მაისის პირველ შაბათს სოფელ სარგვეშში „ხვიჩაობა“ იმართება. ამით თანასოფლელები პატივს მიაგებენ აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძის ხსოვნას.
„ხვიჩაობა“ 28 წლის წინ სარგვეშის მაშინდელი გამგებლის, რომან შერგელაშვილის, ინიციატივით დაფუძნდა. ხვიჩას ოჯახის წევრებთან ერთად მის საფლავთან სოფლის მოსახლეობა იკრიბება.
ხვიჩა მუმლაძე აფხაზეთში დაღუპული ხარაგაულელი გმირებიდან პირველია. ის 1992 წლის 23 ნოემბერს ოჩამჩირის სოფელ მერკულასთან ბრძოლის დროს მოცელა მტრის ტყვიამ. ხვიჩა მაშინ 25 წლის იყო. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან სერჟანტის წოდებით დაბრუნებული აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა და თავდაცვის სამინისტროს 211-ე მოტომსროლელთა ბატალიონში მსახურობდა. ხვიჩა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე იყო.
იარაღისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო თანამებრძოლებს ხვიჩასთვის „რემბო“ შეურქმევიათ.
…ხვიჩას მტრის ტყვია მეგობრების მისაშველებლად გაქცეულს წამოეწია… ტყვიამ დაცხრილა მისი პასპორტი და შეყვარებულისადმი მიძღვნილი სტრიქონები, რომლებსაც გულის ჯიბით დაატარებდა…
სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
„არ ვიცი, რა სანუგეშო სიტყვა გითხრათ, რით ვუმკურნალო თქვენს ტკივილებსა და ჭრილობებს… თუ სანუგეშო სიტყვა არსებობს, ეს ალბათ, ის არის, რომ დღეიდან თქვენი ოჯახი საქართველოს იმ წმინდა და გმირულ ოჯახთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად იცავენ ერსა და მამულს, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ზურაბ მუმლაძის ოჯახს გამოუგზავნა.
…ეამაყებათ თანასოფლელებს გმირი ჭაბუკი და მის სახელს არასოდეს დაივიწყებენ.
მის ხსოვნას ლექსიც მიუძღვნეს:
„ხვიჩა მუმლაძის ვაჟკაცურ სახელს
ვერ დაივიწყებს ჩვენი სარგვეში,
მისი დიდება უფრო და უფრო
გამობრწყინდება ყველა საქმეში.
ვერც საქართველო ვერ დაივიწყებს
ხვიჩასნაირი ბიჭების ამაგს,
ჩვენ აფხაზეთის დასაბრუნებლად
აუცილებლად ისევე წავალთ“.
შვილის ხსოვნისადმი დაწესებული დღესასწაული ხვიჩას დედას, მზია მუმლაძეს ამხნევებს და ფიქრობს, რომ იმ დღეს თითქოს ხვიჩაც მის გვერდითაა. დედისთვის ყველაზე მძიმე ხვედრი – შვილის სიკვდილი – საამაყო აღმოჩნდა.
ხვიჩას ფუძეზე მისი დისშვილები და მოსახელე დისშვილიშვილები იზრდებიან. მისი გმირობის ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემა.
სამარადისო დიდება გმირებს!
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
სოფელი გმირის სახელს არ ივიწყებს
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების