ხევის საჯარო სკოლამ განათლების სამინისტროდან თანხმობა მიიღო, რომ 2023 წლის იანვრამდე ერთი ოთახი ხევის საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის გამოყოს.
19 სექტემბრიდან ხევის საბავშვო ბაღის 27 აღსაზრდელიდან სწავლას მხოლოდ 10 ბავშვი დაიწყებს, სასკოლო მზაობის ჯგუფში. ამ საბავშვო ბაღის დანარჩენი აღსაზრდელები სკოლამდელი განათლების მიღმა აღმოჩნდნენ. ამით, სკოლამდელთა და მათი მშობლების უფლებები ირღვევა.
ხევის საბავშვო ბაღის შენობა რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდა. ამ მიზეზით, ამ ბაღმა გასული სასწავლო წელი ნაქირავებ სახლში, საბავშვო ბაღისთვის არასტანდარტულ გარემოში გაატარა.
ხევის საბავშვო ბაღში სწავლა 2022 წლის ივნისში, სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით შეწყდა – კერძო სახლის სამზარეულო და სველი წერტილები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
2020-2021 სასწავლო წელი ხევის საბავშვო ბაღში სრულფასოვნად ვერ წარიმართა – აღსაზრდელებს ვერ აძინებდნენ, რადგან კერძო სახლში მხოლოდ ერთი ოთახი და სამზარეულო ჰქონდათ დაქირავებული.
ბაღის ფუნქციონიება რომ სრულყოფილად ვერ აღდგება, ეს ძალიან აწუხებს მშობელს ხათუნა ფუტკარაძეს. ის მრავალშვილიანი დედაა. მისი ორი შვილი სკოლაში დადის. მესამე შვილი 4 წლისაა და სასკოლო მზაობის ჯგუფში მიღებაზე უარი უთხრეს, უმცროსი შვიდი თვისაა.
„ახლა ჩემი ოჯახისთვის საბავშვო ბაღი ძალიან აუცილებელი იყო, – ამბობს ხათუნა ფუტკარაძე, – საბავშვო ბაღში შვილი ვერც გასულ სასწავლო წელს ვატარე, რადგან ნაქირავები ბინის პატარა ოთახში ყველა აღსაზრდელი ვერ ეტეოდა. ჩემთვის ხევში საბავშვო ბაღის სრულყოფილად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია“.
ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის ასაგებად რომ ტენდერი გამოაცხადოს, რიკოთის ავტობანის მშენებელი კომპანია დასტურს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ელოდება. მშენებელი კომპანიიდან გვპასუხობენ, რომ ტენდერს, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოაცხადებენ და 2022 წლის ბოლოსთვის თანამედროვე სტანდარტების, 50 ბავშვზე გათვლილი შენობა მზად იქნება.
2021 წლის მარტში, როცა ავტობანის მშენებელმა ხევის საბავშვო ბაღის შენობის დაცლა მოითხოვა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ სავარაუდოდ ივნისში, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებოდა და 2021 წლის სექტემბრისთვის დასრულდებოდა.
რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ადგილობრივმა თვითმმართველობამ წელიწადნახევრის განმავლობაში საიმისოდ, რომ ხევის საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლება ყველა აღსაზრდელისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და არ დარღვეულიყო კონსტიტუციით გარანტირებული – განათლების მიღების უფლება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
„რიკოთის ავტობანის მშენებლობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტია და ობიექტური გარემოებაა, რამაც მიგვიყვანა აქამდე, – გვიპასუხა ვარლამ ჭიპაშვილმა, – ხევში საბავშვო ბაღი აშენდება და ამისთვის ფინანსებს თვითმმართველობა ვერ დახარჯავდა, რადგან ამ ავტობანის მშენებლობის ფორმატშია.
გულხელდაკრეფილი არ ვმსხდარვართ – ხევის საბავშვო ბაღისთვის ვიქირავეთ ფართი, სადაც შესაბამისი ნორმები, სურსათის უვნებლობის კუთხით, ვერ დაკმაყოფილდა. სხვა ალტერნატიული ფართი საბავშვო ბაღისთვის ხევის ტერიტორიაზე ვერ მოვიძიეთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას გააგრძელებდა, ხევის სკოლაა. სასწავლო პროცესი ახლა ხევის საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფის ფორმატში წარიმართება“.
ფოტოზე: ხევის საჯარო სკოლა
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ბორითში ახალი საბავშვო ბაღის აშენების აუცილებლობა იკვეთება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი