აუტიზმი არის ტვინის ნეირობიოლოგიური განვითარების დარღვევა. ეს ერთი დაავადება კი არა, დაავადებათა ჯგუფია, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდ ჯგუფში – ნეიროგანვითარებით დარღვევებში ერთიანდება. აუტისტური სპექტრის აშლილობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არის ცნობილი. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რა შეიძლება იწვევდეს ამ აშლილობას. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ეს არის გენეტიკური წინასწარ განწყობისა და გარემო ფაქტორების თანხვედრის შედეგი.

აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. აუტიზმი აღენიშნება 68 ბავშვიდან ერთს. აუტიზმი 5-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. აუტიზმისთვის დამახასიათებელია რუტინის სიყვარული, მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებული ინტერესები, შემეცნების დაქვეითებული უნარი.

გამოყოფენ სამი სახის პრობლემას, რომელიც აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს აწუხებს. ესენია:  1. საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა. 2. საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა. 3. საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა.

მათ უჭირთ „სხეულის ენის“ გაგება. ეს მათთვის ძალიან რთულია. ისინი სიტყვებს პირდაპირ იგებენ. ფიქრობენ, რომ ადამიანები ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ამბობენ. მათ უჭირთ სახის გამომეტყველების ან ხმის ტონის გაგება, ხუმრობისა და სარკაზმის გაგება და გამოყენება, საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზების გაგება. ვერ აცნობიერებენ საზოგადოების დაუწერელ წესებს.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ არიან უგრძნობნი, გულგრილნი, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ როგორი გრძნობები აქვთ სხვებს. მარტო ყოფნა ურჩევნიათ. მათი საქციელი უცნაური და შეუფერებელია. საზოგადოებრივი წარმოსახვის უნარი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და ვიწინასწარმეტყველოთ სხვების საქციელი, ხოლო აუტიზმის მქონე ხალხს უჭირს სხვისი ფიქრების, განცდებისა და საქციელის გაგება; იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება შემდეგ, მაგალითად, ის, რომ გზაზე გადარბენა საფრთხეს უქადის. მათ უჭირთ ცვლილებებთან შეგუება და მომავლის დაგეგმვა. აუტიზმის მქონე ბავშვმა შეიძლება ითამაშოს სპექტაკლში, თუმცა ერთი და იგივე სცენის თამაში ურჩევნია.

აუტიზმის მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს.

მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური ყოფითი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

არ არსებობს აუტიზმის მკურნალობის სამედიცინო მეთოდები.

P.S. აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. წელს ქვეყნის სიმბოლოები ღია ლურჯად განათდა. ეგიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის კოშკი… აქციას „გაანათე ლურჯად“ თბილისიც შეუერთდა და ფილარმონია ლურჯად განათდა.

თათია ბლუაშვილი

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი