განათლების მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან, პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგნად დაემატება. „ჭადრაკის სწავლების ძირითადი მიზნებია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ამ საგნის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში,“ – ნათქვამია ბრძანებაში.
ჭადრაკის სწავლებასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო. ზაფხულის განმავლობაში გადამზადდება დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელი, ვინც მომავალ სასწავლო წელს პირველ კლასს ასწავლის. „ათდღიან ტრენინგებს, განათლების სამინისტროს დაკვეთით, მასწავლებელთა სახლი ონლაინ რეჟიმში ატარებს,“ – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე.
ხევის სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი სკოლებში ჭადრაკის სწავლებას მიესალმება და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მათ სკოლაში II-IV კლასელებს ჭადრაკს, არჩევით საგნად, ჭადრაკის ფედერაციისგან გადამზადებული მასწავლებელი ასწავლიდა. თუმცა, შემდეგ ფინანსურად ამის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. წელს ხევის სკოლაში 12 პირველკლასელს ელოდებიან.
„ვფიქრობ, ამ სიახლის დანერგვა ჩვენს სკოლაში პრობლემა არ იქნება. მასწავლებელი გვყავს, თუ სწავლება ონლაინ რეჟიმში გადავა, ბუკები ყველა მოსწავლეს გადაეცემა, სკოლაში ჭადრაკის დაფებიც საკმარისად გვაქვს“, – ამბობს მერი ხადილაშვილი.
„პირველკლასელებისთვის, საყოველთაოდ, ჭადრაკის შესწავლა ცოტა რთული იქნება, – მიაჩნია ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ჭადრაკის სექციის ხელმძღვანელს ირაკლი კიკნაძეს, – თუმცა, ჩვენთან ჭადრაკის წრეზე I და II კლასების მოსწავლეებიც დადიან და ალღოს კარგად უღებენ“.
„სპორტისა და ხელოვნების სხვადასხვა სახეობებში წარმატებული ადამიანები ვარჯიშს პატარა ასაკიდან იწყებენ. ამიტომ მისაღებია, რომ ჭადრაკის შესწავლა ბავშვებმა პირველი კლასიდან დაიწყონ. კარგი იქნება, თუ მაღალ კლასებშიც გაგრძელდება“, – ამბობს მოლითის სკოლის დირექტორი როლანდ ცუცქირიძე.
ხარაგაულის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მედეა უჩიძე ჭადრაკის სწავლებისთვის ტრენინგებზე უკვე დარეგისტრირდა. „ჭადრაკის შესწავლით მოსწავლე კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას, ყურადღების კონცენტრირებას განივითარებს. პირველ კლასში მოსწავლისთვის ბევრი გამოწვევაა – წერა, კითხვა, ციფრები, ინგლისური ენა და დამატებით ჭადრაკის სწავლება ცოტა რთული იქნება. თუმცა, იმედი მაქვს, წარმატებით დავძლევთ“, -ამბობს მედეა მასწავლებელი.
მომავალი პირველკლასელის დედამ, თამარ ქავთარიამ, ამ სიახლის შესახებ ჩვენგან გაიგო, თუმცა ინიციატივა მოეწონა: „ბიძაჩემმა, რევაზ ქავთარიამ, ნონა გაფრინდაშვილთან ფრე ითამაშა. ჭადრაკი ჩვენი ოჯახისთვის სპორტის უსაყვარლესი სახეობაა და მივესალმები, თუ ჩემი შვილი სკოლაში შეისწავლის“.
„პირველ კლასში ბავშვს ჭადრაკი კი არა, ნატიფი მოტორიკის განვითარება სჭირდება, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა, – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა, რაც უფრო მეტი რამე „გამოსდის ხელიდან“, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია.
ბავშვი პროცესზე ორიენტირებას სწავლობს. „ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს“! „უნდა სხვებს აჯობოს“! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა.შ. – მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ“.
თამთა გოგოლაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.