პოეტმა ვალერი გოგნაძემ მეშვიდე პოეტური კრებული – „ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი“ გამოსცა. დღეს, 13 მაისს, ამ წიგნის პრეზენტაციაზე მისი მეგობრები, კოლეგები, პოეზიის თაყვანისმცემლები ხარაგაულის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ.
მათ პოეტის შემოქმედება შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს წიგნი დიდი შენაძენია პოეზიის მოყვარულებისათვის.
„წიგნის დაბადება შვილის დაბადების ტოლფასია, – აღნიშნა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, – ეს „შვილი“ ნამდვილ შემოქმედთან ერთად იზრდება და ვითარდება. ასეა ვალერი გოგნაძის შემოქმედებაში. ბატონ ვალერის თავისი ლექსები ძალიან ჰგავს. მის პოეზიას მშობლიური სოფელ ჩრდილის, ხარაგაულის, ოჯახის, ადამიანებისადმი სიყვარული ასაზრდოებს“.
„რატომ წერენ ლექსებს, – ალბათ იმიტომ, რომ ვერ იტევენ სათქმელს და რითმებს უზიარებენ საკუთარ სიხარულსა და ტკივილს. ეს წიგნი სწორედ სიყვარულით, სიკეთით, პატრიოტიზმით, მომავლის რწმენითაა სავსე“, – ასე შეაფასა პედაგოგმა თეა ტალახაძემ ვალერი გოგნაძის შემოქმედება.
პოეტის მიმართ ბევრი თბილი სიტყვა ითქვა. მას კრებულის გამოცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ხარაგაულელებმა, მისმა კოლეგებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა.
გამომსვლელებმა – ნიკო მაჭავარიანმა, მამუკა ჭიპაშვილმა, ირინე ჩხეიძემ, მერი გიორგიძემ, ნუგზარ ნავაძემ, დავით კიკნაძემ, მარინე ხვედელიძემ, მარინე ვეფხვაძემ, გურამ სახვაძემ, ზეინაბ ბუაჩიძემ, ნიკო დეკანოსიძემ, გიზო თავაძემ, ნუგზარ ყურაშვილმა, ელგუჯა თავბერიძემ აღნიშნეს, რომ სამაგალითოა ვალერი გოგნაძის გულწრფელობა და კეთილშობილება, მისი ერთგულება საქმისადმი.
17 წელია, რაც ვალერი გოგნაძე ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორია. ამ სკოლის მეხუთეკლასელებმა ვალერი გოგნაძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების დასასრულს ვალერი გოგნაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მისი შემოქმედების დაფასებისა და სიხარულის გაზიარებისთვის. მისი სურვილია, რომ ცხოვრებაში მთავარის თქმა მოასწროს. თავისი სულის ეს ფორიაქი მან ლექსით გამოხატა:
რაც თავი მახსოვს, არა ვარ მშვიდი,
ვჩქარობ, არ მიყვარს მოცდა ვადამდე,
ალბათ ამიტომ ყველაზე დიდი
დავივიწყე და გვერდზე გადავდე.
არც ახირება, არც თვითმიზანი,
არც ვინმეს შური მალაპარაკებს,
ჩემი ოშკი და ჩემი ხიხანი,
თუ ვერ მოვასწარ და ვერ ავაგე
ისე ვერ წავალ, დამთავრდა, კმარა,
დავემშვიდობე ყველა სიამეს,
უნდა მოვასწრო, ამიტომ ჩქარა,
ისედაც ბევრი დავაგვიანე.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების