თითქმის ექვსი ათეული წელი მასწავლებლის ჟურნალით ხელში განვლო. მისგან ჩატარებული თითოეული გაკვეთილი ცოდნის დღესასწაულია. ეს დღესასწაული მუდამ ენატრება მათ, ვისაც ნელი მასწავლებლისთვის ერთხელ მაინც მოუსმენია. ღვაწლმოსილ პედაგოგს, ხარაგაულის გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნელი შარიქაძეს, პედაგოგიური საქმიანობისა და განვლილი ცხოვრების გახსენება ვთხოვეთ.
– ნელი მასწავლებელო, როგორ აირჩიეთ პროფესია?
– ბავშვობაში ვნახე ფილმი, სადაც მოსამართლე ქალმა დააპატიმრა დამნაშავე კაცი, რომელიც ქალზე ძალადობდა. ამ ფილმის გამო ჯერ იურისტობა გადავწყვიტე, თუმცა პედაგოგობაც ძალიან მიზიდავდა. დედაჩემი მასწავლებელი იყო და დაწყებითი სკოლის გამგედ მუშაობდა. მამიდაც პედაგოგი იყო და მამაჩემიც მასწავლებელი ყოფილა. მოსწავლეობისას ეს ორი პროფესია მიყვარდა. ძალიან დამჯერე ბავშვი ვიყავი და დედაჩემის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. დიდი კონკურენცია იყო. ოქროს მედალოსანი ვიყავი და ამის გამო უმაღლეს სასწავლებელში გასაუბრებით ჩავირიცხე.
– გაიხსენეთ თქვენი პირველი პროფესიული ნაბიჯები.
– სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს დავამთავრე. იმავე წელს დავოჯახდი. 1963 წლიდან დავიწყე მუშაობა ჯერ ვახანის, შემდეგ ლეღვნის სკოლებში. 1965 წლიდან გადმოვედი ხარაგაულის მუშა-ახალგაზრდობის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, შემდეგ ამავე სკოლის დირექტორად ვმუშაობდი. 1971 წლიდან ხარაგაულის #1 საშუალო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი.
– გაიხსენეთ ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს.
– ჩემს სოფელში ჭაღარაშეპარული ადამიანები დედაჩემს ხშირად ეუბნებოდნენ: „თამარა მასწავლებელო, მთელი ლეღვანი თქვენი გამოზრდილია“. ეს ჩემთვის ცხოვრებაში ძალიან დიდი სტიმული იყო. არაჩეულებრივი პედაგოგები მყავდნენ – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცაცა მელაძე, ისტორიის – გიგუცა მაღრაძე, რუსულის – ვახტანგ მაღრაძე. ეს სამი ადამიანი ჩემთვის პროფესიაში მანათობელი სხივებივით იყვნენ.
– რას ნიშნავს თქვენთვის „კარგი მასწავლებელი“?
– აუცილებლად უნდა უყვარდეს სკოლა და ბავშვები. მუდამ, შეუსვენებლად უნდა ვითარდებოდე. ყოველდღე რაღაც ახალი უნდა წაიკითხო, უკვე ნასწავლით არ უნდა დაკმაყოფილდე. ამ ცხოვრებაში ერთ დღეს რომ რაღაცას გააკეთებ, ის მეორე დღეს აღარ კმარა.
მასწავლებელმა ბავშვის ხასიათი ინდივიდუალურად უნდა გამოიცნოს. ეს რთული, თუმცა აუცილებელი პროცესია იმისათვის, რომ მოსწავლესთან კავშირი დაამყარო. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ შენ ის გიყვარს, თუმცა ურთიერთობაში უფროს-უმცროსობის ზღვარიც ყოველთვის უნდა იყოს.
– თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაში განსაკუთრებულ მომენტს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– გაკვეთილებზე ხშირად გვესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, დახელოვნების ინსტიტუტის, განათლების განყოფილებისა და რაიკომის წარმომადგენლები. ერთხელაც, სკოლაში სამინისტროდან ჩამოსული შემფასებელი განათლების განყოფილების წარმომადგენელთან ერთად მოვიდა. „კოლხეთის ცისკარი“ თუ „გვადი ბიგვა“ უნდა ავუხსნა მოსწავლეებს.
იმ დროს საბჭოთა კავშირში პარტიის ყრილობა ჩატარდა. განათლების განყოფილების წარმომადგენელი მეუბნება, მიშველე, ამ გაკვეთილზე რამენაირად ეს ყრილობა უნდა ახსენო, აუცილებლადო. ვფიქრობ, – სად შეიძლება ვახსენო ეს ყრილობა; სადმე უადგილო ადგილას რომ ვახსენო, ხომ მომეჭრა თავი ბავშვებთან. რა ვქნა?.. გაკვეთილი ისე დამთავრდა, არსადაც არ ვახსენე ყრილობა. გამოვედით გაკვეთილიდან, დამსწრე დირექტორის კაბინეტში წამოგვყვა და ვიდრე რამეს იტყოდა, ვეუბნები – ვიცი, რომ გაკვეთილი თანამედროვეობასთან კავშირში უნდა იყოს, ეს ვერ მოვახერხე და ყრილობა ვერ ვახსენე-მეთქი. მან კი მითხრა, – მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეგ არ გააკეთეთ; ყრილობა რომ გეხსენებინათ, ეს მშვენიერი გაკვეთილი არარაობად იქცეოდაო.
– სასკოლო ნაწარმოებებიდან რომელია თქვენი ფავორიტი და რატომ?
– ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და „განდეგილი“ ჩემი სულის ნაწილებია.
მონდომება, პერსპექტივების დანახვა და სიძნელეების დაძლევა – ილიას ნაწარმოებები ამის სასწავლებლად საუკეთესოა. „კაცია-ადამიანში“ ილია ამბობს, „სარკე მოგიტანეო“ – როგორი მოწიწებით საუბრობს თავის ქმნილებაზე. დიდი ილია, ერის მამად წოდებული, თავმდაბლობას გვასწავლის. ეს ნაწარმოებები ბავშვის სულის გამოძერწვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.
ძალიან მიყვარს ვაჟა, აკაკი, დავით გურამიშვილი – სულ ვცდილობ, მათი ნაწარმოებები მოსწავლეებთან ძალიან ახლოს მივიტანო, რომ მათ სიღრმეებს ჩაწვდნენ.
– მშობლებმა როგორ უნდა შევაყვაროთ შვილებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა?
– თუ ბავშვმა დედის, მამის ან ოჯახის წევრის ხელში წიგნი ვერ დაინახა, მხოლოდ საუბარი – რომ წიგნები უნდა იკითხო, – საკმარისი არ არის. ყველა შეგონებას პირადი მაგალითი ჯობია. წაიკითხვის შემდეგ ცოტა მოუყევი. ახალი რაც გაიგე, უთხარი, დააინტერესე.
არ უნდა შეგვრცხვეს, თუ რამე არ იცი. ბავშვს უნდა მიუთითო, – აი, იმან ეს საქმე ჩემზე უკეთ იცის, მისი მაგალითი აიღე. ეს შვილის თვალში არ დაგამცირებს; პირიქით, წლების შემდეგ, უკეთ დაგაფასებს.
მშობელს სკოლასთან მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს; ამასთან, მასწავლებლის ავტორიტეტზეც უნდა იზრუნოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. პედაგოგს კარგ მასწავლებლად თვითონ ბავშვიც აყალიბებს. ძლიერ კლასთან მასწავლებელიც ძლიერად ემზადება, მეტს სწავლობს.
– ცხოვრებაში რა არის მთავარი?
– ცხოვრებაში მთავარია ერთგულება და სიყვარული ყველა საქმეში. თუ სიყვარულს გასცემ, შენც სიყვარულს მიიღებ, ზიზღს გასცემ – უკან დაგიბრუნდება. შენი საქმე, თუ არ გიყვარს, არ გამოგივა.
წარმატებას რომ მიაღწიო, გულითადი ადამიანი უნდა იყო და არა – თვალთმაქცი. საკუთარ პროფესიას უნდა უერთგულო, მატერიალური კეთილდღეობა წინ არ უნდა დააყენო. წარმატებას მაშინ აღწევს ადამიანი, როდესაც ზუსტად მიაგნებს იმას, რისი შესაძლებლობაც აქვს და ამას ადამიანებისადმი დიდი სიყვარული დაემატება.
– ყველაზე მეტად რით ამაყობთ?
– ჩემი შვილებით, რადგან არავისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი ცხოვრება ცუდად არ გამომივლია. ვცდილობდი, ყველასთვის სიკეთე გამეკეთებია. ჩემს მოსწავლეებს რამდენჯერ ჩუმად დავხმარებივარ. ეს მათ, რა თქმა უნდა, არ იციან. რისი შესაძლებლობაც მქონდა, ყოველთვის ვეხმარებოდი.
– ნელი მასწავლებელო, თქვენ წარმატებული შვილების მშობელი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, მათი წარმატება რამ განაპირობა?
– სამი შვილის დედა ვარ. უფროსი შვილი, დათო მაღრაძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია, რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ბესო პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, თუმცა ამჟამად საპროვიზორო (ფარმაკოლოგია) სფეროშია, უმცროსი შვილი მაია გინეკოლოგია და კლინიკა „კურაციოში“ მუშაობს. მათი წარმატება ალბათ შრომისმოყვარეობამ განაპირობა. ჩემი მეუღლე, ნოე მაღრაძე, ძალიან შრომისმოყვარე კაცი იყო. ჩვენმა შვილებმა შრომის ფასი ბავშვობიდანვე იცოდნენ. საქმეს მთელი სულითა და გულით უნდა ემსახურო და მუდამ უნდა ისწავლო – ამას ვეუბნებოდით გამუდმებით.
ცხრა შვილიშვილი მყავს. მათგან უფროსი 24 წლისაა და მეორე წელია, იტალიაში ასპირანტურაში სწავლობს, ყველაზე უმცროსი 7 წლისაა და მეორე კლასში გადავიდა.
– რას უსურვებთ დღევანდელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?
– მასწავლებლებს წარმატებას, ჯანმრთელობას, დიდ ამტანობასა და გამძლეობას ვუსურვებ. მასწავლებლის პროფესია ურთულესია. თუ ჭეშმარიტი პედაგოგი ხარ, დიდი გამძლეობაა საჭირო.
ყველა მოსწავლეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდ მონდომებას და დროის მაქსიმალურად გამოყენებას. დრო ძალიან სწრაფად გადის. ხშირად რაც დღეს საჭიროა, ხვალ უკვე გვიანია. ყველას გისურვებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის ნიჭი და ენერგია, რაც ღმერთმა გიბოძათ.
თამთა გოგოლაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.