საქარიქედში მცხოვრები თამარ ბერაძე ამბობს, რომ წლებია, ზაფხულის დადგომის ეშინია. „ივნისში, როგორც კი კარგი ამინდები დადგება, ჩვენს სოფელში წყალი შრება. ნოემბრის ბოლომდე ჩვენს ონკანებში წყალი აღარ მოდის.

ამის მიზეზია ის, რომ წყალი არ არის ფიზიკურად, გვიჭირს ძალიან,“ – ამბობს თამარ ბერაძე. უწყლობა საქარიქედისა და იგორეთის 150-ზე მეტი ოჯახის დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა.

იგორეთში მცხოვრები რვასულიანი ოჯახის დიასახლისი მარინა ბოგვერაძე  შეწუხებულია უწყლობით. „წლის განმავლობაში ხუთი თვეა მარტო წყალი. ოთხი შვილი მყავს. წარმოიდგინეთ, მარტო მათი სარეცხისთვის რამდენი წყალი მჭირდება. კიდე კაი, ხარები გვყავს და ვზიდავთ წყალს,“ – ამბობს მარინა ბოგვერაძე.

საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას, დიდი ხანია, ითხოვს. ამ თემაზე მათ გასული წლის სექტემბერში 78 მოსახლისგან ხელმოწერილი მიმართვა გაუგზავნეს იმერეთის მაშინდელ გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილსა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს.

რვა თვის წინ საქარიქედისა და იგორეთის მცხოვრებთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე კიცხის მაჟორიტარ დეპუტატ უჩა ბერაძესთან ერთად შეხვდა.

„დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გაცნობოთ, რომ არ დაგვიწყებია თქვენი პრობლემა, გადაჭრის გზებიც დავსახეთ, სპეციალისტები მოვიძიეთ და ველოდებით შესაფერის დროს წყლის საძიებო სამუშაოების დასაწყებად. ისევ იმ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, როგორც ყოველ ზაფხულს, წინასწარ უნდა დავიჭიროთ თადარიგი,“ – მიმართა 7 მაისს შემდგარ შეხვედრაზე საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. 

მისი ინიციატივით მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები შეხვდნენ.

„წყლის სათავე ნაგებობა ნორმალურ მდგომარეობაშია. წყალი მიყვანილია ყველა ოჯახში. იგორეთისა და საქარიქედის წყალმომარაგების სისტემა სრულად მოწესრიგებულია, – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, – მთავარი პრობლემა წყლის რესურსის არარსებობაა. მოვძებნეთ სპეციალისტები. გამოვყავით თანხა. ახლა ველოდებით მზიან ამინდებს, რომ წყლის დაძიების სამუშოები ჩატარდეს.“

მეორე პრობლემა, რაც საქარიქედის მოსახლეობას აწუხებს, უგზოობაა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქარიქედის გზის შესაკეთებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილია 10 ათასი ლარი; იგორეთის მონაკვეთის შესაკეთებლად – 6 ათასი ლარი. „2 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამატეთ. სულ 16 ათასი ლარი დაიხარჯება საქარიქედში გზის შესაკეთებლად. გზას გაუკეთდება სანიაღვრე არხები და ისე შეკეთდება, რომ ორი-სამი წელი მაინც გაძლოს. შემდგომში ამ გზის სარეაბილიტაციოდ სხვა აქტივობები დაიგეგმება,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

იგორეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არ აქვთ წისქვილი. კოტე ბოგვერაძის თქმით, სამი წლის წინაც იყო გამოყოფილი თანხა წისქვილისთვის, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. „ვწვალობთ საცოდავად, ხან სად დაგვაქვს სიმინდი დასაფქვავად და ხან სად,“ – ამბობენ იგორეთელები.

„ამ საკითხს აუცილებლად შევისწავლით. თუ რამე უკანონოდ არის გაკეთებული, საკუთარი ჯიბის ფულს მოვატანინებთ სამუშაოების შემსრულებელს. წისქვილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. თუ მეწისქვილეს ვერ გამოძებნით, წისქვილის შენობას გავყიდით და შემდეგ კერძო პირი აამუშავებს,“ – დაჰპირდა მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობას.

საქარიქედის მოსახლეობა უკმაყოფილოა სამედიცინო მომსახურებით. ისინი ამბობენ, რომ არ აქვთ კიცხის ამბულატორიაში ექიმთან მისვლის შესაძლებლობა და კვირაში ერთხელ ექიმის მათ სოფელში მისვლას ითხოვენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე დავსვამ ყველა იმ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც არ ემსახურება მოსახლეობას. კვირაში ერთხელ რომ ამოვიდეს საქარიქედზე ექიმი, ხომ შეიძლება?!“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, სამწუხაროდ, სოფლის ამბულატორიის ექიმები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ისე, როგორც კანონით არის გათვალისწინებული. „ადამიანური რესურსის სიმცირის გამო ბევრი მათგანი რამდენიმე ადგილას მუშაობს, – აღნიშნა ინგა მაღრაძემ, – დავუკავშირდებით სოფლის ექიმს და მოვთხოვთ, რომ კვირაში ერთ დღეს მოვიდეს თქვენთან.“

ნინო კაპანაძე

saqariqedis_mosakhleoba

kote_bogveradze