ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მაღალი ანაზღაურების მქონე საჯარო მოხელეებიც არიან.
ამის შესახებ ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს 3 ოქტომბრის სხდომაზე ისაუბრა. მან სოციალური დახმარების მიმღებ საჯარო მოხელეთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა და კოლეგებს მოუწოდა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის სამართლიანობაზე ემსჯელათ.
ნამდვილად იღებს თუ არა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული ფულად სოციალურ დახმარებას, – ამ საკითხზე ხმაურიანი დავისას საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ თავად განაცხადა, რომ ფულად სოციალურ დახმარებას მისი სამი შვილიც იღებს, – „საჯარო მოხელე მე ვარ და არა – ჩემი შვილებიო“ (?!).
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების უფროსმა კიაზო გამრეკელაშვილმა, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია, სხდომაზე განაცხადა, რომ ყოველთვიურად 150 ლარი ფულადი დახმარება ენიშნებათ იმ ოჯახის 16 წლამდე ასაკის წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 ათასზე ნაკლებია.
„სარეიტინგო ქულას ჩვენ არ ვითვლით, – ამბობს კიაზო გამრეკელაშვილი, – პროგრამა ითვლის. დაითვალა პროგრამამ, იმ საჯარო მოხელეების დეკლარაციებში ხელფასიც ეწერა და ყველაფერი და ჩამოვიდა ეს ქულა. კი ბატონო, ისინი არიან საჯარო მოხელეები და ბავშვებზე მოუწიათ ეს დახმარება“.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 410 ლარია. მისი მეუღლის, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში მუშაობს, – 1 320 ლარი.
„რატომ უნდა იღებდეს სოციალურ შემწეობას საჯარო მოხელე, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს მაშინ, როცა ამ დახმარებას ვერ იღებენ ოჯახები, ვისაც ეს ფულადი შემწეობა საარსებოდ სჭირდებათ?!“ – აცხადებდა თორნიკე ავალიშვილი სხდომაზე.
მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ავალიშვილი საკრებულოს სხდომიდან პოლიციის ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გავლის შესაძლებლობას არ აძლევდა და სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ფულადი შემწეობის მიმღებ საჯარო მოხელეთა შესახებ ინფორმაციას მოითხოვდა.
ამ სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების უფროსი კიაზო გამრეკელაშვილი თორნიკე ავალიშვილს პასუხობს, რომ დახმარების მიმღებთა ვინაობა კონფიდენციალურია. თუმცა ამ პირთა სიას მისცემს იმ შემთხვევაში, თუ მიუთითებს ინფორმაციის გამოყენების კონკრეტულ საფუძველსა და მიზანს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონს შეესაბამება.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ, 2021 წლის 25 ოქტომბერს პარტიას – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5 ათასი ლარი შეწირა.
ამავე თემაზე
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში