სკოლაში გატარებული წლები ყველაზე თბილად გვახსენდება. ის წლები, ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩვენს სიცელქეებს, ბავშვობის მეგობრებს და უბრალოდ კარგ მოგონებებს უკავშირდება.
ამიტომ „ბავშვობასთან შეხვედრა“ – თანაკლასელების შეკრება – განსაკუთრებულ სიხარულს გვანიჭებს.
ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა (ახლანდელი სასულიერო გიმნაზია) 1991 წელს ა და ბ კლასის 63-მმა მოსწავლემ დაამთავრა. 31 წლის შემდეგ კურსდამთავრებულთა ნაწილი მშობლიურ სკოლას ესტუმრა.
თანაკლასელთა შეხვედრის ინიციატორები მაკა ბუაჩიძე, ირმა ყრუაშვილი და ზაზა ბერაძე თითქმის ერთი თვე თანაკლასელებს ეძებდნენ. ზოგი მათგანი სკოლის დამთავრების შემდეგ არ ენახათ. სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ასე დაუკავშირდნენ.
მაკა ბუაჩიძემ თანაკლასელები – ხათუნა მეიფარიანი და ასმათი კიკალიშვილი ვეღარ იცნო. ის ბავშვობის რამდენიმე თანაკლასელთან განუყრელ მეგობრობას დღემდე აგრძელებს – ქეთინო ლაცაბიძე, მაკა ვეფხვაძე, თამრიკო ნიქაცაძე მისი შვილების ნათლიები არიან.
მაკა განსაკუთრებული სიყვარულით პირველ მასწავლებელს – ლემა ბერაძეს და ისტორიის მასწავლებელს – ზეინაბ ბუაჩიძეს იხსენებს. ზეინაბ მასწავლებელმა თვალები აგვიხილა და საქართველოს რეალური ისტორია გვასწავლაო, – ამბობს მაკა.
თანაკლასელების მიმართ გამორჩეულად მეგობრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს ზაზა ბერაძე. მას თანაკლასელებისგან უბრალო წაკამათებაც კი არ ახსოვს. ამიტომ ყველა თავის მეგობრად და ახლობლად მიაჩნია. ზაზა ამბობს, რომ კლასის ხელმძღვანელი მანანა კიკნაძე მათ მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო.
„ერთხელ თანაკლასელის დაბადების დღეზე წავედით, – იხსენებს ზაზა, – მანანა მასწავლებელმა გვითხრა, მეც რომ დაგეპატიჟეთ, კარგი იქნებოდაო. მას შემდეგ ყველგან ერთად დავდიოდით. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს თავისი ხარჯებით ექსკურსიებზე დავყავდით. მთელი საქართველო შემოგვატარა. ამის გამო მანანა მასწავლებლის უზომოდ მადლიერი ვარ“.
„სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგაც შეიკრიბნენ ჩემი თანაკლასელები, მაგრამ მე ვერ მივედი, – გვიამბობს ირმა ყრუაშვილი, – ამიტომ ერთი სული მქონდა, კიდევ როდის შევძლებდით შეხვედრას.
ძალიან კარგი დღე გამოვიდა, მაგრამ ყველაზე ემოციური მშობლიურ სკოლაში, მშობლიურ მერხთან მისვლა იყო… თერთმეტი წელი ვისწავლეთ იმ კედლებში. ჩვენი კლასის ხელმძღვანელმა მანანა კიკნაძემ გვითხრა, თქვენნაირი მეგობრული კლასი აღარ მყოლიაო.
გასახსენებელის მეტი რააა – ზეინაბ ბუაჩიძემ ჩვენში ეროვნული სულისკვეთება გააღვიძა. ცნობიერება შეგვიცვალა. დავყავდით ტაძრებში, ისტორიულ ადგილებზე. ჩვენში თუ რამ საუკეთესოა, ყველაფერი სკოლაში შევიძინეთ და შევისწავლეთ.
სიყვარულით იხსენებს მოსწავლეებს პირველი მასწავლებელი ლემა ბერაძე. ეს კლასი ლემა მასწავლებლისთვის მეორე გამოშვებაა. ისიც აღნიშნავს თანაკლასელთა მეგობრულობას, მათ გულთბილ დამოკიდებულებებს. ამაში კი პირველ მასწავლებელს დიდი წვლილი მიუძღვის.
თანაკლასელთა საზეიმო შეხვედრას დიდი სევდაც ახლდა – კობა კვინიკაძე სკოლის დამთავრებიდან მალევე ტრაგიკულად დაიღუპა. ბავშვობის მეგობრებმა მის საფლავზე იმ დღეს სანთლები აანთეს…
კურსდამთავრებულები ერთმანეთს იმ იმედით დაემშვიდობნენ, რომ ერთმანეთს ყოველი წლის ზაფხულზე შეხვდებიან, თანაკლასელებს, მშობლიურ სკოლასა და მასწავლებლებს სიყვარულით მოიკითხავენ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.