მეორე წელია, ხარაგაულში წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს. ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა ტექნიკით რამდენჯერმე გადაითხარა. დაზიანებულია ასფალტის საფარი და ტროტუარები.

„თმენის ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა. ხარაგაულში წყალსადენისა და კანალიზაციის მშენებლობას დასასრული არ უჩანს, – წუხს ხარაგაულელი მაია ბერაძე, – არავინ არაფერს გვეუბნება, არ ვიცით როდის დასრულდება. თუ გაწვიმდა, ტალახია ხარაგაულის ქუჩებში; თუ მზეა, ყველაფერი მტვრით იფარება. ელემენტარულად, სარეცხი ვერ გაგვიფენია.

უკვე რამდენი თვეა, რომ ვითმენთ. რატომ გვაქვს ხარაგაულელებს ამდენხანს თმენის ვალდებულება, ხმა არ უნდა ამოვიღოთ? ახლა გავიგე, რომ შიგა ქუჩების დაქსელვა უნდა დაიწყოს. გალაკტიონისა და 9 აპრილის ქუჩები წინა წლებში უკვე გადაითხრა, მილებიც შეიცვალა და ხელმეორედ გადათხრა რაღა საჭიროა. როდის გვეღირსება ნორმალურ ქუჩაზე გავლა და როდის მოგვეწოდება დაბა ხარაგალის მაცხოვრებლებს წყალი ნორმალურად, გრაფიკის გარეშე?!“.

„ეს მდგომარეობა უკვე გაუსაძლისია, – ამბობს ხარაგაულელი გიორგი მაქაძე, – ძალიან მიხარია, რომ კანალიზაციისა და წყლის სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს აუცილებელია. გასაგებია, რომ მუშაობის პროცესში გზის საფარი დაზიანდა, მაგრამ ოდესმე მშენებლობა ხომ უნდა დასრულდეს“.

ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, პეტრე შარიქაძის ინფორმაციით, „2012-2013 წლებში გალაკტიონისა და 9 აპრილის ქუჩები წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის მართლაც გაითხრა. თუმცა, მისივე, ახლა ქსელი მთლიანად უნდა შეიცვალოს, ეს პროექტითაა გათვალისწინებული“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, „ჩემი ხარაგაულისთვის“ ერთი თვის წინ მოცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხარაგაულის ცენტრალურ გზაზე ასფალტის დაგებას დაიწყებს და ზაფხულს ხარაგაულელები 24-საათიანი წყალმომარაგებითა და კეთილმოწყობილი ასფალტის გზით შევხვდებით“.

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ტენდერები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა. წყალსადენს ხარაგაულში კომპანია „ლ და კ“  აშენებს, ხოლო კანალიზაციას –  „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“.

სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით ირკვევა, რომ ორივე კომპანიამ დამკვეთს 2022 წლის იანვარში სამუშაოების დასრულების გადავადების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ბოლო ცვლილების თანახმად, წყალსადენის მშენებლობა ხარაგაულში მარტში, ხოლო კანალიზაციის – აპრილში უნდა დასრულდეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანისგან მოპოვებული ინფორმაციით, კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა მშენებლობის დასრულების შემდეგ დაზიანებული გზა პირვანდელ მდგომარეობაში უნდა აღადგინოს.

„ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მშენებელმა ორგანიზაციამ ტერიტორია პირვანდელი სახით აღდგენილი უნდა დატოვოს, – მშენებლობის პროცესში თუ ასფალტის გზა დაზიანდა, ასფალტი უნდა დაიგოს, თუ ბეტონის გზა – ბეტონი და ა.შ. ასევეა ხარაგაულშიც“, -ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლელა კიკალეიშვილი.

წყალსადენის მშენებელი კომპანიის „ლ და კ“ ხელმძღვანელ კობა ლომიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს ან არ პასუხობს, ან ტელეფონს გვითიშავს. ამიტომ კომპანიის შესყიდვების სპეციალისტს დავით დანელიას დავუკავშირდით. დანელია ამბობს: „სამუშაოები დასასრულისკენ მიდის და ამ თვეში უნდა დასრულდეს“.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ როდის აპირებენ ხარაგაულში გზის ასფალტის საფარის პირვანდელი სახით აღდგენას, დავით დანელიამ პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამ საკითხზე მის ხელმძღვანელს უნდა გაესაუბროს. ამის შემდეგ, პასუხის მისაღებად, დავით დანელიას რამდენჯერმე დავუკავშირდით. დანელია ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევა ვერ შეძლო, რადგან კომპანიის დირექტორს ვერ უკავშირდება.

„ხარაგაულში კანალიზაციის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, – ამბობს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ დირექტორი ზურაბ ბარჯაძე, – ორი პატარა მონაკვეთი დარჩა – ეს არის ცენტრალურ ქუჩაზე პოლიციის წინ და პურის საცხობთან. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამით ხარაგაულში არსებული კანალიზაციის ქსელი არ უნდა დავაზიანოთ; ისიც მოქმედი უნდა დარჩეს. ამჟამად ხარაგაულში აქტივობები, ჩვენი კომპანიის მხრიდან შეჩერებულია. ახლა სატუმბი სადგურები მზადდება. ეს სადგურები მარტის ბოლოს მზად იქნება და აპრილის შუა რიცხვებამდე მშენებლობა, ალბათ დასრულდება. ამინდები ხელს ძალიან გვიშლის.

მშენებლობისას დაზიანებული საფარის აღდგენა პროექტით გათვალისწინებულია; მაგრამ საუბარია ხარაგაულის შემოსასვლელზე, სადაც კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ გზის ახალი საფარი დააგო; ის ადგილი დავაზიანეთ და „ბლექ სი გრუპმა“ პრეტენზია გამოთქვა, ამიტომ ჩვენ ის ადგილი უნდა აღვადგინოთ.

ცენტრალურ ქუჩაზე მუშაობს ორი კომპანია, – ჩვენი და წყალსადენის მშენებელი კომპანია. გზის საფარი, ტროტუარები მთლიანად იმდენად დაზიანებულია, რომ აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ახალი არ გადაიგო. მანდ მომუშავე კომპანიებმა ნაჭერ-ნაჭერ რომ ასფალტი დავაგოთ, შეუძლებელია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროა დამკვეთი ჩვენიც (წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მშენებელი ორგანიზაციების) და „ბლექ სი გრუპისაც“ და მისი გადასაწყვეტია, როგორ გადაწყდება დაზიანებული ადგილების პირვანდელი სახით დაბრუნება. კანალიზაციის მშენებლობის არსებული პროექტი ცენტრალურ გზაზე მთავარი კოლექტორების გაკეთებას ითვალისწინებს. ამ  კოლექტორზე ახლა მოსახლეობა ვერ ერთდება, რადგან მთავარი გამწმენდი ნაგებობა არ არის.

ჩანაფიქრი ასეთია, – რადგან ცენტრალურ ქუჩაზე გზის საფარი უნდა მოეწყოს, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე მოვასწროთ კომუნიკაციების გაკეთება, რომ „ბლექ სი გრუპს“ ხელი არ შეშლოდა, ეს არის მიზანი. კანალიზაციის მშენებლობის მხრივ ხარაგაულში ჯერ კიდევ დიდი საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი, – ხარაგაულის დანარჩენ ქუჩებზე რომ საკანალიზაციო სისტემა დაიქსელოს და თითოეულ მოსახლემდე მივიდეს. არსებული პროექტი, ცენტრალურის გარდა, სხვა ქუჩების მოწყობას არ ითვალისწინებს. ჩვენ მხოლოდ სოლომონ მეფის ქუჩაზე ვაკეთებთ კანალიზაციის სისტემას, თავისი გადასვლებით მიმდებარე ქუჩებზე და სხვა ქუჩების დაქსელვის შემდეგ მიუერთდება ცენტარლურ მაგისტრალს“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე – გადათხრილი ცენტრალური ქუჩა ხარაგაულში

ამავე თემაზე:

როდის დასრულდება კანალიზაციისა და წყალსადენის მშენებლობა ხარაგაულში