საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა 2024 წლიდან პედაგოგის სტატუსი უნდა მიიღონ. ამისთვის აღმზრდელების გადამზადების პროცესი დაიწყო.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 25 თანამშრომელი – აღმზრდელები, ლოგოპედები, ფსიქოლოგები, სპეცპედაგოგები – „ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების“ 66 საათიან ტრენინგ-კურსს გადიან.
მათთან ტრენინგებს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდი ატარებს. პირველი ტრენინგი ხარაგაულში ამ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქობულაძემ ჩაატარა.
„ეს ტრენინგები უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მიღება სურს, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი, – ტრენინგები ოქტომბრის ოთხივე შაბათ-კვირას ჩატარდება. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა დავალებები უნდა შეასრულონ, უნდა შექმნან პორტფოლიო და ეს ნამუშევრები იქ ატვირთონ.
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში, ტესტირება იგეგმება. ის, ვინც ამ ტესტირებას წარმატებით ჩააბარებს, სერტიფიკატს მიიღებს.
ტრენინგზე მნიშვნელოვან თემებს განვიხილავთ – ესენია – კანონი ადრეული განვითარების შესახებ, სკოლამდელი განათლების სტანდარტი, ინკლუზიური განათლების პრინციპები, უსაფრთხო გარემო საბავშვო ბაღში, აღსაზრდელებზე დაკვირვების ფორმები და მეთოდები, ბავშვთა კეთილდღეობა და სხვ.
პირველ ეტაპზე ტრენინგში მონაწილეობენ ის აღმზრდელები, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და აღმზრდელად მუშაობის 4-წლიანი სტაჟი. ეტაპობრივად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 22-ვე საბავშვო ბაღის თანამშრომლები გადამზადდებიან.
ამ სწავლების საბოლოო მიზანი საბავშვო ბაღებში ხარისხიანი სკოლამდელი განათლების დანერგვაა“.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, ტრენინგების ჩასატარებლად ამ ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 4 890 ლარი დაიხარჯება.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.