ცხოველთა ვაქცინაციას და მათ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს.

ამ სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ავთო ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა ვაქცინაციის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტში გეგმით გათვალისწინებულია 3500 სული ძაღლისა და კატის ცოფზე ვაქციანაცია.

„2022 წლის 1 ოქტომბრიდან  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჩემი რეკომენდაციით, აიყვანა ოთხი შტატგარეშე თანამშრომელი – სამი ვეტერინარი და ერთი დამხმარე, რომლებიც ახორციელებენ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, – ამბობს ავთო ვეფხვაძე, – მუნიციპალიტეტის 25 სოფელში დაახლოებით 1800 ძაღლი და კატაა აცრილი.

მთელი მუნიციპალიტეტი სრულად რომ მოვიცვათ, ჩვენი ძალებით ამას ვერ ვახერხებთ. მაგალითად, კიცხის ზონაზე დასაქმებულმა ორმა პირმა ერთი თვე იმუშავა და შემდეგ ხელშეკრულება საკუთარი სურვილით შეწყვიტა. ამიტომ, გასული წლის მსგავსად, სურსათის ეროვნული სააგენტო ვაქცინაციისთვის სხვა თანამშრომლებს გამოყოფს.

2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან შემოსულია ცხოველთა მიერ ადამიანთა დაკბენის 74 შეტყობინება. შეტყობინების შემდეგ ცხოველზე მყარდება ათდღიანი ზედამხედველობა. საბედნიეროდ, 74-ვე შემთხვევა დასრულდა ისე, რომ ცხოველები იყვნენ ჯანმრთელი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოველის მიერ დაკბენის შემთხვევაში მოქალაქემ მაშინვე დაიწყოს ანტირაბიული აცრები. ასეთ დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია.

ახლახან მარელისის საკალმახეში აიღეს თევზის ნიმუში აკრძალური ნივთიერების ვეტპრეპარატებისა და დამაბინძურებლების კვლევის ჩატარების მიზნით. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ აღმოჩნდა. ამ საკალმახეში დაცულია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნებიც.

2022 წლის ბოლომდე ხარაგაულში არსებულ ყველა ვეტაფთიაქში განხორციელდება მონიტორინგი და შედგება შესაბამისობის აქტი. მუნიციპალიტეტში სულ ოთხი ვეტაფთიაქი ფუნქციონირებს. ინდმეწარმეებს განახლებული უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში, დაცული უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატების ეტიკეტირებისა და მისი შენახვის პირობები. შემოწმდება ვეტპრეპარატებიც.

ვეტერინარების სიმცირის გამო პრობლემაა მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა საქმის კურსშია და ალბათ ამ  მხრივაც ვეტერინარებს სხვა მუნიციპალიტეტებიდან დაგვახმარენ.

მსხვილფეხა პირუტყვზე ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხარაგაულის ოთხ სოფელში – დეისში, ზვარეში, ნუნისსა და ჩრდილში ჩავატარე. 2020 წელს სოფელ ჩრდილში ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი დაფიქსირდა. წელს 760 სული საქონელი ავცერი. ექვსი თვის შემდეგ მოზარდ პირუტყვს უწევს რევაქცინაცია და ამავე დროს აიცრება 4 თვემდე ასაკის პირუტყვი, რომელიც პირველი ვაქცინაციის დროს ვერ აიცრა.

სოფელ ჩრდილში ჯილეხის გაჩენა, სავარაუდოდ, მიწის სამუშაოებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ეს ნიადაგობრივი ინფექციაა. სპორაწარმომქმნელი ბაქტერია ნიადაგში ათწლეულების განმავლობაში ძლებს.

ცხოველის ინფიცირების შემდეგ მოსახლეობამ დაავადებული ცხოველები დაკლა. ხორცის დამუშავებისას 16 ადამიანი დაავადდა. საბედნიეროდ, ღონისძიებები დროულად ჩავატარეთ.  შეტყობინებისთანავე ჩავატარეთ დეზინფექცია და აცრები. ამ ფაქტის შემდეგ სავალდებულოა, რომ ჩრდილში, დეისში, ზვარესა და ნუნისში ჯილეხის საწინააღმდეგო აცრები მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან ცხოველებსა და ცხენებს ყოველწლიურად ჩავუტაროთ.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მწავედ დგას. ასეთი ცხოველები რომ საშიშები არიან და შესაძლოა, ცოფი ჰქონდეთ, ამას თქმა არ უნდა. ხარაგაულში ბევრი ადამიანი ზრუნავს მიუსაფარ ძაღლებზე. მათ შორისაა ანა მაღლაფერიძე, რომელსაც საცხობი აქვს. ის მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაციაში დამეხმარა“.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ქუჩა არ არის ჩვენი ოთხფეხა მეგობრების არჩევანი – დაუძლეველი პრობლემა მუნიციპალიტეტებში