ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „გრავემ“ წინასაახალწლო კონცერტი გამართა.

„გრავეს“ რეპერტუარში ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ათეულობით მუსიკალური კომპოზიციაა. ამ ანსამბლის წევრის, დალი მერაბიშვილის თქმით, „ნაწარმოებების შესწავლას, დამუშავებას დიდი შრომა და საქმისადმი ერთგულება სჭირდება. „გრავე“ ცდილობს, მსმენელის გახარებას და სიამოვნების მინიჭებას“.

დალი მერაბიშვილმა რეპეტიციებზე ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა სამუსიკო სკოლის დირექტორს ლალი ალექსიძეს.

„გრავემ“ დღეს მსმენელის წინაშე წარმოადგინა გია ყანჩელის, სულხან ცინცაძის ნაწარმოებები, ფრანგული, იტალიური და ესპანური საესტრადო სიმღერების კომპოზიციები.

კონცერტი გაალამაზა კვარტეტმა „ხარაგაულის ხმები“, სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნიცა ზუმბაძემ, სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა „ედელვაისი“.

„გრავეს“ წევრებმა – გია მეიფარიანმა, თამარ ჩიმაკაძემ, დავით კვირიკაშვილმა, ირაკლი ცქიტიშვილმა, დარეჯან გვაძაბიამ და დალი მერაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი 2023 წელი მოგვილოცეს და სამომავლოდ კონცერტების ფართო მასშტაბით ჩატარებას დაგვპირდნენ.

ანსამბლი „გრავე“ ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში 2018 წელს ჩამოყალიბდა.