ვარინკა წერეთლის სახელობის ლირიული სიმღერების ტრადიციულ ფესტივალში „ვარინკობა 2017“ ხარაგაულელმა მომღერალმა თიკო ჯანიაშვილმა გრან-პრი დაიმსახურა.

ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროს ღია თეატრონზე იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

თიკო ჯანიაშვილი მსმენელის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან თამარ გვერდწითელის „საქართველო“ და ვაჟა აზარაშვილის „მიდიან დღეები“ შეასრულა.

ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კომპოზიტორები რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია, მაია ჯანიკაშვილი.

თიკო ჯანიაშვილს სპეციალური პრიზი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 900 ლარი, გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 800 ლარი ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ანსამბლმა „ბერმუხამ“ დაიმსხურა. მეორე ადგილი ბაღდადის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ვოკალურ ტრიო „იმერეთს“ ერგო. მათ ფულადი პრიზი, 700 ლარი მიიღეს. მესამე ადგილი და ფულადი პრიზი 600 ლარი, თერჯოლის ქალთა ანსამბლს „იამეს“ ხვდა წილად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე თიკოს წარმატებით ძალიან გახარებულია და ამბობს, რომ „ვარინკობაზე“ გრან-პრი ხარაგაულელებმა უკვე მეოთხედ მოიპოვეს  – 1988 წელს – ანსამბლმა „შემოძახილი,“ 2008 წელს – ანსამბლმა „ოდილა,“ 2016 წელს – სალომე კვირიკაშვილმა, 2017 წელს – თიკო ჯანიაშვილმა. კიდევ მრავალი გამარჯვება ჩვენს ხარაგაულს!“

ვულოცავთ ხარაგაულელ მომღერალ თიკო ჯანიაშვილს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.