ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ პროექტის „შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში 10 ნოემბერს ხარაგაულელ დოკუმენტალისტსა და რეჟისორს რამაზ ბლუაშვილს უმასპინძლა.
ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორ ნიკო მაჭავარიანისგან წარდგენის შემდეგ მან მსმენელს წარუდგინა კვლევა „ავიაციდან პოლიფონიამდე და კოსმოსამდე“.
რამაზ ბლუაშვილის კვლევა ეხება ამერიკაში მოღვაწე ქართველ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილსა და სიმღერა „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ისტორიას.
შეხვედრაზე შევიტყვეთ სასიამოვნო ამბავი, რომ 2020 წელს დედამიწიდან გაგზავნილ ახალ მარსმავალზე რამაზ ბლუაშვილის ხელმოწერა იქნება.
-2000 წელს, ამერიკაში სწავლისას, არქივებში წავაწყდი გვარს „ქართველი“ – იხსენებს რამაზ ბლუაშვილი, – გამოვიკვლიე, რომ ეს იყო ალექსანდრე ქართველიშვილი, ამერიკაში ავიაციის ლეგენდად ცნობილი ავიაკონსტრუქტორი.
თუ ადამიანი ამერიკაში გახდება პოპულარული, მას უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. ალექსანდრე ქართველიშვილის სახით ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც საქართველოსა და ამერიკას ძალიან მჭიდროდ აკავშირებს.
ალექსანდრე ქართველიშვილი 1896 წელს თბილისში დაიბადა. ბავშვობიდან აინტერესებდა ავიაცია. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ავიაციის შესასწავლად გაგზავნა პარიზში, სადაც მან ორი ინსტიტუტი დაამთავრა. 1921 წელს, რუსეთმა რომ საქართველო დაიპყრო, ალექსანდრემ საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
პარიზში შეხვდა ამერიკელ ჩარლზ ლევინს, რომელიც ავიაციაში ფულის დაბანდებას გეგმავდა. მას სურდა ისეთი თვითმფრინავი ჰყოლოდა, რომელიც ნიუ-იორკიდან პირდაპირ პარიზში ჩაფრინდებოდა. ალექსანდრე ქართველიშვილს პროექტი მზად ჰქონდა და ამიტომ ის ჩარლზ ლევინს ამერიკაში წაჰყვა. მათი ურთიერთობა ხანგრძლივი ვერ აღმოჩნდა.
1931 წელს ალექსანდრე ქართველიშვილი შეხვდა ბიზნესმენ ალექსანდრე დე სევერსკის, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თბილისში და მისი ნამდვილი სახელი და გვარია ალექსანდრე გედევანიშვილი.
ალექსანდრე ქართველიშვილი ქმნიდა თვითმფრინავებს, რომლებსაც ალექსანდრე დე სევერსკი მთელ მსოფლიოში წარმატებით ყიდდა. 1943 წელს მან შექმნა P-47 – ყველაზე ცნობილი სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც „შვილსაც“ კი ეძახდა. ამ თვითმფრინავმა მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომი მოაგებინა.
1944 წელს ამერიკამ საბჭოთა კავშირს ეს თვითმფრინავები გადმოსცა. P-47-მა მსოფლიო რეკორდი მოხსნა – ეს მოდელი 15 600 ცალია წარმოებული. არქივში ბევრი მფრინავის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი სამადლობელი წერილი ინახება სადაც აღნიშნულია, რომ მისი თვითმფრინავის წყალობით გადარჩნენ ცოცხლები. ვიეტნამის ომში სამხედრო ოპერაციების 75% ამ თვითმფრინავით ჩატარდა. P-47 დღესაც გამოიყენება ყველგან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მისია და ნატოს ჯარებია. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ყველაზე ძნელია ამ თვითმფრინავების განადგურება.
2008 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავს ნიუ-იორკთან მივაგენი. მას შემდეგ იქ ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან. საფლავის ქვაზე აწერია „ქართველი.“ ამერიკაში მას „მისტერ ქართველს“ ეძახდნენ და მსოფლიო ავიაციის ლეგენდაა თვითმფრინავის თერთმეტ საკუთარ მოდელთან ერთად.
ალექსანდრე ქართველიშვილის ისტორიას „ნასაში“ ვიკვლევდი. მამაჩემი, ოთარ ბლუაშვილი, ბავშვობიდან სიმღერა „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებაზე გვესაუბრებოდა. „ნასაში“ ამითაც დავინტერესდი. 1977 წელს „ნასამ“ განახორციელა პროექტი „ვოიაჟერი“ – დედამიწიდან ოქროს დისკზე ჩაწერილი გზავნილი კოსმოსში გაუშვა.
ამ დისკზე ჩაწერეს სიმღერა „ჩაკრულო.“ როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული სიმღერა კოსმოსში გასაშვებად შეირჩა, – ამ საკითხის გასარკვევად დამაკავშირეს „ვოიაჟერის“ სამხატვრო ხელმძღვანელ ენნ დრუენთან, რომლის მეუღლის, კარლ საგანის ძალისხმევითაა „ჩაკრულო“ დღეს კოსმოსში. ქალბატონმა ენნმა მითხრა, სულ მინდოდა, ვინმე ქართველს „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ისტორია ეკითხაო.
40 წლის წინ, კოსმოსში გასაშვებ სიმღერას რომ არჩევდნენ, ამერიკელ ფოლკლორისტ ალან ლომაკსს მიმართეს. მან პროექტის ავტორებს „ჩაკრულო“ მოასმენინა. თუ გინდათ დედამიწიდან რაიმე განსაკუთრებული გაუშვათ, ეს სიმღერააო, – უთქვამს ფოლკლორისტს. მეორე დღეს „ნასაში“ მოსკოვიდან დარეკეს, – საქართველო დამოკიდებელი ქვეყანა არაა, ამიტომ კოსმოსში სიმღერა „მოსკოვური საღამოები“ უნდა გაუშვათო. კარლ საგანის პრინციპულობამ, კოსმოსში შედევრი გაეშვათ, გაიმარჯვა. დღეს „ჩაკრულო“ დედამიწიდან 20 მილიარდი კილომეტრის დაშორებით მოგზაურობს.
ამ ისტორიაზე ფილმი „სიმღერა“ გადავიღე. ფილმზე მუშაობისას „ნასაში“ გავიცანი ჯონ კასანი, რომელმაც ოქროს დისკზე ჩაწერილი „ჩაკრულო“ კოსმოსში გაუშვა.
ფილმი „სიმღერა“ მოგვითხრობს, თუ როგორ იქცა „ჩაკრულო“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სიმბოლოდ. ეს მეგობრობა 40 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
სექტემბრის ბოლოს თბილისში პროექტ „ვოიაჟერის“ 40 წლის იუბილე აღვნიშნეთ. თბილისის ოპერის სცენაზე ერთმანეთს შევახვედრე ორი ლეგენდა – „ჩაკრულოს“ სოლისტი როსტომ საგინაშვილი, რომლის ხმაც კოსმოსშია და „ვოიჟერის“ ავტორი ჯონ კასანი ერთმანეთს შეხვდნენ. ჯონ კასანმა ბატონ როსტომს ოქროს დისკის ასლი გადასცა. ეს დღე იყო ქართული კულტურისა და ამერიკული მეცნიერების, ქართულ-ამერიკული მეგობრობის დიდი ზეიმი. კონცერტის ბოლოს „ჩაკრულო“ ანსამბლ „ერისიონის“ ექვსმა თაობამ შეასრულა, მოცეკვავეებმა სცენაზე ქართული და ამერიკული დროშები გამოიტანეს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი