ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 18 მაისის სხდომაზე ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა  ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მაცხოვრებლები მიიწვია.

მოქალაქეების განცხადებით, სხდომაზე იმის დასადასტურებლად მივიდნენ, რომ ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა ნამდვილად მათი სურვილია.

მოქალაქეებმა გააპროტესტეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ბიუჯეტიდან სუბსიდიით დაფინანსებულ გაზეთში „ახალი ხარაგაული“ გამოქვეყნდა.

ბიუროს სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ გაავრცელა განცხადება, რომელსაც გთავაზობთ:

„საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო მცირე განმარტება. დასაწყისში მინდა პატივისცემა გამოვხატო ბაზალეთის ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობისადმი, და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები იყვნენ არასწორი, დემაგოგიური (საკითხის არამართებულად გაშუქება, შეგნებულად ფაქტების დამახინჯება) ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლნი.

ჩემს მიერ არასოდეს განხორციელებულა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რაც რთულად აღსაქმელი არ უნდა იყოს, თუ ჩემს საქმიანობას თვალს მიადევნებთ.

ჩემთვის დაკავებული თანამდებობა ეს არის საზოგადოების პრობლემების გადაჭრაში დახმარების შესაძლებლობა და სასარგებლო ცვლილებებში მონაწილეობა. კიდევ ერთი მოტივაცია, რომლის გამოც საჯარო საქმიანობას ვეწევი, გახლავთ საზოგადოების თვალში ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდა.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, კვლავ ვრჩები იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რაც გულისხმობს თითოეულ ადამიანთან გულწრფელი და პატიოსანი ურთიერთობების დამყარებას. სხვებისგან განსხვავებით ჩემი საქმიანობის სანაცვლოდ მოსახლეობის მხრიდან არ ველოდები აღტაცებასა და აღიარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქმიანობის პროცესში შევძლოთ დავიცვათ ეთიკური სტანდარტები, რასაც ხარაგაულის რეალობაში ძნელად თუ ვახერხებთ და სამწუხაროდ, ამის მონაწილეებს ვხდით საზოგადოებასაც.

ვფიქრობ, საკრებულოს დარბაზში შეკრებილი ადამიანების რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მათთან არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო.

მზად ვარ, მივიდე მათთან და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცე. ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ვგეგმავ ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრას.

არასოდეს დამიყრია ფარ-ხმალი და არც ახლა ვაპირებ. დიდი იმედი მაქვს, საღი აზრის გამარჯვების და დარწმუნებული ვარ, არასერიოზული დემაგოგიური ქმედებები ვერ გაგრძელდება დიდხანს და თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

რაც შეეხება ფაქტის სინამდვილეს, საკითხი ეხებოდა სოფელ გოლათუბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის შესახებაც მომზადებული სტატია განთავსდა დამოუკიდებელ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“.

გაზეთისა და ჟურნალისტის სანდოობასა და პროფესიონალიზმს, გარდა თვითმმართველობის ჩინოვნიკებისა, ჰყავს სხვა შემფასებლებიც და დასკვნების გამოტანა საზოგადოებას არ გაუჭირდება.

თავად ფაქტი, რომ თვითმმართველობისგან დაფინანსებული გაზეთი დაკავებულია მმართველი პოლიტიკური გუნდის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენით, ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ „გონივრულად“ ვხარჯავთ საბიუჯეტო სახსრებს.

ვის სჭირდება აღნიშნული გაზეთის არსებობა და რატომ იწვევს ინგა მაღრაძის მხრიდან მსგავსი ტიპის საკითხებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გარკვეული პირების გაღიზიანებას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს,“ – წერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.