ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლისთვის 2018 წელი სიახლით გამოირჩეოდა. სკოლაში წელს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გრავე“ ჩამოყალიბდა.

სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელ კონცერტზე „გრავეს“ მუსიკოსებთან ერთად მაყურებლის წინაშე ნორჩი მუსიკოსები და მომღერლები წარსდგნენ.

სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ საქართველოს ხელოვანთა კავშირის, მუსიკის აკადემიის, ბაქოს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მარიამ ტაბატაძე, არმაზი შავიძე, სალომე მაჭავარიანი, მარიამ მანჯავიძე და მომღერალ გოგონათა გუნდი დიპლომებით დააჯილდოვა.

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები დიდი ქალაქების სამუსიკო სკოლების აღსაზრდელებს ტოლს არ უდებენ. ეს ჩვენი პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი შრომის შედეგია,“ – აღნიშნა ლალი ალექსიძემ ღონისძიებაზე.

„გრავეს“ წევრებმა დარეჯან გვაძაბიამ, თამარ ჩიმაკაძემ, ირაკლი ცქიტიშვილმა, გიორგი გავაშელიშვილმა, გიგა ხიჯაკაძემ, ნიკოლოზ კიკნაძემ, დალი მერაბიშვილმა და დათო კვირიკაშვილმა პოპულარული ქართული და უცხოური სიმღერების პოპური შემოგვთავაზეს, შესანიშნავი აკომპანიატორობა გაუწიეს სამუსიკო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს.

ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულელთა მსგავსი გემოვნებიანი და დახვეწილი შესრულება იშვიათად უნახავს.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე მოხარულია, რომ ხარაგაულის მდიდარი მუსიკალური ტრადიციები გრძელდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძემ ისურვა, რომ კლასიკური მუსიკალური განათლება სოფლად მცხოვრებმა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმაც მიიღონ.