ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე საზოგადოებაში კონფორმულობა, ნიჰილიზმი, ინდიფერენტულობა და პოლარიზება ღრმავდება. განსაკუთრებით გართულდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა რეგიონებში.

რაშია გამოსავალი ამ ღრმა ინდიფერენტიზმისა და ნიჰილიზმის დასაძლევად, – ამ შეკითხვით საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერს ზვიად ქორიძეს მივმართეთ.

– მოქალაქეები უნდა შევთანხმდეთ, რისი შეცვლა გვსურს, როგორი სახელმწიფოს მშენებლობა გვინდა, – ამბობს ზვიად ქორიძე, – სახელმწიფოში ვგულისხმობ ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასაც და ღირებულებით ხერხემალსაც – ყველაფერს, რაზეც სახელმწიფო დგას.

თუ ამაზე ვერ შევთანხმდებით, მაშინ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ექნებათ განცდა, რომ არაფერს არ აქვს აზრი, – არც პოლიტიკურ ბრძოლას, არც არჩევნებს, არც სამოქალაქო აქტივიზმს. ასეთი ვითარების შექმნა მის ინტერესებშია, ვისაც ძალაუფლება უჭირავს ხელში.

ზოგჯერ, სამწუხაროდ, მოქალაქეები იმაზე კი არ იწყებენ ფიქრს, როგორ შეცვალონ ის სისტემა, რომელიც არ მოსწონთ, არამედ იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ შეერწყან ამ სისტემას და როგორ იპოვონ ამ სისტემაში ადგილი.

დარწმუნებული ვარ, ხარაგაულში აუცილებლად მოისმენთ ასეთ საუბრებს, – „კაი რა, პატარა ტენდერს მაინც მოვიგებ, არ ჯობია, რომ წყნარად ვიყო?!“, „პატარა მაღაზია მაქვს, გამარტივებულ შესყიდვას მივიღებ და საგადასახადო არ შემაწუხებს“, „პატარა კომპანია მაქვს და პატარა ტენდერს მოვიგებ“. ეს, რა თქმა უნდა, მერე იწვევს მეტასტაზებს და ანგრევს ნორმალურ სამოქალაქო სექტორს.

თორემ ვინ არის შესყიდვისა და ტენდერის წინააღმდეგი?! გამარტივებული შესყიდვებიც უნდა გააფორმოს მერიამ და ტენდერებიც უნდა მოაწყოს. ტენდერი კონკურენტულ გარემოში უნდა მოიგოს იმან, ვინც არის კონკრეტული საქმის გამკეთებელი, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ხარისხი და არა იმან, ვინ უკეთესად დაალაგებს ურთიერთობას ადგილობრივ მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ან გუბერნატორთან.

აი, ეს არის პრობლემა და ამას ვიღებთ შედეგად. ნიჰილიზმი, –  რაც აღნიშნეთ, საზოგადოების პოლიტიკურ დეკვალიფიკაციას იწვევს, –  ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას. ყველა მოქალაქემ უნდა ზიდოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. თუ მოქალაქეებს არ გვინდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები და ჩართული ამ პროცესში, მაშინ ბუნებრივია, არავისზე არ უნდა გავბრაზდეთ.

ყველაზე მეტად არ მომწონს კითხვა, საყველპუროდ რომ ისმის ხოლმე – „გვეშველება რამე?“ ეს საშინელი და ყველაზე უპასუხისმგებლო შეკითხვაა. მე ვინმემ კი არ უნდა მიშველოს, მე უნდა ვუშველო საკუთარ თავს და ჩემი შველა მდგომარეობს იმაში, რომ მე, შენთან ერთად, კიდევ სხვასთან ერთად უნდა ვიპოვო საერთო ენა, ერთიანი პლატფორმა უნდა გავშალოთ, თანამოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, რატომ ვიბრძვით, რისი შეცვლა გვინდა.

ეს არის „შველა“, და არა ის, რომ „მესია უნდა მოვიდეს“ ან ერთ მუნიციპალიტეტში, ან ერთ მხარეში, ან მთელ ქვეყანაში.

 

თუ გამოვედევნებით მესიანიზმს, დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკური ბრძოლის შედეგია არჩევნები და პოლიტიკური ბრძოლის შედეგია ნორმალური სახელმწიფოს აშენება. 2024 წელი მოდის და ჩვენ შეიძლება არჩევნებზე მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები არ გვყავდეს იმიტომ, რომ, შესაძლოა, არ იყვნენ ძლიერები, გავლენიანები, კონკურენტუნარინები. ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ძალიან ძნელია.

მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი განწყობების, ემოციების, მსოფლმხედველობის კონვერტაცია მოვახდინოთ პოლიტიკურ პარტიებში. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში უნდა ვიპოვოთ ის ხალხი, ვინც უნდა მოვიდეს მერე ხელისუფლებაში. აბა, ხელისუფლებაში საიდან უნდა მოვიდეს ხალხი? ციური მანანა ხომ არ არის, რომ ვიღაცას თავზე დაებერტყოს?!

ჩვენ, მოქალაქეებმა და საზოგადოებამ უნდა მოვძებნოთ, ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები და ჩვენვე უნდა ვაკონტროლოთ. გამოსავალი მხოლოდ ჩვენს აქტიურობაშია, არ უნდა დავიღალოთ. თუ დავიღლებით, მივიღებთ ტოტალიტარიზმს, რისი ნიშნებიცაა.

ნინო კაპანაძე