მეექვსე დღეა, ბორჯომის ტყეში ხანძარს ებძრვიან. სოფლების – ქვაბისხევისა და ზორეთის საზღვართან გაჩენილი ხანძარი ახალციხის ტყის მასივსაც მოედო. განადგურებულია 150 ჰა-ზე მეტი ფართობი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და მის წინააღმდეგ შესაბამისი რეაგირების დაგვიანების გამო, საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას ადანაშაულებს, ნაწილი – მოქალაქეების მხრიდან დაუდევრობაზე საუბრობს.
რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ხანძარი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ მსგავსი სტიქია არ განმეორდეს, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი პასუხობს:
-ბორჯომის ხანძარი, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მძიმე და მწარე გაკვეთილია, რომელსაც უნიკალური ლანდშაფტი და ტყე ეწირება.
ხანძრის ჩაქრობისთანავე, მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ამ ჯგუფმა უნდა გააანალიზოს ის სისტემური ხარვეზები, რაც დღეს გვაქვს და ასეთი კატასტროფების თავიდან აცილების გეგმა დასახოს.
სისტემური ხარვეზი, პირველ რიგში, კანონის აღსრულებაშია. წლების განმავლობაში ვხედავთ ხელოვნურ ხანძრებს, რომელთაც თავად მოსახლეობა აჩენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საპატრულო პოლიცია ვალდებულია, ყველა ასეთ ხანძარზე რეაგირებდეს. შსს-დან გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ბოლო სამი წელია, ამ კუთხით კანონის აღსრულების არც ერთი ფაქტი არ ყოფილა.
ვხედავთ, რომ უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, სახელმწიფო ამ კატასტროფის წინაშე უძლურია. ჩვენ, ფაქტობრივად, აღმოვჩნდით უსუსურ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მიუვალ ტერიტორიაზე ვერ ვახერხებთ ხანძრის ჩაქრობას, რადგან არ გვყავს შესაბამისი ტექნიკა. საქართველო მთა-გორიანია და ასეთ ქვეყანას რომ ხანძრის ჩასაქრობად ვეტმფრენი არ ჰყავს, ხელისგულზე დევს პრობლემა.
ვეტმფრენი თუ იმიტომ არ გვყავს, რომ ძვირია, მაშინ კარგად დავითვალოთ – ხანძრისგან მოყენებული ზიანი იმაზე მეტი ხომ არაა, ვიდრე ვეტმფრენით პატრულირება და მონიტორინგი?!
ხანძრების რაოდენობა, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში იზრდება. ხანძარს ახლა საფრანგეთსა და ესპანეთშიც ებრძვიან. თუმცა, იქ მუდმივად პატრულირებენ ვეტმფრენები.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი სიღრმისეული გაანალიზება ამ პროცესის, რომ მოსახლეობა მუდმივად შიშში არ ცხოვრობდეს. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ გმირი მეხანძრეების დაჯილდოებით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, არამედ ისე უნდა დავგეგმოთ ყველაფერი, რომ მომავალში ეს მაშველები საფრთხის წინაშე ისევ არ აღმოჩნდნენ. ამ მწარე გამოცდილებიდან და მწარე გაკვეთილიდან შესაბამისი დასკვნები ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ.
ტელეკომპანია ბორჯომის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
დღეს, 24 აგვისტოს, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.
ნინო კაპანაძე
ფოტო – თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში