12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერომ 1965 წელს დააწესა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გაერო თვლის, რომ ახალგაზრდებს გააჩნიათ განუსაზღვრელი პოტენციალი სამყაროს, გარემოს, საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლისათვის. ახალგაზრდებს სჭირდებათ აღმოჩენა, თანადგომა, განვითარება.

ხარაგაულის #2 სკოლის მასწავლებელი თეა ტალახაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველთვის ორიენტირებულია ახალგაზრდებისკენ და ახლაც, მეგობარ კოლეგებთან ერთად, სვანეთში ხუთდღიანი ბანაკის მოწყობას გეგმავს.

– გასულ სასწავლო წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის ინოვაციების ცენტრის კონკურსში ჩავერთეთ, – ამბობს თეა ტალახაძე, – საბუნებისმეტყველო საგნების სამყარო (STREAM სამყარო) – ასე ეწოდება ამ პროექტს. მთელი წლის განმავლობაში ვეცნობოდით სამეცნიერო ლიტერატურას, ონლაინ ვხვდებოდით ამ წიგნების ქართველ და უცხოელ ავტორებს, სხვადასხვა დარგში აღიარებულ ექსპერტებსა და მეცნიერებს.

მოსწავლეებმა ელექტრონული რესურსები და პლატფორმები შეისწავლეს, შექმნეს ალტერნატიული ენერგიის წყაროს მაკეტები, მოაწყვეს კონფერენციები, გამოუშვეს ელექტრონული გაზეთი – „თაობა XXI“.

ამ პროექტში ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ფარისა და წვირმის, წალენჯიხიდან – სოფელ ჯვარის, მარნეულიდან – ხოჯორნის, თეთრიწყაროსა და გურჯაანის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.

ახლა ვგეგმავთ პროექტში ჩართული მოსწავლეებისთვის სვანეთში 20-25 აგვისტოს ხუთდღიანი ბანაკის მოწყობას. მოსწავლეები ერთმანეთს გაიცნობენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

ამისთვის კი ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება. პროექტის მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის (სულ 30 ადამიანი) ბანაკის მოსაწყობად 3 500 ლარი გვჭირდება.

ამიტომ მივმართავთ ყველას, რომ მხარში დაგვიდგეს და ჩაგვირიცხოს თანხა ააიპ-ის – „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“ – ანგარიშზე GE30LB0115115482954000

ახალგაზრდობის განვითარებისთვის გაღებული თანხა ქვეყნის განვითარების საწინდარია.