კულტურულ ცხოვრებაზე კორონავირუსის პანდემია უარყოფითად აისახა. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ 2022 წლის გეგმაც კი სრულყოფილად ვერ შეიმუშავა. ამ ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად ხარჯები 2022 წლის ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებია და დაფინანსების გასაზრდელად ახლა ზრუნავს.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ გაერთიანებულია – 25 ბიბლიოთეკა; სახალხო, ლიტერატურული და თოჯინების თეატრები; ისტორიული მუზეუმი, ქორეოგრაფიული ანსამბლები „უბისი“ და „მთიელი“, ხალხური სიმღერის ანმსაბლები „ოდილა“ და „უბისი“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ხარაგაულის ხმები“.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ 2022 წლის ბიუჯეტი 802 ათასი ლარით განისაზღვრა. ამ ცენტრში დასაქმებული 128 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის 719 ათასი ლარია განსაზღვრული. 2022 წელს ამ გაერთიანებას შვიდი ახალი შტატი დაემატა.
„2018-2019 წლების ზაფხულზე კულტურის ცენტრმა ყველა სოფელში კონცერტები ჩაატარა, ლიტერატურულმა თეატრმა და თოჯინების თეატრმა – სპექტაკლები, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი, –
ამ კონცერტებისთვის სატრანსპორტო ხარჯი გვქონდა. 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, ტრანსპორტის დაქირავებისთვის 4 950 ლარი დავხარჯეთ. 2022 წლისთვის, რადგან პანდემიის პროგნოზირება რთული იყო, სოფლებში ტრანსპორტირების ხარჯი არ დაგვიგეგმავს.
ახლა მდგომარეობა, პანდემიის კუთხით, დასტაბილურდა და ჩვენც კონცერტებს ხარაგაულის სოფლებში აუცილებლად გავმართავთ.
ფოლკლორის ეროვნული ცენტრი რესპუბლიკურ ფესტივალს გეგმავს. ხალხური სიმღერის ანსამბლები ამ ფესტივალში ჩაერთვებიან. ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა ფესტივალებზე უკვე მიიწვიეს.
უახლოეს დღეებში პროგრამასა და ხარჯთაღრიცხვას საკრებულოს წარვუდგენ. იმედია, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების გამოყოფას საკრებულო მხარს დაუჭერს და ხარაგაული ფესტივალებსა და კონცერტებზე ღირსეულად წარდგება.
– ბატონო ნიკო, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შემავალი ორგანიზაციებიდან ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმშია. როდის და რა გზებით გეგმავთ ამ პრობლემების მოგვარებას?
– მუზეუმის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა მოვამზადეთ. 76 ათასი ლარია საჭირო ორი ოთახის გასარემონტებლად, ღობისა და გარე ფასადის განსაახლებლად. მუზეუმს ესაჭიროება ოთახები 300-მდე ფერწერული ტილოსა და მხატვრების ნამუშევრების განსათავსებლად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ორ ვარიანტზე ვმსჯელობთ – შესაძლოა, მუზეუმის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის თანხები წელსვე გამოიძებნოს; საუბარია მუზეუმისთვის ახალი შენობის აგებაზეც.
მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ესაჭიროება, რადგან ინფრასტრუტურა მთლიანად მოძველებულია. ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდება, რომ წელს თუ სარემონტო სამუშაოები ვერ დაიწყო, მომავალ წელს მუზეუმის სრული რეაბილიტაცია, ან ახლის აგება გარდაუვალია.
– ბიბლიოთეკარების ხელფასი 200 ლარს არ აღემატება. რატომ ვერ ხერხდება მათთვის ღირსეული ანაზღაურების გაცემა. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ აპრილიდან სოციალურად დაუცველები სახელმწიფო პროგრამის ფარგლები დასაქმდნენ და ისინი ყოველთვიურად 300 ლარს დაუბეგრავად მიიღებენ. თქვენი აზრით, ეს არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ კლიმატს ხომ არ შექმნის სამუშაო ადგილებზე. ასევე საინტერესოა, რამდენად იყო ამ ახალი შტატების დაშვების რეალური საჭიროება?
– ლოგიკურია, რაზეც თქვენ საუბრობთ – არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ კლიმატსა და არასათანადო ანაზღაურებაზე. ჩვენი ბიბლიოთეკარები ღირსეულ ანაზღაურებას იმსახურებენ, რადგან მათ ყველაზე მძიმე წლებში წიგნადი ფონდი შეინარჩუნეს და ხელფასის გარეშე წლების განმავლობაში იმუშავეს. ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვზრდით მათ ხელფასებს; თუმცა, დღევანდელ ცხოვრებაში ეს არასაკმარისია. პირველ რიგში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში, ხელფასს ბიბლიოთეკარებს მოვუმატებთ.
ახალ თანამშრომლებს რაც შეეხება, გასული საუკუნის 70-80 წლებში ბიბლიოთეკებში გამგე, ბიბლიოთეკარი, წიგნის ამკინძველი, დამლაგებელი ჰყავდათ. ახლა ყველა ამ ფუნქციას ერთი ადამიანი ასრულებს. ვფიქრობ, ზედმეტი არ არის „წიგნის ამკინძველი“. ხარაგაულის 15 ბიბლიოთეკაში დასაქმდნენ ამ სახელმწიფო პროგრამით სოციალურად დაუცველები. სხვა ბიბლიოთეკებშიც არის ამის საჭიროება.
– უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ თანხები ახალი, თანამედროვე ლიტერატურის შესაძენად გამოყოფილიყო?
– ყოველწლიურად საპრეზიდენტო ფონდიდან და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან წიგნების შესაძენად ვაუჩერს ვიღებთ. შარშან ამ პროგრამით 25-ვე ბიბლიოთეკას 500-500 ლარის წიგნები შევუძინეთ. წიგნებს მკითხველების მოთხოვნის შესაბამისად ვყიდულობთ. წიგნების გაცემის განყოფილება ყველაზე მეტად მოთხოვნადი წიგნების შესახებ ინფორმაციას აჯამებს და იმ ლიტერატურას 2-3 თვეში ერთხელ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სახსრებითაც ვყიდულობთ.
განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო ბიბლიოთეკას სჭირდება. ამ ბიბლიოთეკის წიგნების 80% განსაახლებელია და ამისთვის სერიოზული თანხაა საჭირო.
– ბატონო ნიკო, თუ გაქვთ გამოკვლეული, რა საჭიროების წინაშე დგანან სოფლებში ახალგაზრდები; რა კუთხით სჭირდებათ მათ კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობისთვის მხარდაჭერა; რა მოლოდინები აქვთ და თქვენ რას სთავაზობთ?
– განსაკუთრებით მინდა და ჩემი ინტერესია, რომ კულტურული ცხოვრება სოფლებში მაღალ დონეზე იყოს. სამწუხაროდ, „კულტურისა და ხელოვნების ცენტრს“ სოფლებში ამისთვის სათანადო ინფრასტრუტურა არ აქვს. სიღრმისეულად არ გამოგვიკვლევია, თუმცა ვიცი, რომ სოფლებში ცეკვისა და სიმღერის შესწავლის მსურველები არიან. ამ მიზნით სოფლებში მოქმედი სკოლების დარბაზები რომ დავიქირავოთ, დამატებითი თანხა დაგჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს.
„კულტურისა და ხელოვნების ცეტრს“ საკუთარი შემოსავალი, ბოლო ორი წელია, შეუმცირდა. ჩვენი შემოსავალი ბიბლიოთეკის სამკითხველო და კინოთეატრის დარბაზების გაქირავებიდან შემოდიოდა, ასევე კონცერტებზე და სახალხო თეატრის სპექტაკლებზე გაყიდული ბილეთებიდან. 2018 და 2019 წლებში საკუთარმა შემოსავალმა 4 ათას ლარს გადააჭარბა. მაისიდან, იმედია, ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ვმსჯელობთ, რომ მუზეუმში ვიზიტორებისთვის გადასახადი დავაწესოთ. საქართველოში მოქმედ ყველა მუზეუმში შესვლა ფასიანია.
– ბატონო ნიკო, საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ ლიტერატურული თეატრის კრეატიულ ღონისძიებებში ძირითადად, მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ და ადგილობრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ნაკლებად ჩანან. თქვენ რამდენად გაქვთ რეკომენდაციის მიცემის პრაქტიკა ამ თეატრზე იმისთვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული თითოეული სამსახური მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ სურვილებსა და განვითარებაზე?
– სოფელი არ დარჩენილა, ლიტერატურულ თეატრს სპექტაკლი რომ არ გაემართა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თქვენ შეკითხვას რაც შეეხება, სექტემბერ-ოქტომბერში ამ თეატრს დაგეგმილი აქვს სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების დათვალიერების კვირეული. ამ კვირეულის ფარგლებში სკოლების მოსწავლეებისთვის ხელოვნების ღია გაკვეთილები მოეწყობა. ცნობილი მხატვრები ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
საერთოდ, ორგანიზაციას, რაც მეტი ხარჯი აქვს, ის მით უფრო ძლიერი და გამართულია. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ წელს ერთი მილიონი ლარით რომ ფინანსდებოდეს, პირველ რიგში, კინოთეატრსა და ბიბლიოთეკებში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოვაგვარებდი. წყალაფორეთისა და ხევის ბიბლიოთეკები საკუთარ სახლებშია განთავსებული, საღანძილის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი საექიმო ამბულატორიაშია. წელს საღანძილეში ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა და ერთი ოთახი ბიბლიოთეკას დაეთმობა.
მეტი დაფინანსების პირობებში უსინათლოთა პროგრამაში ჩართულ პირებს ტრანსპორტირებას დავუფინანსებდი და თუ ახლა ამ პროგრამაში 14 უსინათლოა ჩართული, მათი რიცხვი გაორმაგდებოდა. სხვათაშორის, ეს პროგრამა რუსთავსა და გორში, ფინანსების არქონის გამო, გაუქმდა.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ თანამშრომლები ყველაზე ღირებულები არიან ამ ცენტრში. მათ ღირსეულ ანაზღაურებას მივცემდი, უფრო მეტად პროდუქტიულები რომ გახდნენ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების