25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია დაიწყო.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა (დირექტორი ელენე რუსეცკაია) ახლახან გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ, წინა წლებთან შედარებით, შეიცვალა:

  • გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია;
  • გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ქალმა სამართალდამცველებს უნდა მიმართოს;
  • რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ძალადობის მსხვერპლები არა მხოლოდ სუსტი ქალები ხდებიან;
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სხვადასხვა ინსტიტუციების საქმიანობას ეფექტურად გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს;
  • დაბალია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტურობის შეფასება.

ერთია, რა გვიჩვენა კვლევამ და მეორეა რეალობა, – რისი გადატანა უწევთ ძალადობა გამოვლილ ქალებს, პირველ რიგში, საზოგადოებისგან.

ჩემი რესპონდენტი ხარაგაულში ცხოვრობს. ის 27 წლისაა და საჯარო სექტორშია დასაქმებული. ხუთი წელია, მოძალადე მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა. ოჯახის შექმნიდან მალევე, მეუღლესგან ფიზიკურ ძალადობას ექვსი წლის განმავლობაში ითმენდა. იმდენად შოკისმომგვრელი იყო ძალადობის პირველი დღეები, რომ ვერ გაიაზრა, რატომ სცემდა ქმარი. ორი წლის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ ღამით ტიროდა. დედამთილი, როგორც კი მისი შვილი ცოლის წამებას იწყებდა, კარებსა და ფანჯრებს ხურავდა, რომ ოჯახიდან ხმა გარეთ არ გასულიყო.

ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა და ქუჩაში გავარდა ყვირილით, რომ ვინმე მიშველებოდა. სამწუხაროდ, არც ერთი მეზობელი არ გამოეხმაურა და კარი არ გაუღო. ახალგაზრდა ქალი ისევ მოძალადე ქმრისა და მდუმარე დედამთილის პირისპირ დარჩა.

კაცს ჩხუბის მიზეზი არ ელეოდა. უმეტესად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფხიზელი პირობას დებდა, რომ გამოსწორდებოდა, თუმცა, ხუთ-ექვს დღეში იგივეს იმეორებდა, მეუღლის წამებისგან სიამოვნებას იღებდა.

ცემისგან დალურჯებულ სახესა და მკლავებს ახალგაზრდა ქალი საგულდაგულოდ მალავდა. თუმცა, მისი უხასიათობა სამსახურში შეამჩნიეს და ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქმრის ნათესავს საქმეში ჩარევა სთხოვა. მოძალადეს რამდენიმე მეგობარი ხშირად ესაუბრებოდა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, თუმცა, უშედეგოდ.

ახალგაზრდა ქალი ბოლოს ძმამ იხსნა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში დის ოჯახში ცხოვრობდა. მოძალადე ქმარი ვერც ცოლისძმის წინაშე იკავებდა თავს და ცოლის შეურაცხყოფას აგრძელებდა. ძალადობის მსხვერპლის ძმამ მშობლებისგან მკაცრად მოითხოვა, რომ მისი და მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყო.

მოძალადე მაინც არ ისვენებდა და მეუღლეზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. ქალმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც მოძალადე რამდენიმე დღით დააკავეს. მანამდე მის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი.

სასამართლოზე მოძალადემ ყველაფერი აღიარა. დღეს ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მშვიდად ცხოვრობს შვილებთან ერთად, ებრძვის ყოველდღიურ ყოფას, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული და ძლიერია, რადგან მის გვერდით შვილები არიან.

მეზობლები ახლა ეუბნებიან, რა ყოჩაღი გოგო ყოფილხარ, კი გვესმოდა შენი ყვირილი და ტირილი, მაგრამ ვერ გიჭერდით მხარსო.

„მოძალადეს, იცით, რა აძლიერებს? – ის, რომ მას არავინ ჰკიცხავს, – ამბობს ძალადობა გამოვლილი ქალი, – მას არავისი რიდი არ აქვს. ხალხნო, მეგობრებო, არ გაუღიმოთ მოძალადეს; აგრძნობინეთ, რომ  ძალადობა დანაშაულია; საზოგადოებისგან ადექვატური რეაქცია მოძალადის ქცევას შეცვლის.

დროებით მაინც გაეშვათ ჩემი ქმარი სამსახურიდან! მან ხომ თავად აღიარა, ყოველდღე რა ჯოჯოხეთს მიწყობდა?! თუმცა, არა, საზოგადოება მდუმარეა და ეს დუმილი კვებავს მოძალადეს. როგორც ჩანს, ყველამ თავის თავზე უნდა გამოსცადოს ძალადობა, რომ მსხვერპლის მიმართ სოლიდარული გახდეს.

აბა, მე ვყოფილიყავი მოძალადე?! ხომ ჩამქოლავდნენ. ახლა იცით რა ხდება ჩემს თავს? ზოგი ნათესავი და „კეთილისმსურველი“ ვერ იტანს ჩემს ბედნიერებას. რადგან ქმარს გავშორდი, თვლიან, რომ უბედურად უნდა გამოვიყურებოდე, არ უნდა გავიღიმო, თავდახრილმა უნდა ვიარო და ჩუმად ვიყო.

არა, არ ვაპირებ სხვისი გემოვნებითა და დაკვეთით ცხოვრებას. მსხვერპლ ქალებს მოვუწოდებ, მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინონ, ხმა ამოიღონ და სასწრაფოდ გაშორდნენ მოძალადეს! მოკავშირე გამოჩნდება. პირადად მე მზად ვარ, მსხვერპლს დავეხმარო, ჩემს სახლში მოვიყვანო, თავშესაფარი მივცე და მორალურად გვერდში დავუდგე“.

ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებში ცვლილებებია და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ქალი ძალადობას არ უნდა ითმენდეს.

„საზოგადოების განწყობა ჯერ საკმარისად ძლიერი მაინც ვერ არის, – ამბობს ბაია პატარაია, – ამას ემატება სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ქმედებები – მსხვერპლის მიმართ დახმარება არასაკმარისია. ძალადობის მსხვერპლ ქალებს აქვთ საცხოვრისის, დასაქმების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის პრობლემა. სახელმწიფოსგან ექვსთვიანი დახმარება და თავშესაფარში ყოფნა მის პირობებს ვერ ცვლის.

მუნიციპალიტეტებში საქმე უფრო რთულადაა. არ არსებობს შესაბამისი პროგრამები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად.

განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამა უნდა ჰქონდეს შემუშავებული და პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლებოდეს მეორე ადამიანის პატივისცემა. ბავშვებს უნდა ვესაუბრებოდეთ, რომ ყველაფერი დიალოგის გზით გადაწყვიტონ და არა მუშტი-კრივით.

მოძალადესთვის გადამწყვეტი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება და მკაცრი კანონი.

მოძალადე კაცებს ჰგონიათ, რომ ქალი მათი საკუთრებაა. არასდროს ისე არ მოექცევიან მეგობარს, მეზობელს, თანამშრომელს, როგორც ოჯახში ცოლსა და შვილს.

მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი ეფექტურია, თუმცა, პოლიციამ უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საკმარისია ეს და ხომ არ არის საჭირო პატიმრობა. ამ შემთხვევაში რისკების შეფასების კითხვარი უნდა შეივსოს. ამ კითხვარის შევსება კი, პოლიციელებს, უმეტესად, ეზარებათ. მოძალადის მიმართ ელექტრონულ სამაჯურს არ იყენებენ. ჩვენ კანონით მოძალადეების მიმართ ეფექტური ბერკეტები გვაქვს, მაგრამ ამ კანონის აღსრულების პრობლემაა“.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მოძრაობა ტრადიციულ მარშს მოაწყობს. წელს ამ მოძრაობის წევრები გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებას მოითხოვენ.

„ახლა გაუპატიურება ისჯება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, – ამბობს ბაია პატარაია, – თუ ეს მოხდა მუქარით, ძალადობით ან უმწეო მდგომარეობის გამოყენებთ. ძალადობაში იგულისხმება ის, რომ გაუპატიურებული უნდა იყოს თან ნაცემიც. სასამართლომ, ახლახან, ქალისგან ჩაწერილი ხმა, სადაც ის მოძალადეს ეხვეწებოდა, რომ მასზე არ ეძალადა, მტკიცებულებად არ მიიღო. თანხმობის გარეშე სქესობრივი აქტი არის გაუპატიურება – ამის ჩაწერას ვითხოვთ კანონში“.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მზითევი რა შუაშია, – შვილებს ქონება თანაბრად უნდა გაუნაწილო

რთულია იყო აქტიური ქალი, ეს საზოგადოებისგან მძიმე წნეხია – ინგა მაღრაძე

საკრებულოში არჩეული ქალები მოსახლეობის ნდობას ვამართლებთ – ლენა აბაშიძე