გარემოს დაბინძურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა.

მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად, ეკოლოგიური პრობლემები მატულობს. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, ჯერჯერობით, სათანადოდ ვერ უმკლავდება. საზოგადოება საუბრობს იმაზეც, რომ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ბუნებრივი რესურსების არარაციონალურმა გამოყენებამ გამოიწვია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ვცხოვრობ. აქ გარემო სერიოზულადაა დაბინძურებული. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის მოსახლეობა ჩვეულებრივ ნაგვის ბუნკერში ყრის, მაგრამ ჩვენ, სოფლის მოსახლეობა ამ ნარჩენებს ტყეში ან მდინარის ნაპირთან ვყრით, რადგან სოფელში ნაგვის ბუნკერი არ გვაქვს.

საქასრიაში გზაზე ბეტონი ერთი წლის წინ დაიგო, მოეწყო გარე განათება. ყოველი ჩიხის ბოლოს ველოდით დაპირებულ ნაგვის ბუნკერებს, რომელსაც ყოველ ერთ კვირაში ნაგვის მანქანა დაცლიდა.

თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ნაგვის მანქანა დიდია, ხიდზე ვერ გამოვა და ამიტომ ერთი ნაგვის ურნა დაიდგმება ხიდის თავშიო. სამწუხაროდ, ზემო უბნებში მცხოვრები მოსახლეობა დიდად თავს არ იწუხებს ნარჩენების ხიდთან ჩამოტანით და ამიტომ ღელე, ტყე, გზა ნაგვით ივსება.

ამ პრობლემაზე საუბრისას მნიშველოვანია ადამიანთა ინფორმირებულობა, – იმის ცოდნა, თუ რა ზიანს აყენებს ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი გარემოს.

რითი შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება ან შესაძლებელია კი საერთოდ?

პირველ რიგში ვთქვათ, რომ შესაძლებელია! ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირაში ერთხელ რომ ნაგვის მანქანა გამოაგზავნოს სოფელში, მოსახლეობა ნარჩენებს მოაგროვებს და იმ ერთ დღეს მანქანას გაატანს.

მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება. კარგი იქნება, თუ ხარაგაულის მასშტაბით ჩატარდება ეკოლოგიასთან დაკავშირებით ტრენინგები. შესაძლოა, ხალხმა უფრო დაუგდოს ყური ამ პრობლემას და მიხვდნენ, რომ მათგან გარემოში დატოვებული ერთი პლასტმასის ბოთლი სამომავლოდ გარემოსთვის დიდი საფრთხეა.

აუცილებელია საჯარიმო სანქციების ამოქმედებაც – ვინც ნაგავს გადააგდებს, უნდა დაჯარიმდეს. შვედეთში, სადაც ახლა ჩემი მშობლები ცხოვრობენ, ბუნების დანაგვიანება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. იქ ნარჩენების ხელახალი გადამუშავება ხდება და ახალი პროდუქცია იწარმოება. ამის გაკეთება, ვფიქრობ, ხარაგაულშიც შესაძლებელია.

უნდა ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს. ეს ხომ ის ადგილია, სადაც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ.

საბა წიქარიშვილი

ბორითის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე