გაუმართავი წყალმომარაგება, მოუწესრიგებელი საუბნო გზები, უტრანსპორტობა – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ეს პრობლემები, ათეული წლებია, აწუხებს.
კიცხი და ხიდარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოფლებია. ცენტრალური გზა ორივე სოფელში მოასფალტებულია. კიცხი გაზიფიცრებულია. ხიდრის მოსახლეობა ამ სიკეთეს მოკლებულია და სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას მოითხოვს.
„2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც კიცხის ამბულატორიისთვის ახალი შენობა აიგო, წყალი არ მოგვეწოდება, – ამბობს ექიმი მამია ტაბატაძე, – წყალი ამბულატიიის ეზოში კიცხის სკოლიდან გადმოვიყვანეთ. როცა სკოლის ავზი შეივსება, შემდეგ წყალი ამბულატორიის ეზოშიც მოდის. მუდმივი წყალმომარაგება არც სკოლას აქვს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ არაერთხელ გააშუქა ეს საკითხი. სულ ამ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ. ამბულატორიის შენობაში სამჯერ სხვადასხვა წყაროდან შემოვიყვანეთ წყალი. გარკვეული პერიოდი – ერთი-ორი კვირა მოდიოდა, მერე ისევ შეწყდა. უწყლობას მივეჩვიე. ეს პრობლემა სად ვთქვა და რა ფორმით, უკვე აღარ ვიცი“.
„ხიდარში შარიქაძეების უბანს წყალი გამართულად მხოლოდ დეკემბრიდან მარტამდე მიეწოდება, – წუხს ხიდარში მცხოვრები თამარ თაბუკაშვილი, – წლის სხვა პერიოდში ამ უბნის მოსახლეობა ოჯახებში წყალს ორი კილომეტრით დაშორებული წყაროდან ხელით ეზიდება. 21-ე საუკუნეში უწყლობაზე როგორ უნდა ვსაუბრობდეთ?!
ხიდარში, თამაზელაშვილების უბანში ცხოვრობს ელისო გურგენიძე. ამ უბანში მუდმივად მცხოვრები ათი ოჯახია. სამმა ოჯახმა წყალმომარაგების სისტემა წყაროში წყლის საქაჩი ტუმბოს მეშვეობით მოაგვარა. „დანარჩენი შვიდი ოჯახი უწყლობით შეწუხებულია, – ამბობს ელისო გურგენიძე, – ზაფხულში, როცა დამსვენებლები ჩამოდიან, ფაქტობრივად, წყალი აღარ გვაქვს, – „ოტკის კამარასავით“ მოდის. გაჭირვებით ხელი თუ დაიბანე, სულ ეგ არის. სარეცხის მანქანას ვერ აამუშავებ“.
„ყველა გზის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია“
ხიდარში 2022 წელს ჯორტების, მასხარაშვილებისა და ჩაჩანიძეების საუბნო გზები მობეტონდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მასხარაშვილების, დაწყებითი სკოლის, ხეცაძეების, გელაშვილების, დობილოსა და შარიქაძეების უბნებში გზები მოიხრეშა. ამავე პროგრამით დაწყებითი სკოლის უბანში სანიაღვრე არხი მოეწყო.
„გაგოშიძეების უბანში გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანას ამოსვლა უჭირს“, – ამბობს ხიდარში მცხოვრები ლელა ბერაძე.
„ხიდარში გზების კეთილმოწყობა დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება, – ამბობს ხიდრის სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მარტო ხიდარი არ არის და ერთბაშად ყველა საუბნო გზის გაკეთება შეუძლებელია. ჩემი აზრით, ხიდარში ახლა ყველაზე მეტად პრიორიტეტული გაზიფიცირებაა. კიცხში ბუნებრივი აირი მოყვანილია და ხიდარშიც აუცილებლად უნდა იყოს“.
კიცხში ავალიშვილების უბანში გზა უმძიმეს მდგომარეობაშია, – ამბობს შმაგი ავალიშვილი, ცენტრალური გზიდან 200 მეტრი გზაა ჩემს სახლამდე და ცუდ ამინდში მანქანით გავლა მაინც შეიძლება. ავალიშვილების უბანში მუდმივად მაცხოვრებელი 13 ოჯახია და ამ საუბნო გზის გაკეთება პრიორიტეტული უნდა იყოს“.
„უგზოობა ნამდვილად გვაწუხებს, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი, – სამი-ოთხი ოჯახი ძალიან ცუდ დღეში ვართ. წვიმიან ამინდში სახლამდე მანქანით ვერ მოვდივართ. მანქანას უბნის შემოსასვლელში ვტოვებთ და სახლებამდე ფეხით ჩავდივართ“.
უგზოობას უჩივის მდინარაძეების უბნის მცხოვრები იამზე თაბუკაშვილი. კიცხში ბევრი უბანი დამეწყრილია, – ამბობს იამზე, – მდინარაძეების უბნის გზა თუ არ მობეტონდება, დაიხრეშოს მაინც. ურნები დგას და ამის დიდი მადლობელი ვართ. გარე განათებაც არის და ღამის საათებში გადაადგილება უსაფრთხოა“.
„ტრანსპორტირების კუთხით ხარაგაულს მოწყვეტილები ვართ“
ხარაგაულამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ხიდრის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ხიდრიდან ხარაგაულის მიმართულებით პირდაპირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ხიდრელები ჯერ კიცხში უნდა ჩამოვიდნენ და შემდეგ ხარაგაულისკენ ზესტაფონიდან მომავალ ტრანსპორტს დაელოდონ. ხიდრიდან კიცხამდე მგზავრობა ერთი ლარი ღირს და როგორც აქაურები ამბობენ, ამ გაჭირვებულ ყოფაში, ეს ძვირია.
„ადგილობრივი ხელისუფლება ტრანსპორტირების სუბსიდირებაში უნდა მოგვეხმაროს, რომ მოსახლეობამ ამ მხრივ შეღავათი იგრძნოს, – ამბობს ეთერი პაპავა, – ტრანსპორტირების კუთხით ხარაგაულს საერთოდ მოწყვეტილები ვართ“.
„ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიკროავტობუსი დღის განმავლობაში რეგულარულად არ დადის, – ამბობს ცირა ბერაძე, – თუ მგზავრი არ ეყოლა, შესაძლოა, ხარაგაულიდან 16:00 საათზე არ გამოვიდეს. კიცხის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მასწავლებლებიც ამ მიკროავტობუსით ვსარგებლობთ. ეს მარშრუტი კერძო პირისაა. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ტრანსპორტით მგზავრობას თუ დაასუბსიდირებს, კარგი იქნება. ის რეგულარულად ივლის“.
თამთა მაისურაძის სტუდენტი შვილი ხიდრიდან ქუთაისში ყოველდღე მგზავრობს. ეს ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. ქალბატონი თამთა ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზის თანხას დაუფინანსებენ იმ სტუდენტებს, რომლებიც ქუთაისში სწავლობენ და ამიტომ ყოველდღიურად მგზავრობენ.
ახალგაზრდა ოჯახებისთვის სოფელში ცხოვრება სასურველი რომ იყოს, მათ მუდმივი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ. ახალგაზრდებს კი კიცხსა და ხიდარში თავშეყრის ადგილიც არ აქვთ. ადგილობრივების თქმით, კიცხსა და ხიდარს სპორტული მოედანი ესაჭიროება.
„შევეცდებით, ეტაპობრივად…“
ასე გვპასუხობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა მათ წინაშე მოსახლეობის პრობლემებს ვაყენებთ.
„კიცხში 2022 წელს გზები ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბნებში მობეტონდა, – ამბობს კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატი კიაზო გამრეკელაშვილი, – სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გზები ჩხიკვაძეების, კურტანიძეების, გიორგაძეების და გვერდის სასაფლაოს უბნებში მოწესრიგდა.
ყველა გზის მოწესრიგება პრიორიტეტულია. შევხედავთ, რისი საშუალება იქნება 2023 წლისთვის და იმ გზების მობეტონებას გადავწყვეტთ, რომლებიც უფრო მძიმე მდგომარეობაშია“.
ვარძია-წყალაფორეთი-ხიდარის მაჟორიტარი დეპუტატი შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, ხიდრის მოსახლეობის ხარაგაულამდე ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს. მისი თქმით, მერიამ საკრებულოს რეკომენდაცია გაითვალისწინა და ტრანსპორტირების სუბსიდირების თანხა 2023 წლისთვის გაზარდა.
„მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, მუნიციპალური ტრანსპორტი წყალაფორთი-ვარძია-ხიდარი-ხარაგაულის მიმართულებით დაინიშნება, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – რაც შეეხება ხიდარში სპორტული სტადიონის მოწყობას, პირველ რიგში ამ სოფელში წყალმომარაგებისა და გზების პრობლემები უნდა მოგვარდეს. აუცილებლად ვიზრუნებთ და სამომავლოდ, რეგიონული განვითარების ფონდის წინაშე ამ საკითხს დავაყენებთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნონა ზურაბიანი ამბობს, რომ „2023 წელს ხიდარში, სავარაუდოდ, ხეცაძეების, დაწყებით სკოლასთან მისასვლელი, ჯორტების მეორე უბნის (საბავშვო ბაღთან ასასვლელი), გაგოშიძეების მეორე უბნის გზების მობეტონება იგეგმება. ღმერთის წყალობით და უფლის იმედით, შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ყველა გზის გაკეთებას ერთდროულად ვერ დავსახავთ, რეალური ხომ უნდა იყოს?! ხიდარში 11 უბანია და ყველა საუბნო გზის შეკეთება მნიშვნელოვანია. უბანში ერთი ოჯახიც რომ იყოს, კეთილმოწყობილი გზა იქაც უნდა გვქონდეს. მომავალ წელს ხიდარში წყლის ცენტრალური სისტემების მოწესრიგებას ვგეგმავთ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – კიცხის საექიმო ამბულატორია
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
როგორია ხარაგაულელთა წინასაახალწლო განწყობა (ვიდეო)
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი