ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, ზუგდიდი, ქედა, ხარაგაული, ხაშური), 2022 წლის ზაფხულში, ჩატარდა გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების კვლევა. კვლევის მიგნებების თემაზე ერთ-ერთ ლიდერ ქალს, ინგა მაღრაძეს, ვესაუბრეთ.
– ქალისთვის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღება რთულია, – ამბობს ინგა მაღრაძე, – მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებია – „ქალია და შეიძლება რაღაც ვერ გარისკოს“, „გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდეს“.
საზოგადოებამ მამაკაცი პოლიტიკოსებისგან მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, ჩვეულებრივ მიიღოს, თუმცა – იგივე შემთხვევაში ქალის აქტიურობა ცუდად აღიქვას. ამომრჩევლები ქალი პოლიტიკოსების მიმართ კეთილგანწყობილები კი არიან, თუმცა მათ მიმართ არასწორი შეხედულებები არსებობს.
ქალი პოლიტიკოსები, ხშირ შემთხვევაში, სრულფასოვან კოლეგებად არ აღიქმებიან. მამაკაც პოლიტიკოსებს ურჩევნიათ, მათ გვერდით ქალები რაღაც სამუშაოს შემსრულებლები იყვნენ და არა – გადაწყვეტილების მიმღებნი. მათ არ სურთ, ქალები თანასწორად აღიქვან. მგონია, რომ ქალებს საუკეთესოდ შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის მართვა და ყველაზე უფრო რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.
რთულია იყო აქტიური, ეს საზოგადოებისგან გაორმაგებული წნეხია. ხშირ შემთხვევაში გიწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც საზოგადოება სხვანაირად იღებს და ამას პოლიტიკოსი ქალის ოჯახი მტკივნეულად აღიქვამს.
გარდა იმისა, რომ აქტიური ქალი ხარ, შენ გაქვს შენი ცხოვრება, შენი აქტიურობის შედეგად შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს. ალბათ, ეს ფაქტორები უშლის ხელს ქალს, რომ გაცილებით მეტად იყოს ჩართული პოლიტიკაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი მაღალი მონაწილეობა შეცვლის მდგომარეობას როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.
ბევრ აქტუალურ საკითხთან მიმართებაში კაცების ხედვა ვერაფრით ერგება კონკრეტული პრობლემის ეფექტურად გადაჭრას. ქალებს, უმეტესად სწორი მიდგომა და ხედვა აქვთ. უამრავი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი, რომ რეალურ განვითარებას მივაღწიოთ. ქალთა მონაწილეობა ამაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს საკრებულოში ქალები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან წარმოდგენილები, მაგრამ მათი ინიციატივები კარგად არ ჩანს; უმეტესად, თავშეკავებულები არიან.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ქვეყანა კორუფციულ-ნეპოტისტური გარიგებებით იმართება, ხშირია ფინანსური დატაცებების ნიშნები. ქალები ასეთ მაქინაციებში იშვიათად ან არ მონაწილეობენ.
ქალებზე დიდ გავლენას ახდენს მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა. გაზრდილი შრომითი მიგრაციის ფონზე განსაკუთრებით მაღალია ქალთა შრომითი მიგრაცია; თუმცა იმ ოჯახებში, საიდანაც მამაკაცები არიან წასულები, ოჯახზე ზრუნვის ორმაგი ტვირთი ქალზე გადადის. უმძიმესი სტრესია ქალისთვის მცირეწლოვანი შვილების დატოვება და ეკონომიური თვითგადარჩენისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაინც მყარად ფესვგადგმულია ტრადიცია, როდესაც მშობლები ქალს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ. დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ „ქალი გათხოვდება და თავის ოჯახს მონახავს“.
რამდენად ბევრი რამ უნდა გაიღოს ქალმა, რომ პროფესიულად შედგეს. არავინ იცის, რის ფასად აღწევს ქალი პროფესიულ განვითარებას, რადგან მას საკუთარ თავზე ოჯახისა და მზრუნველობის ტვირთის აღება უწევს. მამაკაცი პასუხისმგებლობას შვილების აღზრდასა და სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაზე ქალს აკისრებს, მაგრამ თუ მამაკაცი ცდილობს თავად რეალიზდეს, ყველამ იცოდეს, რომ ამაში ამ კაცის გვერდით მდგომი ქალის წვლილი უდიდესია.
ქალებს ბევრ სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ, მაგალითად ჯანდაცვის სერვისებზე. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რეგიონებში, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია და ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დოვლათს, უმეტესად, ქალი ქმნის, მათ მაინც ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ ფინანსურ რესურსებზე.
როგორია სოციუმის დამოკიდებულება, როცა ოჯახი იქმნება და პირველივე წელს შვილი არ იბადება?! „გულშემატკივრები“ თარიღებს ითვლიან, საზოგადოების ფსიქოლოგიური წნეხი ძალიან მძიმეა და ეს, ძირითადად, ქალზე მოდის. ჩვენ, ქალებს, საქართველოში არც თუ ისე იოლი გზით გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა.
ხშირად მაქვს დროის უკმარისობის შეგრძნება. მუდმივად ვცდილობ, დრო და რესურსი ისე გავანაწილო, არც ერთი წუთი ყურადღება არ მოაკლდეს შვილს, ქმარს, ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობელ ადამიანებს. ეს ძალიან მღლის და ხელს მიშლის, ვიყო უფრო პროდუქტიული. მგონია, რომ ყველა ქალი ასეა. მამაკაცს ეს ნაკლებად აწუხებს, რადგან მათ გვერდით არიან ქალები – დედა ან მეუღლე, რომლებიც მხარდაჭერასა და დახმარებას სთავაზობენ. მაქვს ურთიერთობა შერეული ტიპის ოჯახებთან, როცა ქალი ქართველია, მეუღლე კი უცხოელი. იქ თანაბრადაა ოჯახის საზრუნავი გადანაწილებული და ქალს მეტი დასვენების შესაძლებლობა აქვს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქალები, რომლებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ინფორმაციულ და სხვა რესურსებზე, განსაკუთრებით სოფლებში. აქ ქალები ელემენტარულ ურთიერთობებსაც კი მოკლებულნი არიან.
სოფლის კრებებზე ქალთა მონაწილეობა ძალიან დაბალია, მაშინ როცა პრობლემების მოგვარებას სოფლებში ქალები უფრო ითხოვენ. რწმუნებული, რომელიც შეხვედრას აორგანიზებს, როგორც წესი, ისეთ კაცებს ეპატიჟება, რომლებსაც, ასე ვთქვათ, სოფელში „სიტყვა ეთქმით“ და ამ პროცესში ქალებს ძალიან ნაკლებად რთავენ.
ძალიან დაბალია ქალების დამოუკიდებლობის ხარისხი. დაოჯახებამდე მამის ან ძმის გავლენის ქვეშ არიან, ხოლო დაოჯახების შემდეგ – ქმრის. საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ ითვლება, რომ თითქოს, „ქალი ქმრის საკუთრებაა“ და მათ მაგივრად ქმარმა უნდა გადაწყვიტოს; მაგალითად, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ქალის პოლიტიკურ პროცესში ჩართვა უნდოდა, მის მეუღლესთან მივიდა და მას სთხოვა, რომ „ხომ არ იფიქრებდა, მის მეუღლეს ადგილობრივ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა“.
დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ქალის ცხოვრებაში საიმისოდ, რომ ნაბიჯი გადადგას, რაღაც გააკეთოს, გარისკოს, ან არ გარისკოს, – ყოველ შემთხვევაში, თავის ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს.
ქალებს შეგვიძლია ძლიერი ცვლილებების მიღწევა. ამისთვის ძალა და ენერგია არ უნდა დავიშუროთ, უნდა ვიაქტიუროთ.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
მზითევი რა შუაშია, – შვილებს ქონება თანაბრად უნდა გაუნაწილო
მოძალადეს საზოგადოების დუმილი კვებავს
საკრებულოში არჩეული ქალები მოსახლეობის ნდობას ვამართლებთ – ლენა აბაშიძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი