ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალი „სულიკო 2019“ გაიმართა.

მუსიკალური ღონისძიების აღნიშვნა, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის სკვერში ბიუსტის გახსნით დაიწყო. ფესტივალში იმერეთის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეთა შედეგებს, ცნობილი კომპოზიტორები და მომღერლები აფასებდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრან პრი, ვანის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, გუჯი ძაგნიძემ აიღო. პირველი ადგილი, ქუთაისელმა ნიცა კირვალიძემ, მეორე ადგილი, ხარაგაულელმა, ნინო რამიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ქალთა ვოკალურმაანსამბლმა ჰარმონია.

ლირიული სიმღერების ფესტივალი„ვარენკობა” ტრადიციულია.  2018 წელს ხარაგაულის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ ფესტივალზე „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლის“ ტიტულით დაჯილდოვდა. 2017 წელს ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი ხარაგაულელი თიკო ჯანიაშვილი გახდა.

„ვარენკობის“ დღესასწაული 2019 წლიდან  სახელწოდებით – მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის, ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო“ გაიმართება.

ფესტივალს საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი სიმღერა „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

 

ფოტოზე: ნინო რამიშვილი (მარჯვნიდან პირველი) ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძესა და მომღერალ ნუგზარ კვაშალთან ერთად.