ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების – საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ამ თემაზე 78 მოსახლისგან ხელმოწერილი მიმართვა გაიგზავნა იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძესთან. უწყლობა წყლის დებეტის სიმცირითაა გამოწვეული.

საქარიქედში მცხოვრებთ საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე და საკრებულოს წევრი მარინა ვეფხვაძე შეხვდნენ. მათი თქმით, სპეციალისტის დახმარებით მოსაძიებელია წყლის რესურსი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ამ სოფლებისთვის უწყლობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელი.

-ძალიან ცუდ დღეში ვართ. ტირილით ვაკეთებთ საქმეს, – წვრილფეხის მოვლაა თუ საოჯახო საქმე, ხომ გვინდა წყალი? –  ამბობს საქარიქედში მცხოვრები ლიანა მაჭარაშვილი. ის და მისი თანასოფლელები ზაფხულობით ოჯახისთვის საჭირო წყალს ხელით ეზიდებიან.

-პირველ ეტაპზე ძირითადი მაგისტრალი მოვაწესრიგეთ, – ამბობს კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე, – შევცვალეთ წყლის მილები. 16 ათასი ლარი ღირებულების პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ამაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობა არ იყო. მომავალი წლიდან, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში ამ უბანში უნდა მოწესრიგდეს წყალმომარაგების პრობლემა.

-სისტემა რეაბილიტირებულია და ამან ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – მაგრამ ის, რაც არ არის, ბუნებრივია, ვერც მილში წამოვა. ამიტომ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტი, რომელიც დაიძიებს წყალს. თუ წყლის დებეტი საკმარისად არ აღმოჩნდა, შესაძლებელია ჭაბურღილის გაკეთება. რა და როგორ ჯობია, ამას სპეციალისტები გვირჩევენ.

სასმელი წყლის სისტემის მოვლა-პატრონობაზე, შესაძლებელია, თვითმმართველობამ აიღოს ვალდებულება. გარკვეული, მცირე სახის მოსაკრებელი, სიმბოლურად დააწესოს, გამოყოს ადამიანი, რომელიც ამ სისტემის მოვლა-პატრონობაზე იქნება პასუხისმგებელი.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ შეკრებილ მოქალაქეებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ჩართვა და თავიანთი პრობლემების კიდევ ერთხელ დაყენება ურჩია: „თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელფასებს ვიღებთ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ. თუ მოსახლეობას პრობლემას ვერ გიგვარებთ, მაშინ რისი მაქნისები ვართ?! ამიტომ საბიუჯეტო თანხის განაწილებისა და ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვისას, ნოემბერში, შეგატყობინებთ და მობრძანდით. თქვენ უნდა აიძულოთ, – უნდა გვაიძულოთ თვითმმართველობა, რომ თქვენი პრობლემა გადაწყდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ბევრი არ გვიჭერს მხარს და ჩვენი სიტყვა სიტყვად რჩება ხოლმე. რომ დაგპირდეთ, რომ ამ შემოდგომაზე რამე გეშველებათ-თქო, – ტყუილი იქნება, თუმცა ახალ ბიუჯეტში თუ გავითვალისწინებთ, გაზაფხულზე მაინც მოხერხდება საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მოწესრიგება.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ წლების მანძლზე ამ სოფლის წინაშე არსებული ყველაზე დიდი – წყალმომარაგების პრობლემა – გადაწყდება დადებითად.

საქარიქედის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე დაისვა ლაშე-იგორეთი-საქარიქედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწესრიგების საკითხი: „ორი წელია, ვითხოვ ამ გზის შეკეთებას და ორმოების ამოვსებას. გვპირდებიან. შეპირება შეპირებად არ უნდა დარჩეს,“ – ამბობენ საქარიქედელები.

ლაურა გოგოლაძე
shexvedra-saqariqedshi-4 shexvedra-saqariqedshi-6 shexvedra-saqariqedshi-7