მშობლიური სარგვეშის შვიდწლიანი სკოლა რომ დავამთავრე, ომი ახალი დაწყებული იყო. სწავლა ბორითის საშუალო სკოლაში გავაგრძელე; ბორითის სკოლაში იმიტომ, რომ სოფელ მაქათუბანში გამცემლიძეების უბანში ჩემი მამიდა იყო გათხოვილი.

მისი ერთადერთი ვაჟი ფრონტზე გაიწვიეს. მე მარტოხელა მამიდას ვეხმარებოდი და სკოლაშიც იქიდან დავდიოდი. სკოლის მოსწავლეთა კომკავშირის მდივნად ამირჩიეს.

ომი მძვინვარებდა. ჩვენი რაიონის პიონერულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელეს  მებრძოლებისათვის პროდუქტების, თბილი ტანსაცმლისა და საჩუქრების შესაგროვებლად.

ბორითის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა 1943 წლის შემოდგომაზე მოსავლის ასაღებად შექმნეს შვიდი რაზმი, სადაც გაერთიანებული იყო 120 ახალგაზრდა. მათ გამოიმუშავეს 3 727 შრომადღე და  იმავე წლის დასაწყისში სატანკო კოლონა „ნორჩი პიონერის“ ასაგებ ფონდში გადავრიცხეთ 66 419 მანეთი.

მაქათუბანში გავიცანი შოთა გამცემლიძე. იგი ჩვენი რაიონის ღვიძლი შვილი იყო, სოფელ მაქათუბანში ატარებდა საზაფხულო არდადეგებს, ძალზე უყვარდა მშობლიური სოფელი. ჩვენ ერთად ვცურავდით და ვთევზაობდით მდინარე ძირულაში. კარგი სამეგობრო ახალგაზრდა იყო. იტაცებდა სპორტი, – განსაკუთრებით ფეხბურთი. საფეხბურთო სკოლაშიც დავდივარო, – ამბობდა. მკვირცხლი და შეუდრეკელი იყო. ღელავდა და ამბობდა, ვანანებ ბარბაროსებს ჩვენს სამშობლოში შემოჭრასო.

შოთა თბილისში ცხოვრობდა. ბავშვობა ობლობაში გაატარა. მამა, ვლადიმერ გამგემლიძე, ადრე გარდაიცვალა. დედამ, ქალბატონმა ნინომ, უმამობა არ აგრძნობინა შვილებს – შოთას და თამრიკოს. ნინო სახელოვანი პედაგოგი იყო თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, შვილებსაც და თავის მოსწავლეებსაც პარტიოტებად ზრდიდა.

შოთამ დაამთავრა საშუალო სკოლა და სამშობლოს დასაცავად გაეშურა, – ან გმირად დავბრუნდები ან თავს შევწირავ საყვარელ სამშობლოსო, – აღუთქვა შოთა გამცემლიძემ დედასა და დას.

და მართლაც უმაგალითო გმირობით უკვდავყო თავისი სახელი. 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსიაში ქალაქ ავულოველნენში გაცხარებული ბრძოლისას სერჟანტმა შოთა გამცემლიძემ რამდენიმე ყუმბარა ერთად შეკონა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქა მოწინააღმდეგის ტანკი. ჩაიფუშა მტრის კონტრშეტევა. დაიფერფლა სიყვარულით აღგზნებული, იმედებით სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭაბუკური გული.

ასეთივე ბედი ეწია სიცოცხლით აღვსილ ბაზალეთელ ვახტანგ ლაჟავასაც. იგი წუთიერადაც არ შეყოვნებულა, როცა სამშობლომ მსხვერპლი მოითხოვა. მის საკურთხეველზე მიიტანა თავისი ლამაზი სიცოცხლე. ტყვედ ჩავარდნილმა ხელყუმბარა აიფეთქა ფეხქვეშ. ტყვეობას სიკვდილი არჩია და მტრის ჯარისკაცებიც მოსპო. შორეულ მიწას დაეწინწკლა მისი თბილი სისხლის წვეთები.

ხარაგაულის რაიონმა ექვსი გმირი გაუზარდა სამშობლოს. ომის ქარცეცხლში გამოვლილი გმირის ოქროს ვარსკვლავებითა და მედლებით მკერდამშვენებული დაუბრუნდნენ სამშობლოს რაიონის სასახელო შვილები: დავით ბაქრაძე – სოფელ ბორიდან, ვლადიმერ ლურსმანაშვილი – ჩხერიდან, გრიგოლ ბუაჩიძე – ფარცხნალიდან, მფრინავი გიორგი ინასარიძე – ვახანიდან. ჩვენდა სამწუხაროდ, ფრონტიდან შინ ვეღარ დაბრუნდნენ ჩემი ყრმობის მეგობარი, გმირი შოთა გამცემლიძე და გმირი ვახტანგ ლეჟავა, რომლებზე ზემოთ მოგახსენეთ.

ბევრი მოუშუშებელი იარა დაუტოვა ომმა ჩვენს რაიონს. ხარაგაულის რაიონიდან 5706 კაცი გაიწვიეს სამამულო ომში. გაწვეულთაგან დაბრუნდა 3504. ფრონტზე გმირულად დაიღუპა 2204 ვაჟკაცი. ხანდაზმულ პედაგოგს კარგად მახსოვს, რომ დაღუპულთა პატივსაცემად და მოსაგონრად სოფლებში გაშენებული იყო შინმოუსვლელთა ხეივნები, სტენდები.

დავიწყებას არ უნდა მიეცეს სამშობლოსათვის დაღუპულთა უკვდავი სახელები.

გოგი ჯღამაძე

საქართველოს დამსახურებული პედაგოგი