უკვე შეგროვდა საკმაოდ დიდი მასალა. ასოციაცია „კლიოში“ გაერთიანებულმა პირებმა მაღალი აქტივობა გამოავლინეს, მოიძიეს მასალები სოფლებიდან, ხალხური გადმოცემები საარქივო მასალით გაამდიდრეს, შეადგინეს თავიანთი სოფლების რუკები, უბნების სქემები. ყველა ავტორმა თავისი ნაშრომი წარმოადგინა ფოტო-დოკუმენტურ მასალასთან ერთად.

შესანიშნავად იმუშავეს ფრიდონ ხიჯაკაძემ, გოჩა ბააკაშვილმა, გიზო სახვაძემ, ზაირა ხაჩიძემ, ირმა იჩქიტიძემ, თამარ თაბუკაშვილმა, ელენე მელქაძემ, ჯემსი ვეფხვაძემ, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, დონარი ბერიძემ, თამარ კალანდაძემ, დოდო ხაჩიძემ, თამაზ გოგოლაძემ, ქეთევან ცაბაძემ და სხვებმა.

წიგნის შექმნაში მონაწილეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი. ცალკეულ თემებზე მუშაობენ ისტორიკოსები ეკა შველიძე და ეთერ ვეფხვაძე.

ჩემთან თავმოყრილია ოცამდე ნაშრომი, რომელთა რედაქტირებაც ამჟამად მიმდინარეობს ჩემს მიერ. რედაქტირების მიზანია, დაიხვეწოს ტექსტები და მომზადდეს დასაბეჭდად.

საზოგადოება „კლიოს“ შეკრება დაგეგმილია ამ მუშაობის დასრულების შემდეგ, რათა მოხდეს ტექსტების შეჯერება და ხარვეზების აღმოფხვრა.

ამის შემდეგ მინდა მივმართო სამეცნიერო წრეებს, რომელთა შენიშვნების შემდეგ წიგნის აკადემიური დონე იქნება მაღალი. მინდა რეცენზირება ვთხოვო წარმოშობით ხარაგაულელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ელდარ ბუბულაშვილს.

რუკების გაკეთება ამ წიგნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

ჩვენ გვსურს, რომ წიგნთან ერთად გაკეთდეს ტურისტული გზამკვლევი, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის ისტორიულ თუ გეოლოგიურ თვალსაჩინოებებს. გზამკვლევისთვის რუკები შევუკვეთეთ ცნობილ კარტოგრაფსა და ისტორიკოსს მანანა შეყილაძეს.

ამჟამად დარჩენილია მთელი რიგი სოფლები, რომელთა ისტორიაც ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ წერილის მეშვეობით ვეხმაურები ყველა სკოლას, ყველა პედაგოგს, თუ ისტორიით დაინტერესებულ პირს, მოგვაწოდოს მასალები თავიანთი სოფლების ისტორიის შესახებ. ნაშრომი შეგიძლიათ დატოვოთ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. დაცული იქნება თქვენი ავტორობა. ნაშრომი შევა აღნიშნულ წიგნში. ეს მასალა ჩვენთან უნდა მოვიდეს მაისის ბოლომდე, რადგან დროში შეზღუდულები ვართ. თუ წიგნში ყველა სოფლის ისტორია ვერ მოხვდება, არც ესაა პრობლემა, რადგან ეს არის ნარკვევები და შეიძლება გამოიცეს მეორე ნაწილი, ან მომავალში გამოვიდეს ხელახლა შევსებული გამოცემის სახით.

ხარაგაულს სჭირდება არქეოლოგიური კვლევა. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა ზვარე. შეიძლება აქ ყორღანული სამარხები აღმოჩნდეს საჩხერის მსგავსად. ზვარეს, ილმის არტეფაქტები სტიქიური გათხრების შედეგად იქნა მოპოვებული. ზვარეს ისტორიული კუთხით შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ეთერ ბიძინაშვილს. აქ ნაპოვნი მტკვარ-არაქსის ეპოქის ძეგლები ახლოს დგას საჩხერის, ბრილის, აფხაზური დოლმენების და ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპის კულტურის მასალებთან და ძვ. წ. მესამე ათასწლეულით თარიღდება. ამავე ეპოქისაა ილმის განძი, რომელიც ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

საინტერესო ნაშრომებია წარმოდგენილი ხიდარზე, ვარძიაზე, ღორეშაზე, ხევის ზონაზე და სხვ.

იმედს გამოვთქვამ, რომ წიგნი საინტერესო იქნება მკითხველისთვისაც და ხელს შეუწყობს მხარის ისტორიის შესწავლასთან ერთად ტურიზმის განვითარებას.

ზეინაბ ბუაჩიძე