საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია.

გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, ქონებრივ დეკლარაციებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2003 წლის 28 აპრილს შეავსო. ის მაშინ ხარაგაულის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. კობა ლურსმანაშვილი ამ თანამდებობაზე 2003 წლის 21 მარტს დაინიშნა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მანამდე სოფელ კიცხის გამგებლად მუშაობდა და მისმა შემოსავალმა ამ თანამდებობაზე მუშაობისას 300 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე თამარ ხუციშვილი ფლობს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე 50 ათასი ლარი ღირებულების ბინას.

კობა ლურსმანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მეორედ 2013 წლის 5 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშვნის შემდეგ შეავსო. მის ქონებას ამ პერიოდისთვის დაემატა მიწის ნაკვეთი სოფელ თეთრაწყაროში, რომლის ფართობია 7 ათასი კვმ. მის საკუთრებაშია 1999 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა kia sportigi სახელმწიფო ნომრით NUC-545.

კობა ლურსმანაშვილის მეუღლე თამარ ხუციშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი ბანკში“ ანაბრებზე ჰქონდა 4 000 ლარი, 5 000 ევრო და 4 600 დოლარი. კობა ლურსმანაშვილს კი იმ დროს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 150 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის შევსებისას კობა ლურსმანაშვილს ჰქონდა 6 ათასი ლარი ნაღდი ფული.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2001 წლის 5 მაისს კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მიერ ინდმეწარმედაა დარეგისტრირებული. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის სამეწარმეო საქმიანობაში 2005 წლის 5 მაისიდან 2013 წლის 12 თებერვლამდე მონაწილეობდა. 2012 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საწარმოს საქმიანობით მიღებულმა მისმა შემოსავალმა 12 ათასი ლარი შეადგინა. კობა ლურსმანაშვილი 2012 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, საიდანაც მან 10 ათასი ლარი მიიღო.

2014 წლის 8 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კობა ლურსმანაშვილის მეუღლის ქონებას დაემატა თბილისში, სოფელ გლდანში მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობია 591 კვმ. თამარ ხუციშვილს ამ პერიოდისთვის „ლიბერთი ბანკში“ ანაბარზე აქვს 5 250 ევრო. „თი-ბი-სი ბანკში“ 5 ათასი დოლარი და 7 300 ლარი.

კობა ლურსმანაშვილს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე აქვს 50 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 2 200 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ლურსმანაშვილის საკუთრებაში 26 ათასი ლარი ნაღდი ფულია. 2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას კობა ლურსმანაშვილის შემოსავალმა 32 462 ლარი შეადგინა.

კობა ლურსმანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია განმეორებით 2015 წლის 12 აპრილს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, კობა ლურსმანაშვილის ოჯახის ქონებას დაემატა მისი ქალიშვილის, ანი ლურსმანაშვილის სახელზე გაფორმებული, 36 კვმ ბინა გლდანის მასივის მეოთხე მიკრორაიონში. კობა ლურსმანაშვილის მეუღლე თამარ ხუციშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა „ლიბერთი ბანკის“ ანაბარზე 6 ათასი ლარი, „თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე – 5 500 დოლარი. კობა ლურსმანაშვილს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 500 ლარი ჰქონდა, საკრედიტო ანგარიშზე – 2 750 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ლურსმანაშვილის საკუთრებაში 6 ათასი ლარი ნაღდი ფულია. გასულ წელს გამგებლად მუშაობის პერიოდში მან 39 400 ლარი მიიღო.