ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია და სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თითმის ყველა სფეროზე მოიხსნა.

უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის გააქტიურებას ჩვენს ქვეყანაში, რა ვითარებაა ვაქცინაციის მხრივ და რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის ე.წ. ,„მაიმუნის ყვავილი“, – ამ საკითხებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

– ეპიდემიოლოგიური ვითარება, დღეის მდგომარეობით, მშვიდია და ამ ეტაპზე რაიმე ტიპის გაუარესებას არ ველოდებით, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ახალ შემთხვევათა დღიური რაოდენობა იმერეთში დაახლოებით 10-13-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს მასშტაბითაც, ყოველდღიური ახალი შემთხვევები დაახლოებით 50-დან 60-ის ფარგლებშია. ამას მივაღწიეთ იმით, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული იმუნური ფენა, რომელიც შექმნა ერთის მხრივ ვაქცინირებულმა პირებმა, მეორეს მხრივ დაავადებაგადატანილმა ადამიანებმა.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ვაქცინით მიღწეული იმუნური სტატუსი, ასევე  გადატანით მიღებული იმუნიტეტი შეიძლება დროთა განმავლობაში შესუსტდეს, ანტისხეულების რაოდენობა შემცირდეს და დაავადებათა რიცხვი გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ვთავაზობთ რევაქცინაციას. თუ კორონავირუსზე ბოლო ვაქცინაციიდან 4-5 თვე გასულია, კვლავ უნდა ავიცრათ ბუსტერ დოზით იმისათვის, რომ მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება შევინარჩუნოთ.

ამ ეტაპზე კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 0,8 – 1.1%-ია და ეს აბსოლუტური სიმშვიდის გარანტიას იძლევა; თუმცა, შესაძლოა, გართულებებმა თავი იჩინოს, თუ სეზონურ ვაქცინაციას არ გავიკეთებთ. შემოდგომაზე გარკვეული რესპირატორული დაავადებების გამწვავებას კვლავ ველოდებით.

უნდა ითქვას, რომ გარკვეული დაავადებები ახლაც საკმაოდ გამწვავებულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად ვახორციელებთ სამედიცინო დაწესებულებებიდან ნიმუშების ორგანიზებულ აღებას და მათ ტესტირებას სხვადასხვა ვირუსულ ინფექციებზე. ტესტირებები დაახლოებით 26 დაავადებაზე კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ეპიდემიოლოგიური სურათი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და სამედიცინო პერსონალიც იყოს ამის შესახებ ინფორმირებული.

დღეს ჩვენთან გავრცელებული ყველა სახის ვირუსის გადაცემის გზები ერთი და იგივეა და დაცვის  მექანიზმები, როგორც კოვიდის დროს გვქონდა, იგივეა ახლაც.

დაავადებულთან კონტაქტის დროს უნდა გამოვიყენოთ პირბადე. ნებისმიერი ვირუსით დაავადებულმა, გამავრცელებელი რომ არ გახდეს, აუცილებლია ატაროს ნიღაბი და ისევ და ისევ ხელების ჰიგიენა. ისე გამოვიდა, რომ კოვიდის დროს ყველა ვიცავდით ამ რეგულაციებს. ახლა, რაც კოვიდი ცოტა შესუსტდა, ყველანაირი კონტროლის მექანიზმი მოშლილია.

აუცილებელი ხომ არ არის სახელმწიფომ გვიკარნახოს ყოველთვის, რომ თუ ცუდად ხარ, ნუ წახვალ სამსახურში; თუ დაავადებული ხარ, მოერიდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს; გაიკეთე პირბადე. ხელების დაბანა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. შესაძლოა, ამაზე საუბრით საზოგადოება დავღალეთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამაზე საუბარი კვლავ გვჭირდება.

საქართველოში კორონავირუსზე სამ მილიონამდე აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია მლნ 400 ათასამდე, ორი დოზით – მლნ 200 ათასამდე ადამიანი. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 252 ათას ადამიანს. ბუსტერ დოზას, ძირითადად, იკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ და აცრას მიმღები ქვეყანა ითხოვდა. ძალიან  ნაკლებია იმ ადამიანების ხვედრითი წილი, რომელსაც ბუსტერ დოზის გაკეთების რაციონალურობა ესმის.

ვაქცინაციის ეს მონაცემები არასაკმარისია. ჩვენ რომ სტაბილური პერიოდი ხანგრძლივად შევინარჩუნოთ, ამისათვის საჭიროა, ვაქცინაციის პროცესი ინტენსიური გახდეს.

დღეს  მსოფლიოში გადაადგილება ძალიან ადვილია. გაზრდილია მიგრაციული პროცესები არა მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით, არამედ – სამუშაო მიგრაცია. ასევე ძალიან ინტენსიურია სხვადასხვა პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ჯანდაცვის რისკებსაც მოიცავს.

ადამიანი წლების წინ ასე იოლად ვერ გადადიოდა სხვა ქვეყანაში და არ იყო რისკი, მას რაღაც სხვა,  ჩვენთვის არადამახასიათებელი და ჩვენი ქვეყნისთვის არაენდემიური დაავადება შემოეტანა. დღეს ეს რისკები მომატებულია.

„მაიმუნის ყვავილი“ მედიცინაში ახალი აღმოჩენა არ არის. ეს დაავადება ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდანაა აღწერილი. პირველი შემთხვევები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში დაფიქსირდა. შემდეგ წლებში ამ დაავადების ერთეული შემთხვევები გამოვლინდა ევროპასა და აშშ-ში. დღეს ამ დაავადების მომატება შეინიშნება, დაფიქსირდა ლეტალობის შემთხვევაც. ლეტალობა, ისევე როგორც ყველა დაავადებას, მასაც ახასიათებს; თუმცა, არ თუ ისე მაღალი – დაახლოებით 5%-მდე.

„მაიმუნის ყვავილი“ გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით სახიათდება, ვიდრე ის ისტორიული ყვავილი, რომელიც ვაქცინაციის საშუალებით მსოფლიომ დაამარცხა და აღარ არსებობს. საუბარია, რომ „მაიმუნის ყვავილით“ დაავადების რისკი 1980 წლამდე დაბადებულ ადამიანებში დაბალია. ეს ნიშნავს იმას, რომ 1980 წლამდე, ვიდრე ყვავილის დაავადება მსოფლიოში სრულად დამარცხდებოდა, ვაქცინაცია ყველა ადამიანს უტარდებოდა და დღეს არსებობს კორელაცია, რომ იმ ყვავილის ვაქცინით ვაქცინირებული პირები პრაქტიკულად დაცული არიან „მაიმუნის ყვავილისაგან“.

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება ჰაერ-წვეთოვანი გზით ხდება, თუმცა ძალიან მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში. ადამიანი, შესაძლოა, დაავადდეს დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით ან თერმულად არასათანადოდ დამუშავებული დაავადებული ცხოველის ხორცის საკვებად მიღებით.

ადმიანიდან ადამიანზე გადაცემა კი მხოლოდ მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტის შედეგად ფიქსირდება. ჩვენ ამ დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება უკვე დაწყებული გვაქვს. ინფორმირებული ადამიანი კი უფრო მეტად დაცულია.

თამთა გოგოლაძე