ბოლო ორი წელია, დაბა ხარაგაულში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალური გზის დაუსრულებელი მშენებლობით გატანჯულია. წვიმიან ამინდში გადათხრილი გზა გუბეებით ივსება, მზიან ამინდში ირგვლივ მტვრის ბუღი ტრიალებს.
სოლომონ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მაია დევდარიანი ამბობს, რომ დღის განმავლობაში ეზოში ვერ გამოდის და ფანჯარას ვერ აღებს. მას ეზოს წყლით მორეცხვაც უჭირს, რადგან წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„ეზოში სარეცხი ვერ გამიფენია, – ამბობს მაია დევდარიანი, – თბილისიდან შვილიშვილის ჩამოყვანა მინდა, მაგრამ მეშინია, ამ მტვერში რამე არ დაემართოს. ოჯახში მოხუცი დედამთილი მყავს და მის ოთახს ვერ ვანიავებ. არ ვიცი, წელს როგორი ზაფხული გვექნება. ჩვენი მდგომარეობა ამ გზის დაუსრულებელი მშენებლობის გამო, უკვე გაუსაძლისია“.
ხარაგაულში ცენტრალურ ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი და მოქმედი ორგანიზაცია მტვრისგან შეწუხებულია. ადამიანები შიშობენ, რომ, შექმნილი მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე ქვეითად თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სერიოზული დისკომფორტია.
ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეკონსტრუქცია 2017 წლის მაისში კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ დაიწყო და ხელშეკრულების პირველი ვარიანტის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებია. დაბა ხარაგაულში ამ მონაკვეთის მშენებლობა წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობამ შეაფერხა. ეს მშენებლობები 2019 წლის ბოლოს დაიწყო და 2022 წლის მაისში დასრულდა.
დაბა ხარაგაულის 1,8 კმ-იანი გზის მშენებლობის 2022 წლის მაისში დასრულებას დაგვპირდა ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მასთან აპრილში ჩაწერილ ინტერვიუში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ გზის მშენებელ კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისში იწურება. ეს კომპანია ხარაგაულში 2021 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
„ხარაგაულელებს იმედი გადაგვეწურა, – ამბობს მაია დევდარიანი, – ვერაფრით დავიჯერებ, რომ ივნისის ბოლომდე აქ ცენტრალურ გზაზე ასფალტი დაიგება“.
რატომ არ გრძელდება ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეკონსტრუქცია, – ამ შეკითხვით გზის მშენებლობის ზედამხედველ კომპანიას მივმართეთ მას შემდეგ, რაც კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენლებს ვერ დავუკავშირდით. „ბლექ სი გრუპის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ყველა ნომერი გამორთულია, გაუქმებულია მეილი. კომპანიის პასუხისმგებელ პირებს ტელეფონის ნომრები შეცვლილი აქვთ. ზედამხედველი კომპანიაც კი მათთან საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ურთიერთობს.
მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელი ზეზვა ხორგუანი გვპასუხობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მაისის ბოლოს გამაფრთხილებელი წერილი გააგზავნა, რომ „ბლექ სი გრუპი“ აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ყველა ვხედავთ, რომ ივნისის ბოლომდე დაბა ხარაგაულში გზის მშენებლობის დასრულება საეჭვოა, – ამბობს ზეზვა ხორგუანი, – საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავის მხრივ ამ კომპანიას კიდევ ერთხელ გააფრთხილებს, თუმცა, ეს გამოსავალი არ არის.
საერთოდ, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას თავისი პროცედურები აქვს, რაც გზის მშენებლობას კიდევ უფრო გააჭიანურებს.
ხარაგაულში, წყალ-კანალიზაციის სისტემების მშენებლობამ გზის პროექტში ცვლილებები გამოიწვია. პროექტი, ფაქტობრივად, ხელახლა შედგა. ხარჯთაღრიცხვაც უკვე მზადაა. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით სანიაღვრე არხები გათვალისწინებული არ იყო. წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობისას გზა ორჯერ გადაითხარა და 4 სმ სისქის ასფალტის დაგება ახლა საკმარისი აღარ იქნება.
„ბლექ სი გრუპი“ თუ გამოჩნდა და ამ გზის მშენებლობა გააგრძელა, სავარაუდოდ, ივლისში დაასრულებს“.
ხომ არ აქვს „ბლექ სი გრუპს“ ფინანსური პრობლემები, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელი ზეზვა ხორგუანი გვპასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, მისივე თქმით, ეს კომპანია ამჟამად გზებს თბილისსა და თერჯოლაში აშენებს.
რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა მდგომარეობის შესაცვლელად და ხარაგაულში გზის მშენებლობის დასაჩქარებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„საერთოდ, „ბლექ სი გრუპი“ პრობლემური კომპანია, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ კომპანიასთან საურთიერთოდ ჩემზე მეტი ძალა, შესაძლებლობა და ბერკეტები გზის მშენებლობის დამკვეთს, – საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ამ უწყებასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. მათ აირჩიეს ყველაზე მოკლე გზა, რომ არსებულ ხელშერულებაში ცვლილება შევიდეს და ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ეს გზა დროულად მოწესრიგდეს.
„დევების ქანდაკებიდან“ ე. წ. მარნის ბინებამდე გზას წყლის სისტემის მშენებელი კომპანია აკეთებს, რადგან ის ვალდებულია, გზას პირვანდელი სახე დაუბრუნოს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თუ უახლოეს დღეებში მოახერხა „ბლექ სი გრუპთან“ მოლაპარკება, სამუშაოების დაწყებას წინ რაღა უდგას?! ჩემი აზრით, ივნისის ბოლომდე დაბა ხარაგაულში გზის დაგება შესაძლებელია. შემდეგ კი სამუშაოები ძირულა-მოლითის დანარჩენ მონაკვეთებზე გააგრძელოს.“
nმუდმივად მტვრიან გარემოში ყოფნამ შეიძლება თუ არა ჯანმრთელობის პრობლემა შეგვიქმნას, – ამ შეკითხვით ექიმ ფთიზიატრს ქეთევან აბრამიშვილს მივმართეთ.
– ზოგადად, მტვერი – საყოფაცხოვრებოა ის, საწარმოო თუ გზაზე წარმოქმნილი, ფილტვებისთვის პრობლემას წარმოადგენს, – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი, – შესაძლოა, განვითარდეს ალერგია, ასთმა, ფილტვის სპეციფიური დაავადება. ჯერჯერობით, ჩვენთვის მტვრისგან გამოწვეული ალერგიით არავის მოუმართავს.
მეც ცენტრალური საავტომობილო გზის პირას ვცხოვრობ და დილიდანვე ფანჯრიდან მტვრის სქელ ფენებს ვხედავ. მუდმივად მტვერში ყოფნა, ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, მავნებელია“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
დაბა ხარაგაულში ცენტრალური გზა უახლოეს დღეებში მოწესრიგდება – კობა ლურსმანაშვილი
ხარაგაულის წვიმის დროს ატალახებულია, თუ მზეა – ყველაფერი მტვრით იფარება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.