სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება 30 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება.
სტუდენტებმა, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, შესაბამისი დოკუმენტები და განცხადებები ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge/login უნდა ატვირთონ.
ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით რამდენი სტუდენტი დაფინანსდება, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს #419 დადგენილებით განისაზღვრა.
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დააფინანსებს შემდეგ სტუდენტებს, რომლებიც არიან:
- მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილით) წევრები;
- მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის სკოლის კურსდამთავრებულები;
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სოფელ პერევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
- თავის ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში;
- ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;
- არიან 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
- არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
- არიან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
- არიან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ან ასეთი სტატუსის მქონე პირების შვილები;
- არიან ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა შთამომავლები და მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
- არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);
- არიან მკვეთრად/ მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში;
- არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები.
წყარო