დღეს, 14 სექტემბერს, ამერიკის ქალაქ პასადენაში, NASA-ს ლაბორატორიაში, ქართველი რეჟისორი და მკვლევარი, რამაზ ბლუაშვილი მოხსენებით წარდგება.

2016 წლიდან რამაზ ბლუაშვილმა განახორციელა არაერთი პროექტი, რომლებიც დაკავშირებულია 1977 წელს NASA-ს მიერ კოსმოსში ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ გაგზავნის ისტორიულ ფაქტთან. მან გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „სიმღერა“. მისი ორგანიზებით 2017 წელს საქართველოში მოეწყო ვოიაჯერის პროექტის 40 წლის საიუბილეო კვირეული, რომელსაც დაესწრენ NASA-ს მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და ვოიაჯერის პროექტის ხელმძღვანელი ჯონ კასანი.

რამაზ ბლუაშვილმა 300-ზე მეტი საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოში, მათ შორის ხარაგაულში, სახელწოდებით – „ავიაციიდან პოლიფონიამდე“.

2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტში NASA-ს მარსმავალის  – „Perseverance“ – ზუსტი ზომის მოდელი რამაზ ბლუაშვილის ინიციატივით შეიქმნა, ხოლო კუროტ ბიოლის ტერიტორიაზე ვოიაჯერის და ქართული ხალხური სიმღერის 7 მეტრიანი ქანდაკება დაიდგა.

NASA-ს მთავარი ინჟინერის, რობ მენინგის აზრით, რამაზ ბლუაშვილის მიერ, წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები ძლიერ ინსპირაციად იქცა NASA-ს თანამშრომლებისთვის. ამის გამო 2022 წლის 14 სექტემბერს ჩაინიშნა რამაზ ბლუაშვილის მოხსენება, ლეგენდარულ Von Karman-ის აუდიტორიაში, NASA-ში.

ამერიკაში რამაზ ბლუაშვილთან ერთად იმყოფებიან ანსამბლ „ერისიონის“ გენერალური დირექტორი ოთარ ბლუაშვილი, რომელიც ანსამბლში მღეროდა მაშინ, როდესაც „ჩაკრულო“ კოსმოსში გაიგზავნა და ერისიონის სოლისტი თამაზ ბლუაშვილი. მოხსენების დასასრულს, იმავე დაწესებულებაში, სადაც 45 წლის წინ გადაწყდა ქართული სიმღერის კოსმოსში გაგზავნა, ცოცხლად აჟღერდება „ჩაკრულო“. ეს იქნება ისტორიული მოვლენა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან NASA-ში და საქართველოშიც.

ამერიკაში იმყოფება ოპერატორი გიორგი ბაბილოძე, რომელიც რამაზ ბლუაშვილის ამერიკაში ვიზიტს გადაიღებს და მასთან ერთად შექმნის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს – „საქართველო ნასაში“. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ „ნასას“ ხელმძღვანელობა და ინჟინრები, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორები, ჰოლივუდის ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ლინჩი და სხვები.

ფოტოზე: სან-ფრანცისკოს საქართველოს საკონსულოში