ბავშვობის ოცნება – გამხდარიყო მასწავლებელი, მარიკა გოლუბიანმა ცხოვრების მიზნად დამამთავრებელ კლასებში სწავლისას დაისახა. ინგლისური ენისადმი განსაკუთრებული სიყვარული კიდევ უფრო მეტად პედაგოგმა ნანა კახელმა გაუძლიერა.
მარიკა გოლუბიანი წამყვანი მასწავლებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინგლისურ ენაში ეს სტატუსი, ჯერჯერობით, სულ ხუთ მასწავლებელს აქვს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიისა და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 14 წლის წინ, მარიკამ მუშაობა ღორეშის საჯარო სკოლაში დაიწყო. დღეს ის ინგლისურ ენას ხარაგაულის #2 სკოლასა და სასულიერო გიმნაზიაში ასწავლის.
რამდენად რთული იყო წამყვანის სტატუსის მოპოვება, როგორ ეხმარება მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, სწავლის პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების დასაძლევად, არის თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა სკოლებში ინგლისური ენის სასწავლებლად, – ამ გამოწვევებზე მარიკა გოლუბიანს ვესაუბრეთ.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი რომ მოეპოვებინა, მარიკა გოლუბიანმა ბევრი იშრომა. ამისთვის აუცილებელი პირობა კვლევის ჩატარება იყო. „როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს ზეპირმეტყველების უნარი ინგლისურ ენაში“ – მან ამ საკითხის კვლევისას საინტერესო მიგნებები აღმოაჩინა. ამიტომ მარიკა მასწავლებლის კვლევამ როგორც შიდა, ისე გარე დაკვირვების შემდეგ უმაღლესი შეფასება მიიღო. მისმა მონდომებამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა.
მარიკა გოლუბიანი მიიჩნევს, რომ თითოეულ მოსწავლესთან, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
„ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, მიზანი დაისახონ და მის მისაღწევად იბრძოლონ, თავიანთი აზრი მკაფიოდ გამოთქვან. ყველა ბავშვი უნიკალურია. მთავარია, მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა, მისი შინაგანი ძალების გააქტიურება და სწორი მიმართულებების მიცემა“, – ამბობს მარიკა მასწავლებელი.
პირველ კლასში უცხო ენის სწავლა განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. პატარებს ზეპირი მეტყველება გაცილებით უადვილდებათ, ვიდრე წერა-კითხვის შესწავლა. ამიტომ მარიკა მასწავლებელი ცდილობს, რომ პირველკლასელებს გაკვეთილები თვალსაჩინოებების გამოყენებით, სხვადასხვა სახალისო მეთოდების გამოყენებით ჩაუტაროს. უმცროსკლასელთა მშობლების ჩართულობას ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მარიკა გოლუბიანი მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია, სკოლები სასწავლო რესურსებით აღჭურვილი იყოს. ის ხარაგაულის #2 სკოლაში გაკვეთილებს ხშირად „მომავლის კლასში“ ატარებს, სასულიერო გიმნაზიაში კი აქტიურად იყენებს „ჭკვიან დაფებს“. თუმცა, საჭიროა, სკოლაში მეტი საკითხავი ლიტერატურა და თვალსაჩინოება ჰქონდეთ.
ახლახან მარიკა გოლუბიანმა წარმატებით დაასრულა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა – „ადგილობრივი ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის“. ის ჩართულია ტრენინგებში და კოლეგებისგან მუდმივად იზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას. ეს მას ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური მეთოდების გასაღრმავებლად. მარიკა მიიჩნევს, რომ დღეს ინგლისური ენის ყველა მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, კომპეტენცია აიმაღლოს და სტატუსი გაიუმჯობესოს.
ხარაგაულის #2 სკოლას და თავად მარიკა მასწავლებელს ბევრი რამ შესძინა „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობამ. მისთვის საინტერესო იყო ამ ორგანიზაციის უცხოელ მოხალისესთან ერთად გაკვეთილისა თუ სხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. ის იმედოვნებს, რომ პანდემიის შემდეგ „მშვიდობის კორპუსი“ სკოლებში მოხალისეებს ისევ გამოაგზავნის.
„ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა მისასალმებელია, – ამბობს მარიკა გოლუბიანი, – განსაკუთრებით – ინგლისურის. ინგლისური საერთაშორისო ენად ითვლება. ამ ენის შესწავლას ყველა ახალგაზრდას ვურჩევ. უცხოეთში სწავლა, მოგზაურობა, მუშაობა ბევრად გაუადვილდებათ, თუ ენას ისწავლიან.
ძალიან ვამაყობ იმ მოსწავლეებით, რომლებმაც ინგლისური ენის ფაკულტეტები დაამთავრეს. თაკო კოპაძეს ღორეშაში ვასწავლიდი. ის ახლა ბორითის სკოლის მასწავლებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა მარიამ ჭიპაშვილმა, მარიამ მაღლაფერიძემ და სხვებმა. მოსწავლე მომავალ პროფესიას თუ ჩემი გავლენით ირჩევს, პასუხისმგებლობა და მოტივაცია მემატება.
– მარიკა მასწავლებელო, გარდა ინგლისური ენისა, რა გინდათ რომ მოსწავლეებმა თქვენგან ისწავლონ?
– პირველ რიგში, კარგ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ. თითოეული წუთი მიზნობრივად გამოიყენონ, იწავლონ სიღრმისეულად, რადგან ჩვენს ქვეყანას ახლა პროფესიონალები ძალიან სჭირდება. შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა, – ეს მინდა რომ ჩემგან ისწავლონ. მიზნის მისაღწევად არასდროს დანებდნენ.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.