ხარაგაულის კინოთეატრში, უკვე მეორედ, სრული ანშლაგით, თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლის „იისფერა“ ჩვენება გაიმართა.

„იისფერა“, გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით, რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.

„ხარაგაულში თოჯინების თეატრი 2009 წლიდან ავამოქმედეთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – უკვე 30 თოჯინა გვაქვს და უამრავი სპექტაკლი ვაჩვენეთ, როგორც დ. ხარაგაულში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სპექტაკლებს ვატარებთ ყველგან, სადაც კი თეჯირი მოთავსდება, – საკლასო ოთახში, სკოლის დერეფანში, ღია ცის ქვეშ მინდორზე და ა.შ. თოჯინების თეატრი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქედან იწყება თეატრის სიყვარული.

ხარაგაულის თოჯინების თეატრს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან რთულია ბავშვებისთვის სპექტაკლის გამართვა 300-კაციან დარბაზში. ამას სჭირდება თავისი, შედარებით პატარა სივრცე, უკეთესად რომ მოგვისმინონ და სპექტაკლი სრულად აღიქვან.

ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდება, რომ თოჯინების თეატრისთვის კულტურის ცენტრის ყოფილი შენობის დარბაზში მოეწყობა სივრცე, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენთვის. თოჯინების თეატრის სპექტაკლში თითქმის ყველა არაპროფესიონალი მსახიობია ჩართული. ამიტომ გვჭირდება მასტერკლასები, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ და მაღალი დონის სპექტაკლები გავმართოთ. იმ შესაბამის სივრცეში სპექტაკლიც სხვანაირი იქნება, დეკორაციაც.

კინოთეატრის სცენა ყველასთვის საერთოა; რამდენიმე დღეში ხარაგაულში საგალობლების საღამო უნდა გაიმართოს, ამიტომ დეკორაციის აღება მოგვიწევს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხარაგაულის თოჯინების თეატრს საკუთარი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.

სპექტაკლი „იისფერა“ თანადგომაზე, სიკეთესა და სიყვარულზეა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხარაგაულელი პატარებისთვის დაგვედგა. სპექტაკლისთვის თოჯინები დიდი ხნის წინ შევიძინეთ, თუმცა პიესაზე მუშაობა გაგვიგრძელდა.

ქალბატონო ირინე, თამაშობთ როგორც თოჯინების თეატრში, ისევე სახალხო თეატრში. რა რა განსხვავებაა თოჯინების სპექტაკლსა და სახალხო თეატრის სპექტაკლებს შორის?

– თოჯინების თეატრში როლის შესრულება ფიზიკურად ძალიან რთულია, თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში თოჯინას ათამაშებ. გამომსახველობითაც მეტად რთულია, მაყურებელი მსახიობის სახეს, მიმიკას ვერ ხედავს; მაყურებელთან უშუალოდ კონტაქტი არ გაქვს, დამალული ხარ თეჯირს მიღმა და უსიცოცხლო თოჯინა ისე უნდა გააცოცხლო, რომ ემოციები პატარებამდე მიიტანო. ჩვენ აქ 2-3 წლის მაყურებლებიც კი გვყავს და მასზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინო“.

სპექტაკლში „იისფერა“ მონაწილეობენ მსახიობები:
ჩიტი „ჭრელა“  – ირინე ჩხეიძე;
თაგუნია „იისფერა“ – მაია ბერაძე;
თევზი „დგაფუნა“ – ლუიზა კიკნაძე;
კატა – გიორგი ჭიპაშვილი;
გენერალი – ნიკოლოზ წიკლაური;
ყვავილი – მანანა ოსანაძე;
სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.

სპექტაკლის პრემიერა ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს, გაიმართა, დღეს კი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თხოვნით ხელმეორედ ჩატარდა.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი განწყობის შექმნაა.

„დღეს ჩვენ დარბაზში უამრავი ბედნიერი ბავშვი ვნახეთ. ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, ბოლომდე არ აქვს გათვიცნობიერებული, თუ რა ხდება სპექტაკლზე, მაგრამ განსაკუთრებით დიდ ემოციას იწვევს მათში უშუალოდ თოჯინებთან შეხება. ეს დადებითი მუხტი მათ მიჰყვებათ ძალიან დიდხანს, შეიძლება მთელი სიცოცხლეც“, – ამბობს თამარ ავალიშვილი.

„46 წელია, უკვე სცენაზე ვარ, – ამბობს თევზი „დგაფუნას“ როლის შემსრულებელი ლუიზა კიკნაძე, – როცა სპექტაკის ბოლოს ბავშვების ანთებულ თვალებს ვუყურებ, ეს ყველა აღიარებას სჯობია. პატარა მაყურებლები ისეთი გაფართოებული თვალებით გიცქერენ და ისეთი ემოციები აქვთ, რომ ღირს ეს ყველაფერი ნებისმიერ შრომად და წვალებად. ჩვენ აქ დიდი ანაზღაურება არ გვაქვს, ჩვენი საქმის სიყვარული და ამ ბავშვების ემოცია გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ ვითამაშოთ“.

თამთა გოგოლაძე

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის სალოტბარო სკოლას ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდება

ჭიათურის თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება

„ოდეონის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ზრდასრულთა განათლების ცენტრის მსმენელებს ტრანსპორტირებაში დახმარება სჭირდებათ