აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერს, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორს, ხარაგაულელ დავით მაღრაძეს „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება მიენიჭა.

ბატონმა დავითმა კოლეგებთან ერთად ჩატარებული სამეცნიერო კვლევებით დაადასტურა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ეს მის სამეცნიერო მიღწევებს შორის ერთ-ერთია.

დავით მაღრაძე „ჩემი ხარაგაულის“ საახალწლო ნომრის სტუმარია. ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ბევრ თემაზე დააფიქრებს.

– ბატონო დავით, „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება მოგენიჭათ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ტიტული?

– ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. დიდი მადლობა მათ, ვისაც ეს იდეა მოუვიდა; მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დამიჭირა. ჩემთვის „საპატიო ხარაგაულელის“ ტიტული არის ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი სიხარული, სიურპრიზი ჩემს ცხოვრებაში.

ხარაგაული თვლის, რომ მე მისი შვილი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია. სულ გულს მაკლია, ჩემს რაიონში დიდ დროს რომ ვერ ვატარებ. ხარაგაულმა გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯი, რაც ძალიან გამიხარდა.

– გთხოვთ, გაიხსენეთ ადამიანები, რომლებმაც თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს.

– ადამიანი მუდმივად ვითარდება. მასზე გარემო გავლენას ყოველთვის ახდენს. ვერ ვიტყვი, რომ ერთ კონკრეტულ პერიოდში ჩამოვყალიბდი და მერე განვითარება შევაჩერე. რა თქმა უნდა, ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს მასწავლებლებმა, იმ საახლობლომ, რომელიც ხარაგაულში მყავს; იმ თბილმა ადამიანებმა, ვინც მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ. ღმერთის დიდი მადლობელი ვარ, საუკეთესო პიროვნებებს რომ შემახვედრა.

– წარმატების თქვენეული საიდუმლო გაგვიმხილეთ, რაში მდგომარეობს.

– წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ბევრია გასაკეთებელი იმ მიმართულებაში, სადაც ვსაქმიანობ. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დიდი წარმატება შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას მოაქვს. ადამიანი, რასაც მიზნად დაისახავს და შემდეგ იმ მიზანს შრომაში ჩააქსოვს, ყველაფერს მიაღწევს.

ჩემს შვილებსაც ამას ვეუბნები, რომ ყველა პროფესია საჭიროა. ყველგან შეიძლება წარმატებას მიაღწიო შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით.

– ბატონო დავით, სამეცნიერო საქმიანობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით? მოსწავლეობის პერიოდში ვინ გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

– ბავშვობაში ბევრი პროფესია მომწონდა. თუმცა, ყოველთვის მინდოდა, რომ მეცნიერული კუთხით მემუშავა. პროფესიული არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. აგრონომია კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური დარგია.

– რა ეტაზეა ამჟამად თქვენი სამეცნიერო საქმიანობა – სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრისა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს პროექტი –საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა.

– ეს სამწლიანი პროექტი, რომელიც რუსთაველის ფონდმა დააფინანსა, 2022 წლის გაზაფხულზე დამთავრდა. თუმცა, კვლევა გრძელდება. 2023 წლის გაზაფხულიდან წარვადგენთ ახალ პროექტს, რომელიც ვაზის გენოფონდის შესწავლას, დაცვასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

მეღვინეობა ვაზის ქართულ ჯიშებზეა დაფუძნებული და მისი ნიშან-თვისებების გამოვლინება, ადაპტაცია და შენარჩუნება, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. ქართული ჯიშის ვაზებს დადებითი თვისებები აღმოაჩნდა დაავადებების მიმართ გამძლეობის თვალსაზრისით.

ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა, განვიხილავთ მთელ პროცესს, რასაც ველური ვაზის გაკულტურება ჰქვია. ამ მოვლენის შესასწავლად, მისი რეკონსტრუქციისთვის, აუცილებლია, რომ ჩვენ ეს ველური ვაზი შევინარჩუნოთ.

ვთვლით, რომ ამ სამწლიანი პროექტის ერთ-ერთი ღირებული შედეგი ის არის, რომ ველური ვაზის 80-მდე ნიმუში მოვიძიეთ და შევინარჩუნეთ. ამ აღმოჩენებზე მომავალში კვლევები გაგრძელდება. რუსთაველის ფონდი გამორჩეულ პროექტებს აფინანსებს და ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირეს.

ახლახან, კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისსა და სანფრანცისკოში გამართულ ქართულ ღვინის ფორუმში მონაწილეობდით. რა შედეგს მიიღებს საქართველო ამ ფორუმიდან?

– ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველო ცდილობს მეღვინეობის კუთხით თავის დამკვიდრებას. მომხმარებლებმა ჯერ საქართველო უნდა გაიცნონ და ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯია საჭირო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ გაგვაჩნია ძლიერი არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიირთვან ქართული ღვინო, რით განსხვავდება ის სხვა ღვინოებისგან, რა თავისებურება და თვითმყოფადობა აქვს და სხვ.

თუნდაც ის, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის. ამიტომ ასეთი ფორუმები, შეხვედრები ძალიან კარგი შესაძლებლობაა არა მარტო უშულოდ ქართულ ღვინოზე, როგორც პროდუქტზე, ინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ ამ პროდუქტის უნიკალურობაზე სასაუბროდ; იმის სათქმელად, რომ ევროპული ღვინის ისტორია საქართველოდან იწყება.

ეს ჩვენი ღვინისა და საქართველოს მიმართ ინტერესს აღვივებს. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ბოლო წლებში ამერიკაში ქართული ღვინოების გაყიდვებმა იმატა. ღვინო ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად.

ახლა რომ დათო მაღრაძე ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის (დღევანდელი გიმნაზიის) მოსწავლე იყოს, მოსწავლეებს რას ურჩევდა?

– გიმნაზიის მოსწავლეობა, პირველ რიგში, ღმერთის გზით სიარულს ნიშნავს. მეორე რჩევაა სწავლა და შრომისმოყვარეობა. ეს ორი რამ ნიშნავს, რომ მოსწავლე ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის და წარმატება ნებისმიერი მიმართულებით გარანტირებულია. სულითა და გულით წარმატებებს ვუსურვებ გიმნაზიას, ჩემ მშობლიურ სკოლას, სადაც მე და ჩემი და-ძმა ვსწავლობდით, სადაც დედაჩემი ნელი შარიქაძე ასწავლიდა.

– ბატონო დავით, ადამიანის წარმატებაში ოჯახის როლი როგორია? გაგვაცანით თქვენი ოჯახი – მეუღლე და შვილები.

– ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია, სადაც გვერდში დგომა, მხარდაჭერა უნდა იგრძნო. XX საუკუნის კატაკლიზმებისა და სირთულეების დაძლევას ადამიანი მარტო, ოჯახის გარეშე, ვერ შეძლებდა. მრავალრიცხოვანი ოჯახი მყავს – მეუღლე და ხუთი შვილი.

მეუღლემ, მაია კიკვაძემ, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. თუმცა, ჩემი გავლენით, მევენახეობა-მეღვინეობამ გაიტაცა.

უფროსმა ქალიშვილმა თამარმა ტექნიკური უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა იტალიაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მაგისტრატურაში სწავლობს. მეორე შვილი ნინო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით. ქეთევანი აბიტურიენტია, გიორგი 13 წლისაა, დაჩი 11 წლის.

– რას უსურვებთ ხარაგაულსა და ხარაგაულელებს?

– ბედნიერი ახალი წლისა და შობის დადგომას ვუსურვებ ყველას. ჯანმრთელობას, სიმხნევეს, ერთგულებას, სითბოს, რომლითაც ხარაგაულელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს კუთხეს, სადაც ჩემი ფესვებია. ბედნიერება და სიხარული თითოეულ ხარაგაულელს.

დიდი პატივისცემა და სიყვარული „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – დავით მაღრაძე სამეცნიერო პრემია „თამარის“ გადაცემის დროს