დღეს, 23 აგვისტოს, ხარაგაულის კინოთეატრში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საკონსულტაციო ცენტრი უფასო იურიდიულ მომსახურებას ნებისმიერ პირს გაუწევს. თუმცა, მათი პრიორიტეტია სოციალურად დაუცველი პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნები და ქალები, შშმ პირები, დევნილები.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:

  • იურიდიული  კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირის/მოწმის ინტერესების დასაცავად;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.

„იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე ფინანსურადაა ანგარიშვალდებული, – ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი, – ჩვენი სამსახური დამოუკიდებელია და მაღალკვალიფიციური იურისტებით არის დაკომპლექტებული.

მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, კერძო ადვოკატი დაიქირავონ, ჩვენი იურიდიული მომსახურებით კმაყოფილები უნდა დარჩნენ. ამიტომ ამ ნდობას და დამოუკიდებლობას ძალიან ვუფრთხილდებით.

კონკურსი გამოვაცხადეთ და გვსურდა, რომ ხარაგაულის საკონსულტაციო ცენტრში ადგილობრივი კადრი დაგვესაქმებინა. კონკურსის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ აპლიკანტს ადვოკატის ლიცენზია უნდა ჰქონოდა. სამწუხაროდ, ხარაგაულში, ასეთი არავინ აღმოჩნდა. შეიძლება მომავალში, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, გამოჩნდეს ასეთი იურისტი. ჩვენი მიზანია, რომ საკონსულტაციო ცენტრი მოქალაქეებს ყოველდღიურად მოემსახუროს“.

ხარაგაულში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსდება. იურისტი თეა ჯანგიანი მოსახლეობას სექტემბრიდან, სავარაუდოდ, ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს ადგილზე დახვდება და დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კონსულტაციას გაუწევს. შემდგომში, მოქალაქეების მომართვიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილზე იურისტი სხვა დღეებშიც მოვიდეს.

კვირის ნებისმიერ დღეს თეა ჯანგიანთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 595 10 30 58.

შეხვედრაზე მყოფმა მერის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სოფლებში მოსახლეობას, უმეტესად, მიწისა და ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, სამეზობლო დავების მოგვარების სამართლებრივი გზები აინტერესებს.

„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, მოემსახურება თუ არა უფასოდ იურიდიული სამსახურის ადვოკატი სასამართლოში პირს, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი, რაჟდენ კუპრაშვილმა გვიპასუხა, რომ გამონაკლისის სახით ეს შესაძლებელია.

„ზოგ მუნიციპალიტეტში იურისტისა და ადვოკატის მომსახურება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის, – ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი, – ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები წერილობით მოგვმართავენ და გამონაკლისის სახით მათ უფლებებს სასამართლოშიც უფასოდ დავიცავთ. ბოლო სამ წელიწადში ასეთი მომსახურება 700 მოქალაქეს გავუწიეთ“.

იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს შემოდგომიდან გეგმავენ.

ხარაგაულის კინოთეატრში იურიდიული სამსახურის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხარაგაულის იურიდიული სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი საქართველოში რიგით 35-ე იქნება.

ნინო კაპანაძე