ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ოჯახებისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია.

შარშანდელთან შედარებით, სასკოლო ნივთებსა და ტანსაცმელზე, ფასები თითქმის გაორმაგებულია. მშობლები ამბობენ, რომ წინასწარ თადარიგის დაჭერა უჭირთ, რადგან ოჯახის საერთო შემოსავალი თვიდან თვემდე ყველა საჭიროებისთვის არასაკმარისია.

ლია ჭიპაშვილის ორი შვილი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლობს. გიმნაზია, როგორც კერძო სკოლის სტატუსის მქონე, სახელმწიფოსგან სახელმძღვანელოებს უფასოდ ვერ იღებს. ამ გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები სწავლის დაწყების დღეს გაარკვევენ, რამდენად უზრუნველყოფს სკოლა წიგნებით. ზოგიერთ სახელმძღვანელოს ნათხოვრობენ. თუმცა, ლია ამბობს, რომ 200-250 ლარი ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოებისა და რვეულების შესაძენად მაინც სჭირდება.

ლია ჭიპაშვილმა 1000 ლარი დახარჯა შვილებისთვის თითო-თითო ხელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები რომ ეყიდა. მისი თქმით, უბრალო ბოტასი 60 ლარზე ნაკლები არ ღირს.

მწირი ბიუჯეტით რასაც გასწვდა, ისე შეუძინა ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვახანში მცხოვრებმა ეკა ჭინჭარაულმა შვილებს. ის ამბობს, რომ უფასო სახელმძღვანელოები ოჯახებისთვის დიდი შეღავათია. „აუცილებელი სასკოლო ნივთები შევიძინეთ, – ამბობს ეკა ჭინჭარაული, – სურვილის მიხედვით სად არის, მშობლებს რომ გვინდა, საუკეთესოდ გვყავდეს ჩვენი შვილები, სასკოლოდ შესაძლებლობის მიხედვით მოვემზადეთ“.

ხიდარში მცხოვრებმა თამარ თაბუკაშვილმა მეცხრეკლასელ შვილს ახალი მხოლოდ ჩანთა უყიდა. სასკოლო ნივთები – კალმები, რვეულები და ფანქრები გასული სასწავლო წლიდან შემორჩა. ნათესავებმა და მოძღვარმა მის შვილს საჩუქრად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოუგზავნეს. თამარი ამბობს, რომ დღეს ყველაზე მეტი შემოსავალი სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს აქვთ.

ხევში მცხოვრები ნათია იჩიქიტიძის ოჯახში მხოლოდ მეუღლე მუშაობს. ორი შვილის სასკოლოდ მომზადება ნათიას ძალიან გაუჭირდა. „ფაქტობრივად, ჩვენი შემოსავლები ოჯახის საჭიროებებს ძლივს წვდება, – ამბობს ნათია იჩქიტიძე, – ძალიან ძვირი ჯდება სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ათასი წვრილმანი, რადგან, შარშანდელთან შედარებით, ყველაფერი გაძვირდა. ოჯახის მინიმალური საჭიროებები და შესაძლებლობები ერთმანეთს აცდენილია“.

ხარაგაულის მაღაზიებსა და ზესტაფონის ბაზრობაზე სასკოლო ჩანთების ფასი, ხარისხისა და ზომის მიხედვით, 40 ლარიდან იწყება; პერანგების, შარვლებისა და ქვედაბოლოების – 25 ლარიდან, ფეხსაცმელი 45 ლარიდან 70 ლარამდე დაგიჯდებათ.

რაც შეეხება სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს, რვეულების ფასი 40 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს, კალმების – 50 თეთრიდან 90 თეთრამდე, სახატავი რვეულების – 70 თეთრიდან 5 ლარამდე. ფერადი ფანქრების ფასი 3, 5 ლარიდან იწყება, პენლების ფასი – 4, 5 ლარიდან. 9 ლარი ღირს გუაში.

ამავე თემაზე
ხარაგაულში მოსახლეობის უმრავლეობას თავი „ნისიად“ გააქვს

გვინდა, ოჯახი საკუთარი შრომით ვარჩინოთ