხმარე.

დღეს რომ სოფელს გადახედო, გული მოგიკვდება. ვენახებში, სადაც, რომ იტყვიან, სისხლი ჩავაქციე, არც ერთი ძირი ვაზი აღარ არის. სოფელი, პრაქტიკულად, განადგურებულია. ძლიერი სოფლის გარეშე სახელმწიფო ვერ აშენდება.

ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ჩემს შვილ-მომავალში ყველა საუკეთესოა. 11 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი მყავს, ყველა მათგანმა სათანადო განათლება მიიღო და ახლა წარმატებულები არიან. უფროსმა შვილიშვილმა შავი ზღვის უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზე დაამთავრა. მეორე შვილიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სადოქტორო დისერტაცია  გერმანიაში დაიცვა. ერთ-ერთმა კი საინჟინრო დაამთავრა, მაგისტრია და ამ ახალგაზრდა ბიჭს დიდ საქმეებს ანდობენ.

ხარაგაულს და მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ 2023 წელს. ეს წელი ყოფილიყოს საქართველოს გამთლიანებისა და ქართველების ურთიერთსიყვარულის წელი.

96 წლის ვარ. ბევრ რამეს მოვესწარი. ახლა ვფიქრობ, რომ საქართველოს პატრონი არ ჰყავს, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ქართველ დედებს ბევრი შვილის აღზრდას ვუსურვებ.

ჩვენ ექვსი დედმამიშვილი ვიყავით, დიდ გაჭირვებაში გაგვზარდა დედამ, ტანსაცმელს საკუთარი ხელით გვიქსოვდა. ახლა ერთ-ორ შვილს აჩენენ და ზრდიან. საქართველოს მომავალს ბევრი კარგი ქართველი სჭირდება.

თამთა გოგოლაძე