სოფელ ხიდარში მცხოვრები მამუკა ჭყოიძე ამბობს, რომ კიცხისა და ხიდრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას მისი კუთვნილი მიწა და სახლამდე მისასვლელი გზა შეეწირა.

შვიდი წლის წინ დაგებული კიცხი-ხიდარის საავტომობილო გზა 2022 წლის იანვარში ერთ მონაკვეთზე ჩაწყდა. 2015 წელს კიცხი-ხიდარის 3,4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 672 056 ლარი დაიხარჯა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 2022 წელს საავტომობილო გზის ამ ნაწილის აღსადგენად 750 000 ლარი მიიღო. გზის ეს მონაკვეთი და 60 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს „ირლანმა“ 649 945 ლარად მოაწყო.

„იმ ადგილზე, სადაც ახლა რკინა-ბეტონის კედელია, მდინარე ჩამოდიოდა, – ამბობს ხიდარში მცხოვრები მამუკა ჭყოიძე, – გზა სწორედ ამ მდინარის ადიდების შედეგად ჩაწყდა. ბეტონის კედლის მშენებლობის დროს წყალს კალაპოტი შეუცვალეს. მდინარე ახლა იქ მოედინება, სადაც ჩემი კუთვნილი მიწა და სახლისკენ მისასვლელი გზა იყო. ცენტრალური გზიდან სახლამდე ძველი გზით რომ მოვიდე, წყალში უნდა გავიარო.

ჩემს სახლში ახლა სხვისი ადგილიდან შევდივარ. მეზობელმა გოჩა ბერაძემ „მათხოვა“ თავისი კუთვნილი ტერიტორია, საიდანაც ეზომდე მისასვლელი გზა მომიწყვეს.

არ ვიცი, რა და როგორ უნდა მოვითხოვო – ზარალის ანაზღაურება თუ გზის გაკეთება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რომ გადავედით, ზუსტად არ მიპასუხეს. ერთი რამ ვიცი, რომ ძველი გზის აღდგენა აუცილებელია, რადგან თითქმის ერთი წელია, სახლამდე მისასვლელად, სხვისი ტერიტორიით ვსარგებლობ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურულ საკითხებში დავით დევდარიანი ამბობს, რომ სტიქიით დაზარალებული მამუკა ჭყოიძის მდგომარეობას იცნობს და ადგილზეც რამდენჯერმე იმყოფებოდა.

„გზის რეაბილიტაციისას ეს გამოსავალი მოიძებნა, რომ მამუკა ჭყოიძეს სახლამდე მისასვლელი გზა გაუკეთდა. ამ ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის გზა მეზობლის კუთვნილ ტერიტორიაზე გადის. ასე უცბად ახლა ძველი გზის აღდგენა შეუძლებელია. სტიქიის გამო მდინარესაც კალაპოტი შეეცვალა. შემდეგ აღარ შეგვხმიანებიან და ვიფიქრეთ, რომ პრობლემა მოუგვარდა. გადავამოწმებ ამ საკითხს და განვიხილავთ, რისი გაკეთება შეიძლება“.

ნინო კაპანაძე