საქმისადმი სიყვარული და შრომისმოყვარეობა – ეს ის აუცილებელი თვისებებია, რაც ადამიანს წარმატებულს ხდის.

ასე ფიქრობს ბორში მცხოვრები მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანი, რომელიც თავად სულ ფუტკარივით შრომობს, ყოველწლიურად სიახლეებს ნერგავს თავის საფუტკრე მეურნეობაში, რომელიც უკვე 200-ზე მეტ ოჯახს ითვლის.

როგორ დაიწყო ფუტკრის მოშენება, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს მეფუტკრები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად, – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ზურაბ მაჭავარიანს ვესაუბრეთ.

მეფუტკრეობა ზურაბ მაჭავარიანის ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. თუმცა, ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სწავლისას მეფუტკრეობით პროფესორმა დავით ანდღულაძემ დააინტერესა. ის ოქროყანაში მეფუტკრეობის საცდელი სადგურის დირექტორად მუშაობდა და სტუდენტები პრაქტიკაზე იქ ხშირად მიჰყავდა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზურაბ მაჭავარიანი ხარაგაულში აგროსამრეწველო გაერთიანებაში ზოოტექნიკოსად გაანაწილეს. ხელფასი საკმარისი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა, ბედი სოფლის მეურნეობაში ეცადა.

ის ხარაგაულის აგროსამრეწველო გაერთიანებაში გამოცდილ და კვალიფიციურ მეფუტკრე გიორგი (კუკური) ნადირაძესთან ერთად მუშაობდა. დამწყებ, ახალგაზრდა მეფუტკრეს რომ დაინტერესება შეატყო, თავის საფუტკრეში ბატონ კუკურის ის ხშირად დაჰყავდა. პირველი ძირი ფუტკარი ზურაბ მაჭავარიანმა კუკური ნადირაძესგან შეიძინა.

„მეფუტკრეობაში პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მქონდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სამ-ოთხ ძირს ვამატებდი. წლების განმავლობაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ მეფუტკრეობა არის ის, რის გარეშეც უბრალოდ სიცოცხლე არ შემიძლია. ამ მიმართულებით განვითარება და გაძლიერება ჩემი ცხოვრების მიზნად გადაიქცა“, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი.

პირველ ეტაპზე, თაფლის წარმოებასთან ერთად, ფუტკრის შხამის დამზადება დაიწყო. ამან კარგი შემოსავალი მისცა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, საყოველთაო გაჭირვების მიუხედავად, თაფლი მაინც იყიდებოდა. ეს კი ბატონი ზურაბის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო. საჯარო სამსახურში მუშაობის სურვილი არც ერთი ხელისუფლების დროს არ ჰქონია. პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

15 წლის წინ ზურაბ მაჭავარიანმა ფუტკრის რძის წარმოება დაიწყო. ეს იდეა დასავლეთ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის წევრ, ელგუჯა გიგაშვილთან ურთიერთობისას გაუჩნდა. ზურაბ მაჭავარიანი ამბობს, რომ ფუტკრის რძის რეალიზაციიდან კარგ შემოსავალს იღებს. ამ რძეს ის ძირითადად, ხარაგაულსა და ზესტაფონში ყიდის. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ფუტკრის რძეზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან ის იმუნიტეტს აძლიერებს.

სიახლეების დანერგვა და გამოწვევებთან გამკლავება ზურაბ მაჭავარიანის დევიზია. ის თავად, საკუთარი ხელით ქმნის ყველაფერს და სხვისგან დახმარების მოლოდინი ნაკლებად აქვს.

სოფლის მეურნეობის კუთხით სახელმწიფოსგან შემოთავაზებულ პროგრამებში არ ერთვება. მეფუტკრეობის კოოპერატივის შესაქმნელად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, – ჩათვალა, რომ კოოპერატივი თავისუფლებას და მოტივაციას შეუზღუდავდა.

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ სამჯერ ჩაერთო – სურდა თაფლის გამოსახდელი საწარმოს შექმნა, თუმცა, სამივეჯერ უარი მიიღო. ამიტომ მცირე საწარმო საკუთარი სახსრებით ააშენა. საწარმო სამგანყოფილებიანია – პირველი ჩარჩოების დასაყოვნებელი ოთახია, მეორე – თაფლის გამოსახდელი, მესამე – სამრეცხაო.

საწარმო თაფლის გამოსახდელი ახალი დანადგარებითაა აღჭურვილი და სურსათის უვნებლობის ნორმები დაცულია. უახლოეს ხანში ეს საწარმო დროებითი აღიარების სტატუსს მიიღებს. შემდგომ ეტაპზე კი მუდმივი აღიარების სერტიფიკატს, რაც ჰასპის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გულისხმობს.

ზურაბ მაჭავარიანი ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ თაფლის რეალიზაციისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ეს იმის დამსახურებაა, რომ ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლისთვის გაიხსნა. ზურაბ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მის საწარმოში დამზადებული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანა სამომავლო საქმეა.

ბატონო ზურაბ, სოფლები იცლება. სოფლის მეურნეობის მიმართ ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან. თქვენი აზრით, რა არის საჭირო სახელმწიფოსგან, მოქალაქეებისგან, რომ სოფელი გაძლიერდეს?

– კომუნისტურ ეპოქაში ყველა დასაქმებული იყო. ოჯახს სოფელში ფულადი შემოსავალიც ჰქონდა და თავს ნატურალური პროდუქტითაც ირჩენდა. ახლა ოჯახის რჩენა რთულია, თუმცა, არა შეუძლებელი. ერთი პერიოდი თხილს კარგი ფასი ჰქონდა და ბევრმა გააშენა.

მუდამ რაღაც სიახლეა მოსაფიქრებელი. სახელმწიფომ, ალბათ სოფლებში რაიმე მცირე საწარმოს შექმნას ხელი უნდა შეუწყოს. პენსია უნდა იყოს მაღალი. ადამიანს, თუ ფიზიკურად შრომა შეუძლია, სოციალური დახმარება არ უნდა მისცე.

მეფუტკრეობაში მუდმივად სიახლეების მოძიება გვჭირდება. საქართველოში მეფუტკრეთა 95% მოყვარულია. მათ არ იციან იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს ყველას გვიქმნის. მეფუტკრეობის ყველაზე დიდი მტერი უცოდინარი მეფუტკრეა. დაავადების გაჩენისას ფუტკარს კარანტინს ვერ დაუწესებ, მას 5 კილომეტრის მანძილიდან დაავადების მოტანა შეუძლია.

არის ფუტკრის ასეთი დაავადება „ამერიკული სიდამპლე“, რომელიც ძალიან რთულად იკურნება. ქართველ და ევროპელ პროფესიონალ მეფუტკრეთა რეკომენდაციაა, რომ დაავადებული ოჯახი განადგურდეს. ცოტა სკა რომ ჰყავს, მისთვის ეს ძნელია. ამიტომ ვეტაფთიაქებში შეძენილი ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუმცა, ამ დაავადებისგან ფუტკარი სრულად არ იკურნება.

მეფუტკრეებისთვის გამოწვევაა გადაირაღება და ხარისხიან წამლებზე ხელმისაწვდომობა.

ბორში ბევრი პრობლემაა. მოსახლეობას აქ საცხოვრებლად ელემენტარული პირობები უნდა მოუწესრიგდეს – გზა, წყალმომარაგება, გაზიფიცირება აუცილებელია. საკუთარი შრომით შევქმენი ყველაფერი. თუმცა, სოფელი რომ გაძლიერდეს, ხელისუფლებისგან ხელშეწყობა, პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გადამწყვეტია.

მინდა, რეალურად თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობდეთ. ეს კი თავისით არ მოვა, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. საქართველოში ახლა ეკონომიკური გაჭირვებაა, ბევრი უსამართლობაა, მაგრამ აქედან რომ განვითარებულ ქვეყნებში გავიქცეთ, რა გამოვა?! აქ უნდა დავრჩეთ და როგორც ილია ამბობდა, „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი“.

ნინო კაპანაძე