20-25 აგვისტოს ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეებმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის, წალენჯიხის სოფელ ჯვარის, მარნეულის სოფელ ხოჯორნის, თეთრიწყაროსა და გურჯაანის სკოლების მოსწავლეებთან ერთად სვანეთში შემეცნებითი ბანაკი მოაწყვეს. 

ხარაგაულის #2 სკოლის მასწავლებელი თეა ტალახაძე სოციალურ ქსელში ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებებზე წერს:

-ბანაკი ყოველწლიურად ეწყობა მოსწავლეებისთვის, ზოგი ფასიანია, ზოგი-უფასო. დღის, ღამის, გასართობი, შემეცნებითი, სხვადასხვა მიმართულებისა… ჩვენი ბანაკი სრულიად განსხვავებული იყო. აქ ონლაინ პროექტის ბავშვები შეიკრიბნენ დიდებთან ერთად. მთელი წელი რომ დაუღალავად იმუშავეს, ახლა პირისპირ შეხვედრის დროც დადგა.

არაფორმალური განათლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდას განვითარებაში, უჩემოდაც იცით. ბანაკის იდეა აპრილში გაგვიჩნდა პროექტის ორგანიზატორებს და მას შემდეგ ვეძებდით გზებს, რით? როგორ? სად? რა ტიპის ბანაკი გაგვეკეთებინა.

ყველა გზა მოვსინჯეთ და ბოლოს სოციალური ქსელის საშუალებით „კარდაკარ“ თხოვნით შევაგროვეთ საჭირო თანხა. ვნერვიულობდით, თუმცა საღამოობით ანგარიშის შემოწმება ერთგვარ რიტუალად გვექცა, – დღეს ვინ გაიღო სიკეთე ჩვენი ბავშვებისთვის…

ამ ბანაკში საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.მონაწილეობდნენ. ჩვენი ხუთდღიანი თავგადასავლის გზის ხარჯი მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა, უდიდეს მადლობას ვუხდით მერიის სამსახურს ამ საჩუქრისთვის, რომ არა მათი დაფინანსება ძალიან გაგვიჭირდებოდა ბანაკში წასვლა.

პირველი დღე

ხარაგაულიდან ადრე გავედით, რადგან დრო ბევრი გვქონდა, ენგურის კაშხალს ვესტუმრეთ და მოკლე ტურით ვისარგებლეთ. დავათვალიერეთ ჩვენი მთავარი ენერგიის წყარო. ძალიან საინტერესო ტურები აქვთ ენგურზე, ყველა კითხვას პასუხობს გიდი, გაცნობს წყლის შეგროვებისა და ენერგიად გარდაქმნის პრინციპს. შემდგომი ვიზიტისას დიდ ტურს ავირჩევთ და ბოლო სართულამდე ჩავალთ წყლის სიღრმეში.

ამინდი კარგი გვონდა და სვანეთის ხედების ფონზე მივაშურეთ სოფელ ფარს. სოფლის ცენტრში დგას ფარის ინოვაციური ცენტრი, სადაც ბანაკის დღეებს ვატარებდით. უკვე მისულები იყვნენ ბავშვები, დიდებიც. პირველი დღე გაცნობას დაეთმო. ახლა უკვე ვიზუალით შეგვეძლო გვენახა ის სასწაული ბავშვები, მთელი პროექტის განმავლობაში რომ ფეხდაფეხ მოგვდევდნენ, არცერთ აქტივობას ტოვებდნენ და ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ. საღამოს ჩვენი სასტუმროს ეზოში შევიკრიბეთ და სამაგიდო თამაშებით უფრო გავაბით სიყვარულის ძაფები ბავშვებში.

მეორე დღე

ბანაკის დაგეგმარებისას თითოეული დღე გაწერილი გვქონდა აქტივობებით, კვებით, თამაშებით, ტრენინგებით. აქ არ გვქონდა არცერთი ზედმეტი ან ნაკლები წუთი. მეორე დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს პიროვნებაზე და გუნდურობის, ლაშქრობის, გმირის წოდების, როლების განაწილების ტრენინგები გავიარეთ, აგრეთვე ვითამაშეთ და მექსიკაში წასულებმა ძალიან გავანაწყენეთ პატარა ლუკა.

ნინელი ეჯიბაძე ბანაკის პირველი შემომწირველი ტორტით ხელდამშვენებული გვეწვია.

საინტერესო ლექცია-სემინარი მოვისმინეთ ია ღადუასგან. აფხაზეთის ომის დროს კამანში დაღუპულ ზურა გურჩიანის წერილის გაცნობას უცრემლოდ არ ჩაუვლია.

საღამოს ცენტრის ეზოში დანთებულ კოცონთან დავგეგმეთ მეორე დღის ლაშქრობა, რომელზეც მეგზურობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ითავეს, ფეხბურთის მატჩზე გულშემატკივრობის სანაცვლოდ.

მესამე დღე

ლაშქრობაზე წავედით. მთაში ტბა გვქონდა მოსანახულებელი. მე ვერ ავედი, ძალიან მაღალზე იყო აღმართ-აღმართ მივდიოდი ნელ-ნელა, მაგრამ სადღაც შუა გზაში გავიჭედე. ბავშვებმა ითევზავეს, სიმინდები შეწვეს, გაერთნენ, ტბაში ჩასვლა არ შეიძლება და გარედან დატკბნენ ცქერით. საღამოს ფეხბურთის თამაშის ენერგია ისევ ჰქონდათ.

მეოთხე დღე

მესტიის მონახულების დღეც მოვიდა. მუზეუმი მოვინახულეთ, სვანეთის ისტორია მოვისმინეთ, თითოეულ ნივთს მოვეფერეთ. შემდეგ ხერგიანებში ავედით. კლდის ვეფხვის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ ბავშვები კოშკში ავიდნენ და სახურავიდან გადმოხედეს მესტიას. ჰაწვალის საბაგიროთიც ვისეირნეთ და ჰეშკილის ქოხებიც არ დავივიწყეთ. აქ სოფო და მისი მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. სამწუხაროდ, მათ ბანაკში ყოფნის საშუალება არ ჰქონდათ, უგემრიელესი ტორტი მოგვართვეს.

მეხუთე დღე

დილის დამშვიდობების რიტუალის შემდეგ და წამოვედით ჩვენს ხარაგაულში. ისე ცხელოდა, ცოტა ზუგდიდის ბოტანიკურში შევგრილდით, ამოვისუნქეთ და გამოვაგრძელეთ გზა.

ეს იყო ჩვენი ბანაკის მოკლე აღწერა. თითოეული დღის, საათის, წუთის უკან დგას ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც თანხა გაიღეს ბავშვების გახარებისთვის, თანხით, ტკბილი სიტყვით, გამხნევებით უზრუნველყვეს ეს საოცარი დღეები და კიდევ ერთხელ დაარწმუნეს ბავშვები, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

ეკა, რომელიც პროექტისა და ბანაკის იდეის ავტორია, პასუხისმგებელი იყო ბაზარზე, მაღაზიაზე, საკვებზე, სტუმრების განთავსებასა და რესურსების მოძიებაზე. ეკა გეგმავდა და იფიქრებდა აქტივობებს.

ლალიმ მარნეულიდან ჩამოიტანა პრინტერი, იყიდა მაისურები და ჩვენი ბანაკის ლოგო თავისი ხელით დაიტანა ზედ. მას კვერცხის ყიდვაც მარნეულში მოუწია, სიიაფის გამო

ბავშვებს ისე უხაროდათ ბანაკი, ფაფაც კი ჭამეს ერთ დილით.

ბანაკის ბეენეფიციარებთან ერთად ფუფუნება მქონდა თან წამეყვანა მშობელი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაგვიწია თავისი აქტიურობითა და თანადგომით.

გვყავდა მრავალფუნქციური ილია:

ილია, ლაშქრობის გზას ვეღარ ვაგრძელებ, ბავშვებს შენ გაბარებ, მიმიხედე!

ილია, კოცონი დაგვინთე!

ილია, სადილი გამოიტანე როზა დეიდადან!

ილია, ბავშვბს კოშკში ასვლა უნდა და პირველი შენ ადი უსაფრთხოებისთვის!

ილია, აქეთ! ილია, იქეთ!

უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ჩემს ხარაგაულს, ხარაგაულელებს და მუნიციპალიტეტის მერიას, რომ მოგვცა საშუალება ჯადოსნური ამბების ზიარებისა.

ფოტოზე: ბანაკის მონაწილეები მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში