მესამე თვეა, მაღალმთიანი სოფლების ექიმები და ექთნები საშემოსავლო გადასახადზე შეღავათით ვეღარ სარგებლობენ.

2016 წლიდან მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებული ექიმი, დამატებით, სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას, ხოლო ექთანი ერთმაგ ოდენობას იღებდა.

იმერეთში ეს დანამატი 37 ექიმსა და 47 ექთანს უნდა ჩარიცხვოდა; მათგან ხარაგაულში – 6 ექიმსა და 6 ექთანს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზვარეს, წიფას, ხუნევისა და ლეღვანის ამბულატორიებში დასაქმებული მედპერსონალი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„2022 წლის მარტიდან „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაქვემდებარებაში გადაგვიყვანეს, – ამბობს წიფის ამბულატორიის ექთანი ელენა ბანცაძე, – ექვსი წელია, გვერიცხება დანამატი იმდენი, რამდენიც პენსიაა – ამ ბოლოს – 260 ლარი. სამი თვეა, ამ თანხაზე 20% ჩამოგვაჭრეს. ამ დანამატზე აქამდე თუ არ გვექვითებოდა, ახლა რა მოხდა, – ვკითხულობთ და სრულყოფილ პასუხს არავინ გვცემს.

გარდა ამისა, მე, როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ და აქვე დასაქმებულ პირს, საშემოსავლო არც ხელფასიდან მექვითებოდა, რადგან ჩემი წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება. მარტიდან ხელფასზეც 20% მექვითება“.

ზვარის ამბულატორიის ექთან შორენა ნათობიძეს ხელფასზე საპენსიო ფონდში შესატანი თანხაც დაექვითა. მან საპენსიო სქემა 2019 წელს დატოვა. თუმცა, ახლა რატომ დაუქვითეს საპენსიო შენატანი, ნორმალურად არავინ პასუხობს.

„ხელისუფლება გვეუბნება, სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები მოგიმატეთო, – ამბობს შორენა ნათობიძე, – მომატების ნაცვლად მოგვაკლდა. 24 საათის განმავლობაში პაციენტების სამსახურში ვარ. ექიმი სოფელში ყოველთვის არ არის და სანამ ავადმყოფთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივა, ან საავადმყოფოში გადაიყვანენ, მე ვარ მისი პატრონი.

გვეუბნებიან, ხელშეკრულებაში გიწერიათ, ამბულატორიაში ისხედით დილის 10:00 სათიდან 17:00 საათამდეო, პალიატიურ ავადმყოფთან კი თვეში ოთხჯერ მიდითო. ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფს თვეში მხოლოდ ოთხი დღე ეყოფა სამედიცინო დახმარება?! სოფლებში, ძირითადად, მოხუცები დარჩნენ. პაციენტს გადასხმა რომ სასწრაფოდ სჭირდება, რა ვუთხრა, ხელშეკრულებით არ მევალება-მეთქი?!

ზვარის ამბულატორიის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია, თანდათან ინგრევა და იქ გაჩერება საფრთხის შემცველია. რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ერთი შენობის მოწყობა“.

ხუნევის ორდონიანი ამბულატორიის ექიმი ია პაქსაშვილი დანამატის დაქვითვით შეწუხებულია. ის იძულებულია, სხვა სამსახური მოძებნოს.

„ძალიან აღშფოთებულები ვართ, – ამბობს ია ექიმი, – ამ დანამატით მუშაობა კიდევ ღირდა. მოგეხსენებათ, როგორი ინფლაციაა. თუ უკეთესი სამსახური გამომიჩნდა, წავალ. პირველადი ჯანდაცვის ხეირიან რეფორმას საშველი აღარ დაადგა.

ასე თუ გაგრძელდა, მალე სოფლები ექიმისა და ექთნის გარეშე დაგვრჩება. ცენტრიდან ეს პრობლემები არ ჩანს, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ სოფლებში გვიწევს ფეხით სიარული. ახლა ჩვენი საქმიანობის შემოწმებას იწყებენ. შემამოწმე, მაგრამ მუშაობის საშუალებაც მომეცი. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ჩვენც გვკითხონ, რა და როგორ აჯობებს“.

რატომ დაექვითათ მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ ექიმებსა დ ექთნებს დანამატზე საშემოსავლო, – ამის გასარკვევად „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ დავუკავშირდით. ჰოლდინგიდან პრესსამსახურის მენეჯერმა ნათია სორდიამ გვიპასუხა:

„მაღალმთიანის სტატუსის მქონე სოფლებში დასაქმებული ექიმები და ექთნები იღებდნენ დანამატს, რომელიც არ იბეგრებოდა, რადგან მათ ჰქონდათ ინდმეწარმის სტატუსი. შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმების შედეგად, დაბეგვრის რეჟიმი შეიცვალა, რის გამოც დანამატიდან საშემოსავლო გადასახადი იქვითება.

აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმის იურიდიული სტატუსი სოფლის ექიმებსა და ექთნებს არ აძლევდათ შვებულებით, ან ბიულეტენით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, მათთვის ხელმისაწვდომია.

დანარჩენ კონკრეტულ დეტალებს, რაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ექთნების ხელფასის დაქვითვას შეეხება, პროგრამის ხელმძღვანელთან გავარკვევთ და გიპასუხებთ“.

„ცვლილება, რომელიც პირველი მარტიდან შეგვეხო, წინასწარ ხომ შეიძლებოდა რომ ეცნობებიათ, – ამბობს ლეღვნის ამბულატორიის ექიმი აზა ფურცელაძე, – კი ბატონო, ვიყავით მეწარმე ფიზიკური პირი, მერე – მიკრობიზნეს მეწარმე, მაგრამ „სამედიცინო ჰოლდინგზე“ გადასვლის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა ასე თუ შეიცვლებოდა, საქმის კურსში ვინმეს უნდა ჩავეყენებინეთ. სოფლის ექიმებსა და ექთნებს ფინანსურად გაძლიერება და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა გვჭირდება“.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილსოფლის ექიმებსა და ექთნებს უფლებების დაცვას და იურისტებისგან კონსულტაციებს სთავაზობს. მისი თქმით, აუცილებელი იყო, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მხრიდან წინასწარი კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან, რომ მათ ხელშეკრულებებზე ხელი საკუთარ უფლება-მოვალეობებში გარკვევის შემდეგ მოეწერათ.

ნინო კაპანაძე