
საფრანგეთში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე.
მან ბევრი რამ გააკეთა ქართულ-ფრანგული სამწერლო ურთიერთობის გასაღრმავებლად. მეოცე საუკუნის 70-იან – 80-იან წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 90-იან წლებში ის მიიწვიეს საფრაგეთში. იყო სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი, ნანტის უნივერსიტეტის პროფესორი.
ხშირად, როდესაც ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიას წერენ, ენციკლოპედიებსა ან ინტერნეტსივრცეში, ნაკლებად იკვლევენ ამ პიროვნებათა წარმომავლობას. მაგალითად, ყველა ოფიციალურ გამოცემაში, თუ არ ჩავთვლით ხარაგაულელ ავტორთა წიგნებს, აკად. ევგენი ხარაძე თბილისელად არის მოხსენიებული. იგივე სიტუაცია გვაქვს გასტონ ბუაჩიძესთან დაკავშირებით.
მართალია, ის დაიბადა და გაიზარდა ქ. თბილისში და ისეთი მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონია მშობლიურ სოფელ ფარცხნალთან, როგორიც ჰქონდა აკად. ევგენი ხარაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი გასტონის ფესვები სოფ. ფარცხნალიდან მომდინარეობს. ამის დასამტკიცებლად მოვიყვან ნაწყვეტებს ექიმ ლენა ბუაჩიძის ნარკვევიდან „გლახინაშვილი ბუაჩიძეები“. ნარკვევი შესულია კრებულში „ხარაგაულის ქრონიკები“.
ბუაჩიძეთა გვარის ძირძველი ადგილსამყოფელი არის სოფ. ფარცხნალი. ყველა ბუაჩიძე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში თუ საზღვარგარეთ მცხოვრები, წარმოშობით არის სოფელ ფარცხნალიდან.
ბუაჩიძეთა გვარიდან გამოსულ ყველა დიდ მეცნიერს, მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწეს, ჰყავდა ერთი საერთო წინაპარი – გლახინა კაციას ძე ბუაჩიძე, რომელიც დაახლოებით 1800 წელს დაბადებულა. მის შთამომავლებს დღესაც გლახინაშვილებს ეძახიან. გლახინას ჰყავდა ხუთი ვაჟი: შაქარა, ათანე, გიგო, ვახტანგი და მალაქია. მათი სახელის მიხედვით გლახინაშვილები კიდევ იყოფიან ცალკე განშტოებებად. გთავზობთ გლახინაშვილ ბუაჩიძეთა გვარის ცნობილ პიროვნებათა ჩამონათვალს, რომელთა შორის არის გასტონ ბუაჩიძე.
ამ გენიალოგიიდან ჩანს, რომ გასტონ ბუაჩიძე იყო გლახინას ვაჟის, მღვდელ ათანეს, შთამომავალი. ათანეს ჰყავდა ორი ვაჟი – რაჟდენი და როსტომი. რაჟდენის ვაჟი იყო სერგო – გასტონ ბუაჩიძის მამა. გასტონს კი თავის მხრივ დარჩა ორი შვილი – ანდრე და ანეტ ბუაჩიძეები.
სერგო რაჟდენის ძე ბუაჩიძე 1921 წელს მენშევიკურ მთავრობას გაჰყოლია საფრანგეთში. იქ მას დაუმთავრებია ელექტრო-საინჟინრო ფაკულტეტი. შეჰყვარებია ულამაზესი ფრანგი გოგონა, გაბრიელა (გაბი) ბრუსი, რომელიც ხალიჩების ფაბრიკის მეპატრონის ასული ყოფილა. ისინი დაქორწინდნენ და საქართველოში ჩამოვიდნენ. როგორც ქ-ნ ლენა ბუაჩიძე იგონებს, 1938 წლის ზაფხული სერგოს და გაბის სოფ. ფარცხნალში, მამაპაპისეულ სახლში გაუტარებიათ („ხარაგაულის ქრონიკები“, ქუთ. 2019 წ. გვ. 462-466).
ბატონ გასტონთან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ მამაჩემს, გივის და მამიდას ლენას. ერთხელ მეც მომეცა ბატონი გასტონის გაცნობის ბედნიერება. აბიტურიენტობის ასაკში მამამ მასთან მიმიყვანა. კარი გაგვიღო მაღალმა, ლამაზმა ადამიანმა. მისი თბილი ღიმილი და გასაოცარი უბრალოება წარუშლელ კვალს დაგიტოვებდათ. მასთან საუბარი გაგიჩენდათ სურვილს, ყოფილიყავით ძალზე განათლებული და საუკეთესო თვისებების მქონე, სხვაგვარად მასთან ურთიერთობა შეუძლებელი იქნებოდა.
თვალი მომჭრა მისი ბინის კედლებზე განთავსებულმა პორტრეტებმა. ვიცანი ლადო გუდიაშვილის და ნათელა იანქოშვილის ფერწერა: გუდიაშვილის „ანეტის პორტრეტი“ და „გაბის პორტრეტი“ და იანქოშვილის „გაბის პორტრეტი“.
მამამ ბატონ გასტონს თხოვა, ჩემთვის შეერჩია ფრანგული ენის კარგი სპეციალისტი, რომელიც უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მომამზადებდა. მასპინძელმა თბილი ღიმილით გამომკითხა ზოგიერთი რამ, რა თქმა უნდა, ფრანგულად. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ ვბრწყინავდი ამ ენის ცოდნით. შემდეგ გამაგზავნა ერთ-ერთ თავის კოლეგასთან. მახსოვს, როგორ გაეხარდა მას, როცა მიწერილი წერილიდან გაიგო, რომ ბატონმა გასტონმა მასზე შეაჩერა ყურადღება. ამ ქალბატონის მეთვალყურეობით მთელი წლის განმავლობაში „თავს ვასხლავდი“ ფრანგულს მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი გასტონი არ შემერცხვინა. მართლაც, მისაღებზე ამ საგანში უმაღლესი ქულა დავიმსახურე.
გასტონ ბუაჩიძემ ქართული მწერლობა გააცნო საფრანგეთს. მისი თარგმანებიდან განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. თურმე, ამ უკვდავი პოემის თარგმანის შვიდი ვარიანტი ჰქონია. ე. ი. შვიდჯერ უთარგმნია და შეურჩევია საუკეთესო ვერსია. ამ დიდი შრომის შედეგად გამოვიდა ისეთი თარგმანი, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს რუსთაველის პოეზიის რითმულ ჟღერადობას, სულიერ სიფაქიზეს და სინატიფეს. თარგმნა 1974 წელს დაასრულა. 1989 წელს კი მოსკოვში გამოიცა. ამ გამოცემისათვის ილუსტრაციების შესრულება ბატონმა გასტონმა 17 წლის რუსუდან ფეტვიაშვილს სთხოვა. შედგა ბრწყინვალე ტანდემი. ამაში დაგვეთანხმება ყველა, ვისაც ეს შესანიშნავი გამოცემა უნახავს.
გასტონ ბუაჩიძემ თარგმნა ძველი ქართული მწერლობის მრავალი ნიმუში, რომელთა შორისაა მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“. ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით იყო დამშვენებული ფრანგულად მის მიერ თარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“. თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები, ქართული ხალხური ზღაპრები, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ოთარ ჭილაძის შემოქმედება და მრავალი სხვ. თავად დაწერა წიგნები „რეტიფ დე ლა ბრეტონი რუსეთში“, „მარი ბროსე, ცხოვრების ფურცლები“, „წახნაგები“, „პარიზიდან მონმარტრამდე“ (ფიროსმანი) და მრავალი სხვ.
დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან. ეს იყო მისი მიზანი. წერილს დავამთავრებ მისივე სიტყვებით წიგნიდან „წახნაგები“, რომელიც მან ჟან კოკტოს მიუძღვნა, მაგრამ ზუსტად შეესაბამება პირადად მის მოღვაწეობასაც.
„ერთ-ერთ ლექსში პოეტი (ჟან კოკტო) ნათლად ითვალისწინებს რა ადამიანის სიცოცხლის სწრაფ წარმავლობას, მოუწოდებს სიტყვის ოსტატებს, თავიანთი შემოქმედება აღბეჭდონ მოვალეობის შეგნებით და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“ (გ. ბუაჩიძე, „წახნაგები“, თბ. 1986 წ. გვ. 63).
სწორედ ქვეყნისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით იცხოვრა პროფესორმა გასტონ ბუაჩიძემ. ფრანგულ საზოგადოებას გააცნო ქართული მწერლობის მარგალიტები და პირიქით, ქართველებს დაანახა ფრანგული მწერლობის მშვენიერება. მან თავდადებული შრომით აღბეჭდა თავისი ცხოვრება და ნათელი კვალი დატოვა ჩვენს გულებში.
ზეინაბ ბუაჩიძე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის