15 სექტემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საბავშვო ბაღის 27 აღსაზრდელიდან სწავლის გაგრძელებას მხოლოდ 10 ბავშვი შეძლებს, სასკოლო მზაობის ჯგუფში.

ხევის საბავშვო ბაღმა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით 2022 წლის ივნისში შეაჩერა.

იმის გამო, რომ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღის შენობა გასულ წელს დაანგრიეს, 2021 წლის ოქტომბრიდან ეს საბავშვო ბაღი არასტანდარტულ პირობებში, კერძო სახლში, ფუნქციონირებდა.

„კერძო სახლის სამზარეულო და სველი წერტილები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მ/შ თამარ ლაცაბიძე, – აღსაზრდელებს ვერც ვაძინებდით, რადგან მხოლოდ ერთი ოთახი და სამზარეულო გვქონდა დაქირავებული.

ახალი სასწავლო წლისთვის მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებს მივიღებთ – სასკოლო მზაობის ჯგუფს შევქმნით. ეს ჯგუფი ხევის სკოლის ერთ საკლასო ოთახში განთავსდება. აღსაზრდელები დილიდან დღის პირველ საათამდე მოვლენ, სავარაუდოდ, ერთჯერადი წახემსებაც იქნება.

დანარჩენი ჩვიდმეტი აღსაზრდელი საბავშვო ბაღის მიღმა დაგვრჩა.

წერილობით მივმართეთ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და განათლების სამინისტროს, რომ ხევის სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის ერთი ოთახი 2023 წლის იანვრამდე დაგვითმოს. მომავალი წლიდან, იმედია, საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა გვექნება“, – იმედოვნებს თამარ ლაცაბიძე.

ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი მადონა ხაჩიძე ბაღის ფუნქციონირების შეზღუდვის გამო შეწუხებულია.

„ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, – ამბობს მადონა ხაჩიძე, – მთელი ზაფხული მშობლები ბავშვების ბედზე ვნერვიულობდით. ჩემი შვილი სასკოლო მზაობის ჯგუფში ივლის. თუმცა, არ ვიცი, ექნება თუ არა კვება. კორონავირუსის პანდემიის გამო, აღსაზრდელთა ნაწილი, საბავშვო ბაღში გასულ სასწავლო წელს ვერ დადიოდა. თუმცა, ახლა, ბაღის შენობის არქონის გამო ვეღარ მივლენ.

მე ვმუშაობ. სასკოლო მზაობის ჯგუფში მეცადინეობა რომ დასრულდება, დღის პირველი საათის შემდეგ, სად წავიყვანო ბავშვი, აღარ ვიცი. კიდევ სამი აღსაზრდელის მშობელი დასაქმებულია. რა და როგორ იქნება, გაურკვევლობაში ვართ“.

ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება ავტობანის მშენებელი კომპანიის (ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი) ვალდებულებაა. ამ ორგანიზაციის გარე კომუნიკაციების მენეჯერის, დავით სუჯაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხევის ბაღის მშენებლობის დაწყების გაჭიანურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან შენიშვნების გათვალისწინებით პროექტის დაკორექტირებამ გამოიწვია.

„ახლა პროექტზე დასკვნას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ველოდებით, – ამბობს დავით სუჯაშვილი, – ავტობანის მშენებელი კომპანია ბაღის შენობის ასაშენებლად ტენდერს, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოაცხადებს. თუ ეს ვადა არ დაირღვა, მაშინ ხევის საბავშვო ბაღისთვის თანამედროვე სტანდარტების, 50 ბავშვზე გათვლილი შენობა, წლის ბოლოსთვის აშენდება“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პირობის თანახმად, ხევის საბავშვო ბაღის ძველ შენობაში სასწავლო პროცესი მანამდე უნდა გაგრძელებულიყო, სანამ ახალი შენობა არ აიგებოდა. 2021 წლის მარტში კი ავტობანის მშენებელმა ხევის საბავშვო ბაღის შენობის დაცლა მოითხოვა. მაშინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ სავარაუდოდ ივნისში, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებოდა და 2021 წლის სექტემბრისთვის დასრულდებოდა.

ეს პირობა ვერ შესრულდა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2021 წლის ოქტომბრიდან ნაქირავებ შენობაში განახლდა.