კიცხის საშუალო სკოლის 1981 წელს კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლაში შეიკრიბნენ.

შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რადგან, როგორც თანაკლასელების შეკრების ორგანიზატორი ნანა გაგოშიძე ამბობს, სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრს ერთმანეთი საერთოდ არ ენახა.

„ლაღი და ბედნიერი ბავშვობის შემდეგ ცხოვრებამ სხვადასხვა გზებით გვატარა, – იხსენებს ქალბატონი ნანა, – ამ შეხვედრამ ბავშვობა გაგვახსენა, როდესაც ჩვენ ყველაზე ცელქები და ლაღები ვიყავით. ზოგი კარგად ვსწავლობდით; ზოგი ჩვენგანი ცდილობდა, თავი ორიანისგან „გადაერჩინა“.

გავიხსენეთ ბავშვობის დროინდელი ამბები და განცდები. ამ გადასახედიდან ყველა მოგონება ბევრად უფრო ტკბილია.

ჩვენი პირველი მასწავლებელი ბაბულა ავალიშვილი, სკოლის დირექტორი – ფილიმონ გელაშვილი იყო; კლასის დამრიგებელი ჯერ გალინა ხლოპუნოვა, შემდეგ კი – ქიმიის პედაგოგი ეთერი პაპავა.

ორი გარდაცვლილი თანაკლასელისა და მასწავლებლების საფლავებზე მივედით. ინტერნეტით ჩაგვერთენ ემიგრაციაში მყოფი თანაკლასელები. შეხვედრაზე მასწავლებლები – ზურაბ კოჩაძე, ჟიული ჟღენტი და ქეთევან ქვემოთიანი გვეწვიენ.

„დიდი ემოციებით ველოდი ამ დღეს. ძველი შენობის ადგილზე ახალაშენებული სკოლა დაგვხვდა, – ამბობს მაგული ბერაძე, – თანაკლასელებს ერთმანეთის მიმართ და-ძმური სიყვარული გვაკავშირებდა. ცოტა ხნით თითქოს ისევ მოსწავლეები გავხდით. შეხვედრისას თანაკლასელების მეუღლეებიც გავიცანით“.

„1979 წელს მივედი კიცხის სკოლაში ქიმიის მასწავლებლად და ეს კლასი ჩამაბარეს, – იხსენებს ეთერი პაპავა, – ჩემთვის პირველი სადამრიგებლო კლასი იყო. მეც მათთან ერთად ვსწავლობდი ურთიერთობებს. მოსწავლეები თითქმის თავიანთ თანატოლად მიმიჩნევდნენ. ამის მიუხედავად, ჩვენს შორის ძალიან დიდი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა იყო.

სკოლის დამთავრების დღეს მათ ვთხოვე, თავიანთი მიზნები დაეწერათ. ამ ჩანაწერებს დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ. ერთ-ერთი მათგანის, დიმიტრი ბოგვერაძის, ამჟამად ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს მეუფე დოსითეოზის ჩანაწერს თქვენც გაგაცნობთ. ჩემთვის ეს სიტყვები ამქვეყნად ყველაზე დიდი ჯილდოა. ვგრძნობ, რომ ეს სიყვარული 41 წლის შემდეგაც არ შეცვლილა.

„მინდა მსახიობი გამოვიდე და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ, – წერს დიმიტრი ბოგვერაძე, – ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი ადამიანი გავხდე, თქვენ და ჩემს კლასელებს არასოდეს დაგივიწყებთ. ქალ მასწავლებლებს შორის თქვენ, ხოლო კაც მასწავლებლებს შორის გია სახვაძე მიყვარს ყველაზე მეტად. მაპატიეთ ასეთი გულახდილობა“.

მეუფე დოსითეოზმა კლასელებთან ერთად, სოციალურ ქსელში ეთერი მასწავლებელს, რომელმაც შეხვედრაზე მისვლა ვერ შეძლო, სიყვარულით სავსე პოსტი მიუძღვნა.

თამთა გოგოლაძე