ხარაგაულის #2 სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ბენდიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში 70%-ანი გრანტით ჩაირიცხა. მან ამ უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი აირჩია.

გარკვეული პერიოდი ლუკა ფიქრობდა, რომ ხელოვნებათმცოდნე გამხდარიყო. თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ პოლიტიკა ყველაზე მეტად აინტერესებდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მას მუშაობა მხოლოდ საქართველოში სურს.

ლუკამ 70%-იანი გრანტი რომ მოიპოვა, ამის შესახებ პირველმა მისმა ბებიამ, ეკა შველიძემ შეიტყო. „არ მჯეროდა, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე შედეგები, – ამბობს ლუკა, – დიდად ემოციებს ვერ გამოვხატავ. თუმცა, გრანტის მიღება ძალიან გამიხარდა.

აბიტურიენტობა რთულია, ოთხს საგანში დამატებით ვმეცადინეობდი. თუმცა, ხარაგაულში მშვიდი გარემოა, რაც ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს.

ბევრი აბიტურიენტი პროფესიას სხვისი გავლენით ირჩევს. მთავარია, საკუთარი თავი იპოვო, მოძებნო ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამოგივა. დღე და ღამე მუდმივად წიგნებს არ ვკითხულობდი. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტობისას დრო სწორად გაანაწილო.

ლუკას ჰობი ფეხბურთი, ბილიარდის თამაში და ქართველი პოეტების ლექსების კითხვა. მას განსაკუთრებით ტერენტი გრანელის, ტიციან ტაბიძის, გალაკტიონის, პაოლო იაშვილისა და ოთარ ჭილაძის პოეზია უყვარს.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხარაგაულიდან სტუდენტი 94 ახალგაზრდა გახდა.

ფოტოზე: ლუკა ბენდიაშვილი ხარაგაულის #2 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მადონა ულუმბელაშვილთან ერთად